დავით ზალკალიანი: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი უნდა გადაწყდეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებში, ხოლო სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს ქართული ეკლესიის ფარგლებში, ხოლო სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში.

 

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორც ცნობილია, განიხილავს ამ საკითხს და პირველ რიგში ეს სწორედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს ამ საკითხისადმი დამოკიდებულება კანონიკური ეკლესიის შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით. რაც შეეხება სახელმწიფოს, მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში. ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ არა მარტო დეკლარაციულად მივესალმებით ამას, არამედ საქმითაც ვადასტურებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს არაერთხელ გამოუხატავს კონკრეტული ქმედებებით ეს მხარდაჭერა. მე მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ დეკლარაციები, არამედ საქართველოს მიერ ინიცირებული უკრაინასთან ერთად მრავალი რეზოლუცია გაეროს ფორმატებში, ერთობლივი დეკლარაციები.

 

„გამოხატა როგორც პრემიერ მინისტრმა, ასევე სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებმა, პარლამენტარებმა ეს პოზიცია და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, და გვახარებს, რომელი ნაბიჯიც ამყარებს სახელმწიფოებრიობას. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და სტრატეგიულ ფორმატებში ვთანამშრომლობთ. მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს ეკლესიის ფარგლებში“, განაცხადა ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
Guardian.ge
blogeri: giorgi frangishvili.