თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დიდ დიღომში მდებარე ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც ოთხშაბათ საღამოს აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა.

როგორც „პირველ არხს“ მერიაში განუცხადეს, ჩაუბარებელ კორპუსში ცხოვრება სამართალდარღვევად არ ითვლება.

„2009 წლამდე კორპუსში, რომელიც ექსპულატაციაში არ იყო მიღებული, ცხოვრება სამართალდარღვევად ითვლებოდა, თუმცა კანონი შეიცვალა და ეს კანონდარღვევად აღარ ითვლება“, განაცხადეს მერიაში.

ამასთან, მერიაში აცხადებენ, რომ „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფს“, რომელმაც კორპუსი ააშენა, ექსპულატაციაში მიღების მოთხოვნით მერიისთვის არ მიუმართავს.

ტრაგედიის ადგილას მომუშავე ექსპერტები კი არკვევენ თუ რამდენად უსაფრთხოა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქებით დაზიანებული კორპუსი.

მათი დასკვნის დადების შემდეგ გახდება საბოლოოდ ცნობილი თუ რამდენად მდგრადი და საცხოვრებლად უსაფრთხო იქნება ავთანდილის ქუჩაზე მდებარე 9-სართულიანი ახალაშენებული კორპუსი, რომლის მე-6 სართულზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხშაბათ საღამოს მომხდარ ძლიერ აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის ერთი მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზიანებები კი 8 ადამიანმა, მათ შორის 6-მა მოზარდმა მიიღო.

ექსპერტები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, თუ რა დრო დასჭირდება საბოლოო დასკვნის გამოტანას, მაგრამ პირველადი დათვალიერების მიხედვით ამბობენ, რომ კორპუსისთვის რესტავრაციის ჩატარების შემდეგ ის სავარაუდოდ, საცხოვრებლად ვარგისი უნდა იყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
Guardi
n.ge