გაზის მეურნეობის სპეციალისტის, სოსო სიმონიშვილის განცხადებით, თბილისში გაზის მიწისქვეშა მილების ექსპლუატაციის ვადა 30 წლის წინ ამოიწურა.
მისივე თქმით, მიწაში გაჟონილი გაზი კანალიზაციის მილს აჰყვება ხოლმე სახლებამდე.
” გაზიფიკაციის ქსელის ძირითადი ნაწილი, მსხვილი მილები, რომლითაც ხდება გაზმომარაგება გადის მიწის ქვეშ. თბილისის ცენტრალურ უბნებში გაზიფიკაცია დამთავრდა 1960 წელს, გაზის მიწისქვეშა ქსელის ექსპლუატაციის ვადა არის 30 წელიწადი, ჩვენთან კი 60 წელი გავიდა. ელექტრო-ქიმიური დაცვით, ამ მილებმა იმუშავა 30 წელი, მომდევნო 30 წელი კი იმუშავა დაცვის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ამ მილებმა არა ორი ვადა, არამედ სამი ვადა ამოწურა. ამასთანავე, მიწაში არის ე.წ მოხეტიალე დენები: დამიწება – რკინიგზის, ტრამვაის, მეტროს, “ფიდერების” ამბავიც იყო ჩვენთან აქტუალური, ფაზას იპარავდა ხალხი და მერე ამიწებდა და მრიცხველებს აჩერებდა, ეს ყველაფერი დენს წარმოქმნის, დენი ისედაც წარმოიქმნება, თვითონ დედამიწა გენერირებს დენს, განსაკუთრებით ისეთ გრუნტებში, როგორიც თბილისს აქვს, მოგეხსენებათ, თბილისი წყალზე დგას და ეს არ არის გაფილტრული და გამოხდილი წყალი, ეს არის ელექტროლიტი, ასეთ გარემოში დენი სეირნობს, ზოგჯერ ეს დენი მიწისქვეშა ლითონის მილებზე მოქმედებს ისე, როგორც ელექტროშედუღების აპარატი და პირდაპირ ხვრეტს მილს, თუ მას დამცავი იზოლაციის გარსი დაზიანებული აქვს, ამიტომ აქვს ეს ვადა თორემ ეს რომ არ იყოს, უვადოდ იმუშავებდა. მიწისქვეშა დენები ხვრეტს მილს და იწვევს გაჟონვას. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან, ერთმანეთის პარალელურად არის გაზი, წყლის, ტელეფონის, კანალიზაციის მილები და კაბელები. გაზს აქვს უნარი, შევიდეს და გაჰყვეს ტელეფონის კაბელს, უფრო მეტად კი შევიდეს კანალიზაციის მილში და ნებისმიერ სართულზე ავიდეს. ამიტომ, ხშირად ხდებოდა აფეთქებები ტუალეტში, აბაზანაში”, – განაცხადა სოსო სიმონიშვილმა, “იმედის” ეთერში.
metronome.ge