“ნაგვებო, ფულს ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრების შემსუბუქებისთვის გიხდით”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ დამფუძნებელი, ნინო დანელია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე 12 წლის ბავშვის გარდაცვალებას ეხმაურება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჯართის შესაგროვებლად იყო, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა.

“ნაგვებო, ფულს ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრების შემსუბუქებისთვის გიხდით და არა თქვენს მიერ თქვენთვისვე გამოწერილი პრემიებისა და დანამატებისთვის! ა, უჭირს ქვეყანას, უმუშევრობაა და რა ქნათ? უარი თქვით პრემიებზე, იკმარეთ ხელფასი, უარი თქვით სამსახურებრივ მანქანებზე, ტელეფონის გადასახადზე, ხარჯეთ თქვენს თავზე ნაკლები და ქვეყნის სიღარიბიდან ამოყვანაზე მეტი”!-წერს ნინო დანელია.

12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს თბილისის გარეუბანში, აფრიკის დასახლებაში.

ბავშვი თხრილში ნახეს, სადაც, სავარაუდოდ, ჯართის შესაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.

12 წლის გიგა ბაგაშვილი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო. მას ორი დღე ეძებდნენ მშობლები და პოლიცია.

გიგას ნათესავები ამბობენ, რომ ოჯახს ძალიან უჭირდა და ბავშვი ხშირად დადიოდა ჯართის შესაგროვებლად, რომ მშობლებს დახმარებოდა.

მისი ცხედარი სახლიდან სამ კილომეტრში იპოვეს. იქვე იყო ჯართის მოსაძიებელი ხელსაწყო და ბავშვის ველოსიპედი.

 

ავტორი: გურიის მოამბე