საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკიდან მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველოში ემიგრანტებთან ერთად ჩასვლის კონკრეტული თარიღის დასახელებას აანონსებს.
„ყველამ გავახილოთ თვალები და დავინახოთ თუ რა ხდება. საქართველო იცლება. ივანიშვილს აქვს შეგნებული პოლიტიკა, რომ საქართველო გადააქციოს თავის საკარმიდამოდ, სადაც ქართველები, როგორც ერი, როგორც ხალხი , როგორც მოქალაქეები არიან სრულაიდ ზედმეტები. ეს ხდება ჩვენს თვალსა და ხელს შუა და განსაკუთრებით ბოლო თვეებში და პროცესები მხოლოდ ჩქარდება. სადაც გავიხედავ ყველგან ქართველებია, სულ ახალი ჩამოსული ძირითადად. ეს არის ძალიან ტრაგიკული სიტუაცია. ისტორიაში არ ყოფილა ასეთი გადინება საქართველოდან ქართველების, მთელი ისტორიის განმავლობაში. მივმართავ ყველა იმ ქართველს, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი სამშობლოს ბედი, 10 თებერვალს ლიესში (ბელგია) მე ვუერთდები ქართველთა მსოფლიო კრებას. ამ კრებაზე, ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ქართველ ერს აქვს თავმოყვარეობა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი სამშობლო მიითვისოს ერთმა გაუნათლებელმა მაფიოზმა და მისმა პატარა ჯგუფმა; რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მომავალი და ჩვენი ქვეყანა შეიძლება იყოს განვითარებულ, წარმატებულ ქვეყანათა რიგში. მე ახლა ვხვდები ძალიან ბევრ ქართველს. წელზე ფეხს იდგამენ, წელში წყდებიან მართლა შვილებს მოწყვეტილი დედები, ოჯახებს მოწყვეტილი კაცები იმისათვის, რომ შეინახონ საკუთარი ოჯახები საქართველოში და იმისათვის, რომ გადარიცხონ ფული და ამ ფულის დიდ ნაწილს ითვისებს ის ბანდა, რომელიც დაეპატრონა საქართველოს და ირიგებს უზარმაზარ პრემიებს, იდებს ჯიბეში და მათი ხელფასები იწყება 1 500 ლარიდან. ეს არ არის სამართლიანი სიტუაცია. ქართველებმა უნდა დაიბრუნონ თავისი სამშობლო და ამისათვის უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში. აღარ უნდა გარბოდნენ საკუთარი ქვეყნიდან“, განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ 20 იანვარს ქართველების შეკრება ნიუ იორკში მოხდება, ხოლო 10 თებერვალს ბელგიაში დასახელდება „საქართველოში ერთობლივი ჩასვლის“ კონკრეტული თარიღი.
„მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ქართველები ლიესში, ბელგიაში. ამ შეკრებაზე ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს ბედზე, საქართველოს მომავალზე, იმაზე თუ როგორ უნდა გამოვიხსნათ ჩვენი ქვეყანა, დავგეგმავთ ჩვენს საქართველოში ერთობლივი ჩასვლის თარიღს და პროცესს და ასევე შევარჩევთ ახალ ხალხს იმისათვის, რომ ყველამ ერთად ამ გამოცდილებით გაძლიერებულმა გავაძლიეროთ, გავამდიდროთ და ისევ ხელახლა ფეხზე დავაყენოთ საქართველო“, ამბობს სააკაშვილი Facebook-ზე ახლახან გავრცელებულ ვიდეოში.
https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/447042995831578/