რუსთავის ეპარქია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგია

რუსთავის ეპარქია ერთპიროვნულ და ცალმხრივ გადაწყვეტილებას უწოდებს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ „უკრაინის სასულიერო პირთა ჯგუფისთვის“ ავტოკეფალიის მინიჭებას.

„მსოფლიო ეკლესიის იერარქებს ახსოვთ, რომ უკრაინის ყოფილი ეგზარხოსის მიტროპოლიტ ფილარეტის თვითნებური გამოყოფა დედაეკლესიიდან მათ მიერ უარყოფითად იყო შეფასებული XX ს-ის 90-იან წლებში. მისი დაჯგუფება განკვეთილი იქნა ეკლესიიდან. მიუხედავად ამისა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ ამჯერად ერთპიროვნულად და ცალმხრივად გადაწყვიტა წლების განმავლობაში განხეთქილებაში მყოფ სასულიერო პირთათვის ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსის მინიჭება“, ნათქვამია რუსთავის ეპარქიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსთავის ეპარქია ასევე აღნიშნავს, რომკონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 2019 წლის 6 იანვრის ტომოსი „დუმილით უვლის გვერდს იმ ფაქტს, რომ უკრაინელ მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში რჩება და შესაბამისად, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის ნაწილს წარმოადგენს.“

„უკრაინის რეგიონებს შორის სამ წელზე მეტ ხანს მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება არ უნდა გადაიზარდოს ერთმორწმუნე ერში რელიგიურ დაპირისპირებაში“, წერია განცხადებაში.

ამავე დროს. ეპარქია პოლიტკორექტულობის მაგალითად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების თავშეკავებას „მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო.“

უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, რუსეთის საპატრიარქომ გაწყვიტა ევქარისტული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსთან.

საქართველოს საპატრიარქო თავს იკავებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისგან, წმინდა სინოდს, ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია, თუმცა მაღალი იერარქიის ცალკეული სასულიერო პირები კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ეთანხმებიან.

radiotavisupleba.ge