სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს ეწვია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს ნატოში, ევროკავშირში, ევროკომისიასა და ევროსაბჭოში.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში ვიზიტების პარალელურად შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს ბელგიის სამეფოში.

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის პირველი ვიზიტის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე ნატოს გენერალურ მდივანთან, და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, მიმოიხილოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს დღის წესრიგს.

“პრეზიდენტს ექნება საშუალება, დეტალურად მიმოიხილოს, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე პრაქტიკულ განზომილებაში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი.
მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთულია და მარტში გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, რაც შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება”, – აღნიშნა ალექსანდრე მაისურაძემ.

დაგეგმილია შეხვედრები ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.