საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უნდა დასრულდეს დრო, როდესაც ქუთაისის აეროპორტიდან მოქალაქეები ევროპაში წასასვლელად ცალმხრივ ბილეთს ყიდულობენ და უკან აღარ ბრუნდებიან.
10 თებერვალს “ერთად სახლში” თანამემამულეთა მსოფლიო კრებას გამართავს ბელგიაში, ლიეჟში და ამის შემდეგ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.
“ლიეჟში ვისაუბრებთ საქართველოს ბედზე და მომავალზე, დავგეგმავთ საქართველოში ერთობლივი ჩასვლის თარიღს და პროცესს. შევარჩევთ ახალ ხალხს, რომ ამ გამოცდილებით გამდიდრებულებმა გავაძლიეროთ, გავამდიდროთ და ხელახლა ფეხზე დავაყენოთ საქართველო. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს. როგორც არასდროს, ვარ მონდომებული ამის გასაკეთებლად” – აღნიშნა ემიგრანტებისადმი მიმართვაში ექს-პრეზიდენტმა. თუმცა, მისი დაპირების მიუხედავად, ექს-პრეზიდენტს სამშობლოში არ ელიან…
თუ როდის დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ არ იცის. თუმცა ამბობს, რომ საზოგადოების თანადგომა სააკაშვილისადმი იზრდება, ამიტომ იმედოვნებს, რომ ამ თარიღს ექს-პრეზიდენტი თავად მალე დაასახელებს:
„სააკაშვილისთვის ემიგრანტებთან შეხვედრა უპირველეს ყოვლისა, არის ხალხთან კომუნიკაცია. ადამიანს, რომელსაც შეზღუდული აქვს ამ რეჟიმის გამო საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა, ბუნებრივია, როგორც ქართველ პოლიტიკოსს სურვილი აქვს ხალხთან ურთიერთობისა. საქართველოდან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის ეკონომიკური მიზეზების გამო, თუმცა ასევე პოლიტიკური დევნის გამო. ეს ყველაფერი კი მას ძალიან კარგად ესმის ამიტომ სააკაშვილის მიზანია, რომ ემიგრანტებთან ერთად დაბრუნდეს საქართველოში.
იმისთვის, რომ მათ საქართველოზე იმუშაონ და არა იმ ქვეყნების ეკონომიკები გააძლიერონ, სადაც ამჟამად იმყოფებიან. ეს შეხვედრა შედეგიანი უკვე არის. ბრუკლინში ჩატარებულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ინტერესი და თანადგომა მიხეილ სააკაშვილისადმი იზრდება. საზოგადოება უფრო და უფრო მეტად აცნობიერებს, რომ იყო სირთულეები, პრობლემები, მაგრამ ის პერიოდი, რაც საქართველომ გამოიარა და რომელსაც ეს რეჟიმი სისხლიან 9 წელიწადს ეძახის, იყო ქვეყნის წინსვლის და ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდი“, – გვითხრა ბარამიძემ.
სააკაშვილის თანაგუნდელი “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრების შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ქვეყნის და მოქალაქეების მძიმე პრობლემების მოსაგვარებლად, აუცილებელია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
“როდესაც სპორტული ფედერაციის თავმჯდომარეები, რომლებიც სინამდვილეში არიან ქურდული „ოცნების“ ზონდერები, ურტყამენ ევროპის ჩემპიონებს, როდესაც ცემა-ტყეპა გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ტელევიზიის ეკრანზე მთავარი ახალი ამბავი, როდესაც ცემა-ტყეპა გახდა ჩვენი ცხოვრების ნორმალური წესი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგოლ ვაშაძემ.
“გაერთიანებული ოპოზიცია – „ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ოპოზიციის გეგმებში არ შედის, თუმცა საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავენ.
“მიხეილ სააკაშვილთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ვიცი რას აპირებს, მას თავისი პარტია და კონკრეტული მხარდამჭერები ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთო გაერთიანებაში ვართ, არ ნიშნავს იმას, რომ დაკავებულები ვართ მისი ჩამოყვანით ან გაყვანით. რევოლუცია კატეგორიულად მიუღებელია და ამ საკითხზე ჩვენი მხრიდან ლაპარაკი არ არის. ვადამდელი არჩევნები, საარჩევნო გარემოს ცვლილება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არის ჩვენი მთავარი მოთხოვნები.
ახლა მთავარი ისაა, რომ კონსულტაციები დავიწყოთ ხელისუფლებასთან, „ოცნება“ კი ცოცხალი თავით ამას არ აკეთებს. ამიტომ ვაპირებთ მთლიანად მთელი ოპოზიციური ველის გაერთიანებას ამ მოთხოვნების გარშემო, მოსახლეობაში გასვლას და ხელმოწერების შეგროვებას. ეს ძალიან სერიოზული პროცესი იქნება, სადაც უამრავი ადამიანი ჩაერთვება.
მოკლედ პოლიტიკური პროცესის გამოცოცხლებას ვაპირებთ. გვინდა, შევქმნათ ახალი პოლიტიკური გარემო და კულტურა. გვინდა ყოველგვარი რევოლუციების გარეშე მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე საზოგადოების მხრიდან. საპროტესტო გამოსვლები ალბათ საჭირო იქნება, იმიტომ, რომ ხელისუფლება თუ არ მოგვაქცევს ყურადღებას, სხვა ბერკეტი არ გვრჩება. ჩვენ გამოვიყენებთ კონსტიტუციით დაშვებულ მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია, მივაწვდინოთ ხმა ხელისულეფლებას” – განუცხადა AMBEBI.GE-ს გამყრელიძემ.