21 იანვარს, გამთენიისას ისრაელის საბრძოლო ავიაციის F-16I Sufa გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა ძლიერი საჰაერო შეტევა განახორციელეს დამასკოს აეროპორტზე.

ისტორია მეორდება – თუკი აგვისტოს ომში ქართველი მეზენიტეები ისრაელისგან ნაყიდ “სპაიდერის” საზენიტო რაკეტებს რუსულ მოიერიშე და ბომბდამშენ თვითმფრინავაბეს ესროდნენ, დღეს უკვე ისრაელი ბომბავს იმ რუსულ საზენიტო “პანცირებს”, რომლებიც მოსკოვმა სირიას მიაწოდა.

21 იანვარს, გამთენიისას ისრაელის საბრძოლო ავიაციის F-16I Sufa გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა ძლიერი საჰაერო შეტევა განახორციელეს დამასკოს აეროპორტზე.

სირიელი გენერლების მტკიცებით, მათმა საჰაერო თავდაცვამ 30-მდე ებრაული ფრთოსანი რაკეტა და მართვადი საავიაციო ბომბი გაანადგურა, თუმცა ისრაელის დაზვერვა საპირისპიროს აცხადებს – საჰაერო დარტყმების შედეგად

ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ის დანაყოფია განადგურებული, რომელიც სირიის დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა, გარდა ამისა აფეთქებულია სირიის საჰაერო თავდაცვის რამდენიმე ობიექტი, მათ შორის რადიოლოკატორები და ერთი “პანცირის” ტიპის მობილური საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო დანადგარიც.

საზენიტო “პანცირები”,რომლებიც თავად რუსეთის არმიისთვისაც ახალ ხილად ითვლება, კრემლმა ბაშარ ასადის რეჟიმს სამიოდე წლის წინ მიაწოდა, ხოლო გასულ წელს კი სირიაში სასწრაფოდ С-300 ტიპის შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიც გადაისროლა, მას შემდეგ, როდესაც სირიელებმა С-200-ის რაკეტით ისრაელის F-16I Sufa -ს ნაცვლად, რუსული ოთხძრავიანი სადაზვერვო Ил-20 ჩამოაგდეს და 15 რუსი ოფიცერი მოკლეს.

ასადის რეჟიმს ძვირადღირებული საზენიტო სისტემები “ისლამურ სახელმწიფოსთან” სახმელეთო ბრძოლებში სულაც არ სჭირდებოდა, თუმცა ისინი ისრაელის საჰაერო შეტევების მოსაგერიებლად იყო განკუთვნილი.

მიუხედავად ამისა, ისრაელის ავიაცია მაინც წარმატებით ახორციელებს წერტილოვან საჰაერო დარტყმებს – მისი თვითმფრინავები ხმელთაშუა ზღვის აკვატორიის თავზე უშვებენ რაკეტებს და მართვად ბომბებს, ისე, რომ არ შედიან სირიის საჰაერო სივრცესა და “პანცირების” მოქმედების ზონაში. სირიელ მეზენიტეებს ისღა დარჩენიათ უკვე გაშვებული რაკეტებისა და ჩამოგდებული ბომბების მოგერიებაზეღა იფიქრონ.

რუსეთის მიერ სირიისთვის მიწოდებული С-300 -ის საზენიტო რაკეტები ისრაელის F-16I Sufa -ებს ხმელთაშუა ზღვის თავზეც მისწვდება, მაგრამ ისინი სირიელებს ჯერ რატომღაც არ გამოუყენებიათ.

ამ ბლოგის ბევრ მკითხველს, ალბათ ემახსოვრება 2008 წლის აგვისტოს ომამდე გავრცელებული ვოდეკადრები, როდესაც აფხაზეთის თავზე მფრენი, ისრაელისგან ნაყიდი უპილოტო სადაზვერვო “ჰერმესის” ვიდეოკამერა ბოლო წამებს აფიქსირებს – ორკილიანი გამანადგურებლის (დიდი ალბათობით რუსული МиГ-29) მიერ გამოშვებული “ჰაერი-ჰაერი” კლასის რაკეტა სწრაფად როგორ ეწევა “ჰერმესს” და ვიდეოკადრებიც ქრება…

ამჯერად ისრაელის დაზვერვის მიერ გავრცელებული ვიდეკადრები, როდესაც მართვადი რაკეტის სამიზნე “სიკვდილის ბუზივით” აჯდება რუსულ-სირიულ “პანცირს” და … ერთგვარ “შურისძიებად” შეიძლება იქნეს აღქმული – 11 წლის წინ “ჰერმესის” ჩამოგდება არ შეარჩინეს…
kvirispalitra.ge
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.