უმრავლესობის გაფართოებული შეხვედრა რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი შეხვედრის დროს?!

რა ვერდიქტს გამოიტანს ბიძინა ივანიშვილი “არაგუნდურობაში” დადანაშაულებული პარტიის წევრებისათვის და რა პასუხები ექნებათ ეკა ბესელიასა და მის მხარდამჭერ “ამბოხებულებს” – დიდი გარჩევა ხვალ, ხუთშაბათს უნდა შედგეს. უმრავლესობის სხდომა უკვე ჩაინიშნა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ეს არის პირველი დიდი შეკრება “ოცნებაში” მას შემდეგ, რაც უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიის გამო პარტიაში დიდი ურთიერთლანძღვა დაიწყო და ივანიშვილმა გავრცელებულ განცხადებაში ეკა ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა.

საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრს უკვე გადაეგზავნა სხდომაზე დასწრების მოწვევა და სწორედ ამ შეკრებაზე დასასწრებად ეკა ბესელია წყვეტს სტრასბურგში ვიზიტს და თბილისში ბრუნდება.

მთავარი კითხვაა, რამდენად ხმაურიანი იქნება ეს შეკრება, დაპირისპირებული მხარეები რა ბრალდებებს წაუყენებენ ერთმანეთს ან საერთოდ წაუყენებენ თუ არა და რა ბედი ელით ბესელიასა და მის მხარდამჭერებს – მხოლოდ გაკიცხვა თუ შესაძლოა, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არაგუნდურობისათვის პარტიიდან გაუშვან კიდეც.

“შეხვედრა 24 დეკემბერს, 11 საათზე პარტია “ქართული ოცნების” ოფისში გაიმართება”, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

მისი თქმით, სხდომაზე მიწვეულია უმრავლესობის ყველა წევრი და საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის – სასამართლოსთან დაკავშირებულ თემაზეც. მისივე თქმით, მსჯელობა ასევე იქნება პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, იმსჯელებენ პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ მოხსენებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასა და კომიტეტების მუშაობის ანგარიშებზე.

თალაკვაძის მიერ ჩამოთვლილი საკითხებიდან მთავარი ინტერესი მოსამართლეების თემის განხილვის მიმართაა, რადგან სწორედ ამ თემას უკავშირდება “ოცნებაში” არსებული კრიზისიც.

რა საკითხებს დააყენებენ და რა მოლოდინები აქვთ ე.წ. ამბოხებულებს?

ეკა ბესელია სტრასბურგიდან აცხადებს, რომ ის წყვეტს ვიზიტს და აუცილებლად ჩამოვა სწორედ სხდომაზე დასასწრებად.

“ჩამოვდივარ ამისთვის და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმისა და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩემი მოლოდინია, რომ ეს სამუშაო შეხვედრა იყოს რაც შეიძლება საქმიანი და მოხდეს არგუმენტებისა და ჩვენი მოსაზრებების გაზიარება იმიტომ, რომ ჩვენ ამ თემაზე არ გვქონია მსჯელობა დეკემბრის მოვლენების ბოლო კვირის შემდეგ”, – განაცხადა ბესელიამ.

ე.წ. ურჩი დეპუტატების გუნდიდან სავარაუდო გარიცხვის თემაზე საუბრისაგან ბესელია თავს იკავებს.

“ცალკეულ განცხადებებსა და არასერიოზულ გამონათქვამებზე არ მინდა, ახლა რაიმე რეაგირება გავაკეთო”, – აღნიშნავს ბესელია.

პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მოსამართლეთა სიის კრიტიკის გამო მათი ამბოხებულებად მონათვლა არასწორია.

“მე მგონი, ის ადამიანები უფრო არიან ამბოხებული, ვინც ჩინჩალაძის მხარის დაჭერას უპირებენ. ისინი მიდიან დინების საწინააღმდეგოდ და მოსახლეობისა და ჩვენი ამომრჩევლის საწინააღმდეგო ნებაზე. შესაბამისად, ამბოხი უფრო იქით არის, ვიდრე აქეთ.

“ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვდგავართ, ჩვენს პრინციპზე ვდგავართ, ჩვენ ჩვენი მორალური პლატფორმა გაგვაჩნია, რომელიც თანხვედრაშია მოსახლეობის უმრავლესობასთან… ჩვენ ვაპირებთ ამ პოზიციის დაფიქსირებას. ჩვენ ვაპირებთ ყველას დარწმუნებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოებრივი საქმის გაკეთება”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

კიდევ ერთი “ურჩი” დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ კონკრეტულად რა საკითხებს დააყენებს, ეს წინასწარ დაგეგმილი არ აქვს, რადგან არ იცის, დისკუსია როგორ წავა. ფოფხაძე აცხადებს, რომ გუნდურობის დარღვევაზე პრეტენზიას არ იღებს და არავისთან თავი სამართლებელი არ აქვს.

“არ ვიცი, დისკუსია როგორ წავა და აქედან გამომდინარე, ამაზე იქნება დამოკიდებული ჩემი აქცენტები. ჩემთვის მთავარია, ღირსეული ადამიანები უზენაეს სასამართლოში და არანაირ პოლიტიკურ კონიუნქტურას არ უნდა შეეწიროს ეს საკითხი.

“რაც შეეხება ჩვენი არაგუნდურობის საკითხს, ეს ძალიან არარელევანტურია ამ ვითარებაში. ამ პრეტენზიას არ ვიღებ. ჩემი აზრით, ეს პოზიცია რომ არ დაგვეფიქსირებინა და ეს პროცესი არ გაგვეჩერებინა, პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდოდით და ძალიან ცუდ გადაწყვეტილებას მიიღებდა პარლამენტი. ეს პროცესი უნდა გაჩერებულიყო და ახლა ვცდილობთ პროცესის ლოგიკურ, სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, რომ მას ნდობა ჰქონდეს და ეს რატომაა არაგუნდურობა?!

“ჩვენ რა გვაქვს თავის გასამართლებელი, ვისთან გვაქვს თავი გასამართლებელი?! არ დამირღვევია გუნდურობა და ამას ყველგან ვიტყვი. ბატონ ბიძინასაც ვეტყვი. მოსარიდებელი არაფერი მაქვს, სწორ პოზიციაზე ვდგავარ”, – ამბობს “რეზონანსთან” ფოფხაძე.

მისი თქმით, როგორ წავა შეხვედრა, წინასწარ ვერაფერს იტყვის, მაგრამ იტყვის, რა უნდა მოხდეს.

“საქმეები კი არ უნდა გავურჩიოთ ერთმანეთს – ვინ არ გამოიჩინა გუნდურობა და ვინ რას ლობირებდა – არამედ უნდა შევთანხმდეთ, რომ მთავარი მიზანია ღირსეული ადამიანების მოყვანა უზენაეს სასამართლოში და ამ მიზნისათვის პროცედურები უნდა გაიწეროს…

“თუ ვიღაცას ჩემი ქცევა არ მოსწონს და ჰგონია, რომ ამის გამო უნდა მისაყვედუროს, მაპატიეთ, პატარა ბავშვი არ ვარ და იმედია, მშობლების დაბარებასაც არ დაიწყებენ იმის გამო, რომ ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს”, – ამბობს ფოფხაძე.

კითხვაზე, ელოდება თუ არა მისი ან ბესელიას გუნდიდან წასვლის საკითხის დასმას, პასუხობს, რომ “ეს საკითხები ახლა აქტუალური არ არის და ამაზე აქცენტირება სწორი არ იქნება”.

“მე ამაზე არც ვფიქრობ იმიტომ, რომ არასწორი იქნება ამ თემების წინ წამოწევა. ეს გადაფარავს არსებით თემას. მაშინ მეც მაქვს რაღაც პრეტენზიები და წამოვაყენებ. სანამდე მივალთ?! ახლა კონფლიქტი არავისთვის არ იქნება სასარგებლო და სჯობს, ჩვენი დრო, ინტელექტუალური რესურსი მივმართოთ სწორი გადაწყვეტილების მიღებისაკენ”, – დასძენს ფოფხაძე.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ამ შეკრებაზე ბესელიასა და მის ჯგუფს უმრავლესობიდან გარიცხავენ.

“დაპირისპირების გარჩევა იქნება, მაგრამ ეს რადიკალურ გადაწყვეტილებამდე არ მივა. შეიძლება, ბესელიამ პრეტენზიები წამოაყენოს, მაგრამ წამოაყენებს არა ივანიშვილის მისამართით, არამედ ამ ახალგაზრდა გუნდის წინააღმდეგ.

წყარო რეზონანსი