რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:
“რა ქნას მეტი ამ კურიერმა და რ2მა? სამარცხვინო ხელისუფლების მიერ ფარჩაკ პროვინციად ქცეული, ღატაკი ქვეყნის ტელევიზიაა და საერთაშორისო მასშტაბით მუშაობს და მსოფლიო დონის პროდუქტს ქმნის (BBC ჩვენი ექსკლუზივით გავიდა დღეს ეთერში).
მოკლედ, პელეა კურიერი და ქედს ვიხრი მთელი გუნდის წინაშე არა როგორც მათი ხელმძღვანელი, არამედ როგორც მათი მაყურებელი და გულშემატკივარი საქართველოს რიგითი მოქალაქე. რ2ია ერთადერთი დარჩენილი მაღალი ხარისხის ნიშანი ამ ბნელში და უკუნში. აბა თქვენ იცით ბიჭებო და გოგოებო ❤️
პერსონალურად შენ ჩემი უდიდესი სიყვარული, აღიარება და აპლოდისმენტები Nodar Meladze “- წერს ნიკა გვარამია.
“კურიერი” მსოფლიო მედიის ეპიცენტრში აღმოჩნდება. მამაკაცი, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია უკვე სამი წელია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებს, „კურიერმა“ ქართველ სამართალდამცველებზე ადრე იპოვა. მკვლელობაში ბრალდებული ჯეკ შეპარდი, რომელსაც მსოფლიო მედია, ბრიტანული სკოტლანდ იარდი, ინტერპოლი და ქართული პოლიცია ერთდროულად ეძებს, დღეს “კურიერმა” აღმოაჩინა.
შეპარდი სამართალდამცველებს საკუთარი ნებით, „რუსთავი 2“-ის კამერის წინ ჩაბარდა, თუმცა მანამდე “კურიერის” ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, ბრიტანული სკოტლანდ იარდი მას იმ დანაშაულში ედავება რაც არ ჩაუდენია. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.
ჯერ შეპარდი მეგობარ გოგონასთან, 24 წლის შარლოტა ბრაუნთან ერთად, კატერით სეირნობდა. შარლოტა კატერის ამობრუნების დროს დაიღუპა. ჯეკი ჰყვება, რომ ბრიტანული სკოტლანდ იარდისმიერ გავრცელებული ვერსია, თითქოს ის კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა არასწორია და ის საჭესთან საერთოდ არ მჯდარა.
ჯეკ შეპარდი ყვება, რომ ბრიტანულ პოლიციას ის, გოგონას მამის გავლენების გამო გაექცა, რომელიც ჩინოვნიკია და შეეძლო სასჯელაღსრულების სისტემაზე გავლენა მოეხდინა.
შეპარდს 6 წლიანი პატიმრობა გასული წლის ივლისში მიუსაჯეს. ის ბოლოს, ლონდონის სასამართლოში, 26 იანვარს იმყოფებოდა, თუმცა წაყენებულ ბრალს არ დაეთანხმა, რის შემდეგაც ის სასამართლომ უპირობო თავდებით გაუშვა. ჯეკ შეპარდი, ამის შემდეგ პროცესზე აღარ გამოცხადებულა.
ქართულ სასამართლოში ბრიტანელი ბრალდებულის უფლებებს ქართველი ადვოკატები დაიცავენ. მარიამ კუბლაშვილი და ტარიელ კაკაბაძე შეეცდებიან გამოძიება დაარწმუნონ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და მათი დაცვის ქვეშ მყოფს ტრაგედიაში ბრალი არ მიუძღვის.