ვენესუელაში რევოლუცია დაიწყო – მოვლენების ქრონიკა

2018 წლის მაისში ვენესუელაში ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ნიკოლას მადურომ, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურის პოსტი მისი წინამორბედის, ანტიამერიკული და პრორუსული განწყობებით ცნობილი უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.

ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია, რის გამოც არაერთხელ ჩატარდა მასობრივი საპროტესტო აქციები მადუროს გადადგომის მოთხოვნით, თუმცა, შეიარაღებული ძალების და არაოფიციალური ზონდერ-ბრიგადების დახმარებით, მან ძალაუფლება შეინარჩუნა.

2018 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ ამომრჩეველთა ხმების 68% მიიღო. ამ არჩევნებმა გამოიწვია დასავლეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნების დიდი ნაწილის აღშფოთება, პროტესტის ნიშნად 14 ქვეყანამ გაიწვია ელჩები ვენესუელადან.

არჩევნების შედეგები აღიარა რუსეთმა.

ინაუგურაცია ჩატარდა დიდი დაგვიანებით – 2019 წლის 10 იანვარს.

ახალი წლიდან გამწვავდა ურთიერთობები პარლამენტს და პრეზიდენტს შორის, რადგანაც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობაში ოპოზიციაა.

21 იანვარს ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ პარლამენტი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, რაც მასობრივი პროტესტების მიზეზი გახდა.

დაწყებული გამოსვლები ყველაზე მასობრივია 2017 წლის შემდეგ – მაშინ საპროტესტო აქციები გადაიზარდა შეიარაღებული შეტაკებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შედეგადაც დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი. მაშინაც პროტესტის მიზეზი გახდა პარლამენტი – მადურომ მიიღო საკანონმდებლო ორგანოს დაშლის გადაწყვეტილება, რასაც არ დაეთანხმნენ დეპუტატები.
2019 წლის 23 იანვარს კარაკასში ჩატარდა მრავალათასიანი მიტინგი, რომელზეც პარლამენტის სპიკერმა ხუან გუაიდომ თავისი თავი სახელმწიფოს მეთაურად გამოაცხადა, მანამდე, სანამ ქვეყანას დროებითი მთავრობა მართავს. მან ასევე განაცხადა, რომ ჩაატარებს ვადამდელ არჩევნებს და გააგრძელებს პროტესტს მანამ, სანამ „ვენესუელა არ გათავისუფლდება“.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მადუროს გადადგომისკენ და გუაიდოსთვის ძალაუფლების გადაცემისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად აღიარა ხუან გუადო ვენესუელას პრეზიდენტად.
თუმცა, ნიკოლას მადურო არ დანებდა და აგრძელებს ბრძოლას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. მან ჩაატარა თავისი მომხრეების მიტინგი, სადაც გამოაცხადა აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე. მან ამერიკელ დიპლომატებს 72 საათის მანძილზე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა და დაადანაშაულა ვაშინგტონი ვენესუელას გახლეჩის და მისი დემოკრატიის დანგრევის მცდელობაში.

ვენესუელას მოსახლეობის რეაქცია

უკვე რამდენიმე დღეა ვენესუელას სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც პერიოდულად გადაიზრდება ხოლმე შეტაკებებში მომიტინგეებს, პოლიციას და ეროვნულ გვარდიას შორის.
პოლიცია ძირითადად იყენებს ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს, თუმცა, ვითარების სიმწვავიდან გამომდინარე, ზოგჯერ საქმე მიდის საბრძოლო იარაღის გამოყენებამდეც – არსებული მონაცემებით, შეტაკებების შედეგად მოკლულია 16 კაცი, მათ შორის 13-ის დაღუპვა უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური კონფლიქტების ლაბორატორიის“ მონაცემებით, დაკავებულია ოპოზიციის 150-ზე მეტი აქტივისტი.

შეირაღებული შეტაკებები მოხდა ასევე კარაკასის ერთ-ერთი უბანში, თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საერთაშორიო რეაქცია

აშშ-ს გარდა, ხუან გუაიდოს პრეზიდენტობა აღიარა ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანამ – ბრაზილიამ, პარაგვაიმა, პერუმ, კოლუმბიამ, ჩილემ, ეკვადორმა, კოსტა-რიკამ და არგენტინამ.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპა გაერთიანდება ვენესუელას დემოკრატიული ძალების მხარდასაჭერად.

„მადუროსგან განსხვავებით, პარლამენტს, მათ შორის ხუან გუაიდოს, ქვეყნის მოქალაქეებისგან გააჩნია დემოკრატიული მანდატი, “ – განაცხადა ტუსკმა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ მოუწოდა მხარეებს პოლიტიკური პროცესის დასაწყისისკენ, რომელიც მიიყვანს ქვეყანას ჭეშმარიტად თავისუფალ არჩევნებამდე.
როგორც მოსალოდნელი იყო, მადუროს მხარი დაუჭირა რუსეთმა.

კერძოდ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტოს წარმომადგენელმა მარია ზახაროვმა დაწერა პოსტი ფეისბუკში, სადაც აკრიტიკებს დასავლეთს სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გამო.

„ვენესუელას მაგალითზე კარგად ჩანს, როგორია ე.წ. დასავლური პროგრესული საზოგადოებრიობის რეალური დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტის და ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპისადმი,“ – წერს ზახაროვა.

ეკონომიკური კატასტროფა

ვენესუელა ფლობს მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდ მარაგს და ამ მაჩვენებლით უსწრებს საუდის არაბეთს და რუსეთს – საუბარია 300 მლრდ ბარელზე, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე რუსეთში.

თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანაში შეიქმნა უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა – ამის მიზეზი გახდა ჯერ კიდევ უგო ჩავესის დროს ჩატარებული უხეში სოციალისტური ექსპერიმენტები, სახელმწიფო სიმდიდრეების ნაციონალიზაცია და უცხოელი ინვესტორების განდევნა.

ამას დაემატა არაკომპეტენტური მმართველობა – მაგალითად, მადურო იყო უგო ჩავესის მძღოლი, შესაბამისი მმართველობითი უნარ-ჩვევებით, ასევე მაღალი კორუფცია და უმძიმესი კრიმინოგენული ვითარება – კერძოდ, ვენესუელას დედაქალაქი იკავებს მესამე ადგილს მსოფლიოში მკვლელობების რაოდენობის მხრივ. მთლიანობაში კი ვენესუელა, კრიმინოგენული თვალსაზრისით, მსოფლიოში მე-2 ადგილზეა – ქვეყანაში ყოველწლიურად 100 000 ადამიანზე 52 მკვლელობა მოდის.

შედარებისთვის, საქართველოში ეს მაჩვენებელი შეადგენს 2,6-ს 100 000-ზე, ევროპაში კი – 1-ს.

შექმნილი მდგომარეობის გამო ვენესუელა საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება, მას თითქმის არა აქვს კონტაქტები მოწინავე ლათინოამერიკულ ქვეყნებთან, ვენესუელას წინაამღდეგ მოქმედებს ამერიკური სანქციები.

2018 წელს ვენესუელას ეკონომიკა შემცირდა 18%-ით, ჰიპერინფლაციამ შეადგინა 1 700 000%. ქვეყანაში ასევე აშკარაა სურსათის და ძირითადი მოხმარების საქონლის მწვავე დეფიციტი. ხშირად ელემენტარული ნივთების შესაძენად მოსახლეობას რამდენი საათის მანძილზე რიგებში დგომა უწევს , სადაც წესრიგს შეიარაღებული ძალების ქვეგანაყოფები იცავენ.

მადუროს რეჟიმი სარგებლობს რუსეთის მხარდაჭერით – 2017 წლის ნოემბერში რუსეთმა აპატია კარაკასს სახელმწიფო ვალი, რომელიც 3,15 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ამ დროისთვის ხუან გუაიდოს დროებით მმართველობას არ აღიარებს თავდაცვის სამინისტრო – ამ უწყების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლოპესმა განაცხადა, რომ ჯარი რჩება კონსტიტუციის და ვენესუელას სუვერენიტეტის გარანტად.
ექსპერტთა აზრით, ეს არც არის გასაკვირი – სწორედ მაღალჩინოსანი გენერლები არიან მადუროს რეჟიმის დანაშაულებრივი საქმიანობის პირდაპირი თანამონაწილეები და სავარაუდოდ, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში მათ სერიოზული პრობლემები ელით.

თენგიზ აბლოთეა.
commersant.com.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.