რას ნიშნავდა ტრამპის განცხადება, რომ “საქართველოს მიმართ სიტუაცია რთულია” და რა გზავნილები მიიღო თბილისმა რეალურად ალიანსის ბოლო სამიტიდან, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება სამხედრო ექსპერტი გურამ ნიკოლაიშვილი.
_ ბატონო გურამ, 12 ივლისს დონალდ ტრამპმა ბრიუსელში განაცხადა, რომ საქართველოს გარკვეულ დროს ექნება ალიანსში შესვლის შანსი, მაგრამ ახლა არაო. ერთი შეხედვით მკაფიო განცხადებაა, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მას მაინც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თქვენ როგორ გაიგეთ ეს განცხადება: რა გვითხრა რეალურად თეთრი სახლის მესვეურმა?
_ საერთოდ ეს სამიტი ჩვენთვის არაფერს ნიშნავდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, დასრულდა უშედეგოდ. მეორეც: პრეზიდენტმა, რომელსაც, ფაქტობრივად, ამოწურული აქვს კონსტიტუციური ვადა, იქიდან რა ამბავი უნდა ჩამოიტანს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მდგომარეობის გამოსასწორებლად, უბრალოდ, გაუგებარია. ხუთი წელი იყო უმაღლესი მთავარსარდალი და მისი გაკეთებული არავის არაფერი უნახავს, გარდა იმისა, რომ გააუქმეს ჯერ სამხედრო საზღვაო, მერე კი უკვე სამხედრო საჰაერო ძალები. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ შეამცირეს შეიარაღებული ძალებიც და 2500 კაცი, მათ შორის ოფიცრებიც შინ გაუშვეს. აი, ეს იყო მათი უსაფრთხოება და, შემდეგ ამას რაც მოჰყვა, ყველამ დავინახეთ. მაგალითად, 2017 წელს სამხედრო აკადემიას უნდა მიეღო 150 ახალგაზრდა, მაგრამ მსურველი მხოლოდ 58 იუნკერი აღმოჩნდა, ანუ, სამხედრო სამსახური პრესტიჟული აღარაა. ცალკე საკითხია რეფორმები, რომლებიც ყველა მინისტრმა ისე გაატარა, რა მიზანს ემსახურებოდა, ვერავინ გაიგო. მოვიდა ალასანია _ გაუშვეს კადრების ოფიცერი, მერე მოვიდა ჯანელიძე _ ისევ ვიღაც მოხსნეს… ამ იზორიამ კი რეკორდიც მოხსნა _ 30 პოლკოვნიკი ერთდროულად გაუშვა ჯარიდან. საერთოდ, მინისტრმა როგორ უნდა გაატაროს რეფორმა?! ეს ხომ ინსტიტუტისა და პარლამენტის საქმეა. მათ უნდა მიიღონ კონცეფცია, დოქტრინა და შემდეგ მიდის მშენებლობა ხუთი, ათი, ოცდაათი წლით. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს კონცეფცია გათვლილი აქვს 2075 წლამდე.
რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში, დღეს ეს ოპერაციები შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 27 პროცენტი, ანუ 175 მილიონი ლარი უჯდება. არადა, რომ ამბობენ, საზღვაო და საჰაერო ძალებს ვერ შევინახავთ, ძვირია, ფლოტი წელიწადში 30 მილიონი ჯდება, ხოლო ავიაცია _ 50 მილიონი ლარიო. აი, ეს ყველაფერი გააუქმეს იმიტომ, რომ იმ სამშვიდობო მისიებში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა ეს კიდევ არაფერი, ჯამში ნატოსთან ურთიერთობა საქართველოს 220-დან 250 მილიონ ლარამდე უჯდება. მათ შორის აქ იგულისხმება იმ კომიტეტებისა და სხვადასხვა სტრუქტურის დაფინანსება, რომლებიც ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა.
_ სახელმწიფო რომ ამ ხარჯების სანაცვლოდ არაფერს იღებს, ფაქტია, მაგრამ თქვენი აზრით, რას იღებს პოლიტიკური ელიტა? ვიღაცის ინტერესში ხომ უნდა იყოს ეს ხარჯები?
_ საერთოდ, ნატო არის ბლოკი, რომელიც არავის არაფერს აძლევს, მაგრამ რატომღაც აქ დღეს ამის დაჯერება ბევრს არ უნდა. არაფერს ვამბობ მათზე, ვინც ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ხალხს თვალში ნაცარს აყრის.
ახლა _ კონკრეტულად ჩვენთვის რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია: ცოტა შორიდან დავიწყებ. 1994 წელს, როცა ალიანსთან პარტნიორობის დოკუმენტი გაფორმდა, მე გახლდით გენერალური შტაბის უფროსი. ჩემთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობდა ზურაბ აბაშიძე, იმხანად ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში, და კიდევ სხვები. მახსოვს, ყველაფერი რომ გავამზადეთ და ბრიუსელში უნდა წავსულიყავით, მიგვიღო ედუარდ შევარდნაძემ. არის ეიფორია და ემოციები. შეხვედრაზე ალექსანდრე ჩიკვაიძე,მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუბნება პრეზიდენტს: ბატონო ედუარდ, გვპირდებიან, რომ 1998-2000 წლებისთვის საქართველო იქნება ალიანსის წევრიო. ედუარდ შევარდნაძემ გაიღიმა, მარჯვენა ხელს, როგორც იცოდა, რბილად უტყამდა მაგიდაზე და უპასუხა: არაფერი გამოვა აქედან… სიმართლე გითხრათ, მაშინ ეს ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა ჯერ კიდევ მაშინ იყო განსაზღვრული. ნატოში ჩვენ ვერ შევალთ ვერასდროს და, თუ შევალთ, მხოლოდ რუსეთის შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის თავდაცვის გეგმა აგებულია ერთ რამეზე: ნებისმიერი უცხო ძალა, ამ შემთხვევაში ნატო, მის საზღვრებს არ უნდა მიუახლოვდეს იმ მანძილზე, რომ იქიდან რუსეთის მიმართულებით გაშვებულ რაკეტას თხუთმეტ წუთზე ნაკლები დასჭირდეს დანიშნულების ადგილამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაანადგურებს სამიზნეს და ცხადია, რუსეთი, ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამას არასოდეს დაუშვებს… სხვათა შორის, ნატოს მიმართ ყველაზე ადეკვატურად შედარებით ტრამპი იქცევა. თუ გახსოვთ, მან ადრე ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თქვა, რომ მათი მიღება ალიანსში იყო ძალიან დიდი შეცდომა. რომ ჰკითხეს, რატომო, მარტივად და დიპლომატიური კეკლუცობის გარეშე უპასუხა: მათი სამხედრო პოტენციალი იმდენად უმნიშვნელოა და რისკი იმდენად მაღალი, რომ თუ ვინმე მათთან ომს დაიწყებს, ეს ტერიტორია ამ რისკად არ ღირსო. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: საქართველოს ბალტიისპირეთზე მეტი სახმედრო პოტენციალი აქვს, ტერიტორიულადაა უფრო მნიშვნელოვანი თუ რისკი, რომ ვინმე ომს დაგვიწყებს, ნაკლებია?
_ 16 ივლისს ჰელსინკში კრემლისა და “თეთრი სახლის” მესვეურები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის სიბრიყვის გამო მის ქვეყანას რუსეთთან ასე დაძაბული ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. რას ნიშნავდა ეს განცხადება და რას უნდა ელოდოს საქართველო ამ მიდგომების ფონზე?
_ ცოტა სხვანაირად მივუდგეთ ამ ყველაფერს, თავის დროზე, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, დასავლეთმა ჩათვალა, რომ რუსეთი ფაქტობრივად აღარ არსებობს, ანუ მოიშალა ეკონომიკა, მრეწველობა, წარმოება და ეს მიიჩნიეს საკმარისად მის გასანეიტრალებლად. არადა, ამ ქვეყანას საკმაოდ დიდი სამხედრო პოტენციალი აქვს, ვინც ერკვევა და იცის ეს საკითხი, მისთვის გასაგებია, რაზეა საუბარი. ცხადია, ისევ არასერიოზულ მიდგომებზე მეტყველებდა ის ფაქტი, რომ ამხელა რესურსების მქონე სახელმწიფო პრაქტიკულად ჩამოწერეს.
რაც შეეხება ტრამპის განცხადებას, რა თქმა უნდა, აშშ-ის პრზუდენტი ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს უკვე აღარ არის ის რუსეთი, რომელთანაც დასავლეთს თავის დროზე უფრო მეტი სითამამის გამოჩენა შეეძლოდა ამიტომ გათვლა არ კეთდება კონფრონტაციაზე. ეს, შეიძლება ითქვას, არის პრაგმატული პოლიტიკა, თუმცა დასავლეთში და მათ შორის ამერიკაშიც დღეს არიან სუბიექტები, რომლებიც სწორედ უკომპრომისო პოლიტიკის მომხრეები არიან და ამ პოზიციიდან ტრამპს აქტიურად აკრიტიკებენ…
_ დასაწყისში თქვით, რომ ნატო ვერ იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. როგორ ფიქრობთ, გარდა ალიანსში შესვლისა, სხვა რა გზებითა და საშუალებებით შეიძლება იმ საფრთხეების განეიტრალება, რომელთა გამოც ნატოსკენ მივისწრაფვით?
_ საფრთხეების განეიტრალება, უწინარესად, შესაძლებელია იმ ქვეყნებთან დალაპარაკებით, რომლებთანაც კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. მე კიდევ ვიმეორებ, ის, რომ ნატო გაუწყრება რუსეთს, დატუქსავს და მერე რუსეთი კარგად მოიქცევა, ზღაპარია. ახლა ზღაპარში თუ გვინდა ცხოვრება, არ ვიცი, მაგრამ რეალობა ასეთია: მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დალაგება მსოფლიოს ინტერესშია. ჩვენ რა, ამ მსოფლიოს ნაწილი არ ვართ?! ღმერთმა ნუ ქნას, ცუდი რამ მოხდეს, თორემ საქართველოს ერთ ჯარისკაცსაც არავინ არ გამოუგზავნის, ვინ აიტკივებს თავს სხვისი უსაფრთხოების დაცვისთვის? აი, ამას გულისხმობს ტრამპიც, როცა ალიანსში შემავალი ზოგიერთი სახელმწიფოს რისკებზე საუბრობს. ცხადია, მას საქართველოს სახით ახალი თავისტკივილი არ სჭირდება და ეს, მისი უსაფრთხოების გარანტიებიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია.
Geworld.ge.