სელექციური აბორტები საქართველოში – ორსულებისთვის 3 თვემდე ბავშვის სქესის გამხელა აიკრძალება

ორსულებისთვის 3 თვემდე ბავშვის სქესის გამხელა უახლოეს პერიოდში აიკრძალება. ჯანდაცვის სამინისტროში რეგულაციების გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში სელექციური აბორტების შესამცირებლად დადგა. ჯერ უცნობია, რა სანქცია დაეკისრება ექიმს, რომელიც სქესს გაამჟღავნებს.

სელექციური აბორტების რიცხვით ლიდერობს კახეთი. აქ დედები ბავშვის გაჩენაზე უარს იმის გამო ამბობენ, რომ გოგოს ელოდებიან. ექიმები ვარაუდობენ, რომ ახალი რეგულაცია აბორტების რიცხვს შეამცირებს. მანამდე მედიკოსები თვითრეგულირების გზას მიმართავდნენ და ხშირად პაციენტს არ ეუბნებოდნენ სქესს.

1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგო არ დაიბადა. ასეთია ბოლო 25 წლის სტატისტიკა, გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, სქესთა შორის ბალანსი ყველაზე მეტად კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთია დარღვეული.

ქალთა უფლებებისა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების ნაწილი სერგეენკოს უწყების ინციატივას მიესალმება, ნაწილი კი გარკვეულ რისკებს ხედავს.

უცნობია, ბოლო წლებში რამდენი სელექციური აბორტი ჩატარდა საქართველოში. ამის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რაც შეეხება აბორტების რაოდენობას, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მხრივ კლების ტენდენცია შეიმჩნევა. თუკი 2017 წელს 16 000- მდე აბორტი გაკეთდა, 2018 წელს ეს რიცხვი 2000-მდეა შემცირებული.