რუსეთი ხაშურის ტერიტორიაზე მდებარე ტალკის საბადოების მიტაცებას გეგმავს – “ანტისაოკუპაციო მოძრაობა”

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ რუსეთი ხაშურის ტერიტორიაზე მდებარე ტალკის საბადოების მიტაცებას გეგმავს და ამისთვის უკვე გარკვეულ ქმედებებს ახორციელებენ.

დავით ქაცარავას განცხადებით, ხაშურის ტერიტორიაზე, რომელსაც არანაირი შეხება არა აქვს და ტალკის საბადოები მდებარეობს, დაიწყეს ყოველ ათ მეტრში ხეების მონიშვნა და კარგად ჩანს დრონით გადაღებულ მასლაში.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები დრონით გადაღებულ მასალას ავრცელებენ, სადაც ჩანს, რა პერიმეტრის მიტაცებას გეგმავენ ოკუპანტები. ამ გეგმის შესრულების შემთხვევაში კი, სხვა სოფლებთან ერთად, ოკუპანტების ხელში აღმოჩნდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ნაწილიც.

მოძრაობის წევრები ადგილზე მოძრავი პატრულის შეყვანას მოითხოვენ.

„ოკუპანტები ახალი ტერიტორიების შეღობვას იწყებენ. ეს ტერიტორიები გახლავთ ხაშურის რაიონის, რომელიც არანაირ შემხებლობაში საოკუპაციო ხაზთან არ მოდის. ეს არის ის თემა, რომელიც უკავშირდება საბადოების მიტაცებას, რომლებიც მდებარეობს სოფელ ჩორჩას მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის ხაშურის ტერიტორიას.  ეს არის ტალკის უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი, ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის საბადოები, რომლის მიტაცებასაც ამ გეგმის მიხედვით აპირებენ რუსები. კიდევ ვიმეორებ, ეს უკვე გაცხადებული აქვთ და იწყებენ თავის გეგმის განხორციელებას. ეს არის საგანგაშო სიტუაცია, რომელზეც სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეაგირება. უნდა დადგეს პოსტები, არცერთ ვარიანტში არ შეიძლება ამ ტერიტორიის გატანება,“ – ამბობს ქაცარავა.