“ქართული ჭიდაობის ფედერაცია” და ფინანსური დარღვევები – აუდიტი სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს. მთავარი მაკონტროლებელი ორგანო ჭიდაობის ფედერაციაში გადარიცხული 22 300 ლარის ხარჯვის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.

საუბარია 2016 წლის დეკემბერში სპორტის სამინისტროდან მიღებულ გრანტზე, რომლითაც ფედერაციას ვიქტორინაში გამარჯვებულებისთვის მობილური ტელეფონები უნდა შეეძინა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2016 წელს ჭიდაობის ფედერაციამ ვიქტორინაში გამარჯვებული მაყურებლისთვის მობილური ტელეფონები, თუმცა, ვიქტორინა არ ჩატარებულა.

„ფედერაციის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად − მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებული იყო პრეზიდენტის ახლო ნათესავი – შვილი, რომლის შრომის ანაზღაურებამ ამ პერიოდში შეადგინა 25 375 ლარი. შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული არ იყო ე.წ. მონიტორინგის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული საქმიანობა. აუდიტორული პროცედურებით ვერ იქნა მოპოვებული რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელების ფაქტს,“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის დასკვნაში არაერთ ფინანსურ დარღვევაზეა საუბარი. 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის ტურნირებსა და შეჯიბრებზე სატრანსპორტო მომსახურებაზე დახარჯული 32 ათასი ლარიდან პრეზიდენტის შვილზე 28 ათასი ლარია გაცემული.

„საბანკო ანგარიშის ამონაწერების შესაბამისად, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურების სახით სხვადასხვა ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სულ გაცემულია 32 338 ლარი. აქედან, პრეზიდენტის ახლო ნათესავზე − შვილზე 28 987 ლარი,“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის დასკვნას კურიერის პირდაპირ ეთერში ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გამოეხმაურა და ბრალდებებს “სიცრუე” უწოდა.

გელა ბერუაშვილმა დასკვნას არასერიოზულად მოიხსენია. ის აუდიტის დასკვნის გასაჩივრებას აპირებს.