4 წლის ნინო ზალინაშვილის სიკვდილი სახელმწიფოს კისერზეა – კურიერისმოპოვებული დოკუმენტით დგინდება, რომ ბავშვი სახელმწიფოს გულგრილობის მსხვერპლია.
შსს-მ ბავშვის დედას – ლელა ქსოვრელს, შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. დოკუმენტით დგინდება, რომ 6 იანვარს, საღამოს 21:00 საათზე, საკუთარ შვილზე ძალადობაში ბრალი პოლიციამ დედას, ლელა ქსოვრელს, დასდო და შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.
ორდერში წერია, რომ ბავშვი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, მიღებული დაზიანების გამო კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.
ორდერის მეცხრე პუნქტში პირდაპირი წერია, რომ მსხვერპლი – ოთხი წლის ნინო ზალინაშვილი, უნდა განერიდებინათ მოძალადისაგან. თუმცა, პოლიციამ ეს პუნქტი არ შეასრულა და ბავშვი დატოვა სახლში, სადაც მას საფრთხე ემუქრებოდა.
16 დღის განმავლობაში სამართალდამცველებს და სოციალურ მუშაკებს აღარ გადაუმოწმებიათ, რა მდგომარებაში იყო ძალადობის მსხვერპლი გოგონა და აგრძელებდა თუ არა დედა მის ცემას. საბოლოოდ 22 იანვარს ნინო ზალინაშვილი გარდაცვლილი ნახეს.
16 დღის განმავლობაში სახელმწიფო სახელით გამოცემულ ორდერს პოლიცია თავადვე არღვევდა, ამიტომ ანა არგანაშვილი ფიქრობს, რომ დგება შს თანამშრომლების და სოციალური მუშაობის პასუხისმგებლობის საკითხი.
სოფელ კავთისხევში 4 წლის ნინო ზალინაშვილის პანაშვიდზე მისასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც სოფელმა გაიგო, რომ ბავშვი პროზექტურიდან პირდაპირ ბაბუის სასაფლაოზე მიასვენეს და დაკრძალეს.
ნინო ზალინაშვილი სიკვდილის შემდეგ მისი მცირეწლოვანი და-ძმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ბავშვების დედა ციხეშია, მამინაცვალი კი ამტკიცებს, რომ 4 წლის ნინოს გარდაცვალების მიზეზი ძალადობა არ გამხდარა.
შემაკავებელი ორდერი პოლიციამ ბავშვების მამასაც გამოუწერა.
კურიერის ინფორმაციით, სხეულზე დაზიანებები გარდაცვლილი ნინოს მცირეწლოვან და ძმას აღენიშნება. 5 წლის ლუკას, რომელიც სოციალურ მუშაკებმა მინდობთ აღზრდაში გადაიყვანეს, თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, სახეზე კი ცემის კვალი აღენიშნებოდა.
ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზები ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
ლელა ქსოვრელის უფროსი შვილი ბებიასთან ცხოვრობს. 5 და წლინახევრის ბავშვებს კი, რომლებიც დროებით აღმზრდელებთან არიან, სტრესის გამო, რეაბილიტაცია სჭირდებათ.
თუ პოლიციამ დაადგინა, რომ მშობლები ბავშვებზე ძალადობდნენ, მაშინ მათ სოციალური მუშაკები გააშვილებენ.