ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე რთველის მიმდინარეობას სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გაეცნო და მცირე მარანს ესტუმრა, რომლებიც ღვინის წარმოებასა და რეალიზაციას ახლა იწყებენ.
სიღნაღში, სოფელ ძველ ანაგაში მარანი „ანაგურელი“ წელს პირველ მოსავალს გადაამუშავებს. „ანაგურელი“ ისტორიული მარნის რესტავრაციის შედეგად გაიხსნა და მასში ასწლოვანი ქვევრებია განთავსებული. ყურძნის გადამამუშავებელი მოწყობილობები მარანმა ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა.
მარანში ამჟამად შესაძლებელია 80 ტონა ყურძნის გადამუშავება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „ნასრაშვილების მარანი“ მეორე წელია რთველს ატარებს და წელს ღვინის ექსპორტს უკვე ევროპის მიმართულებით გეგმავს.
„ნასრაშვილების მარანში“ ღვინოს აყენებენ როგორ ტრადიციული ქართული, ისე კლასიკური მეთოდით. ორივე მარანი როგორც საკუთარ ვენახში მოწეულ, ასევე მევენახეებისგან შეძენილ იშვიათი ჯიშის ყურძენს გადაამუშავებს და საექსპორტო ბაზრების ათვისებასთან ერთად, ორიენტირებულები არიან ღვინის ტურიზმის განვითარებაზე.
დავით ტყემალაძის განცხადებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით მცირე მარნების რაოდენობა კახეთის რეგიონში ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა და ამჟამად მარტო კახეთში 500-ზე მეტს ითვლის, რაც მიანიშნებს რომ მეღვინეობის ინდუსტრია სწორი მიმართულებით ვითარდება, ევროპის განვითარებული მეღვინეობის ქვეყნების მაგალითზე.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი