ბოდვა ფსიქიკური დაავადების ერთ–ერთი არსებითი ნიშანია. ბოდვას ახასიათებს ლოგიკური აზროვნების დარღვევა, აფექტური დაძაბულობა და ეგოცენტრიზმი.
გუნება–განწყობილების მიხედვით, ბოდვა დეპრესიულია ან ექსპანსიური; სტრუქტურის მიხედვით – სისტემური (გარკვეული თანამიმდევრობითი ჩამოყალიბებული აზრები) და უსისტემო (წყვეტილი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცვალებადი აზრები), კონკრეტული შინაარსით კი – დევნის, მოწამვლის, ეჭვიანობის, განდიდების გამოგონების და სხვ. ბოდვის პარალელურად არსებობს ჰალუცინაცია. ეს ორი რამ არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც სხვადასხვაა. ჰალუცინაცია არის აღქმა, რომელიც ჩნდება რეალური ობიექტის გარეშე. ჰალუცინაცია სწორედ რომ აღქმაა და არა წარმოსახვა. ჰალუცინაციის დროს იმას, რაც რეალურად არ არსებობს, ხედავენ, ესმით, გრძნობენ, ეხებიან, ყნოსავენ… ზოგიერთი ჰალუცინაცია მძაფრი, ემოციური, ხატოვანი და იმდენად დამაჯერებელია, რომ არ განირჩევა რეალობის აღქმისაგან, მაგრამ მისგან მთლიანად მოწყვეტილია.
ევროპა, რა თქმა უნდა, რეალურად არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართველებს იგი ჰალუცინაციად და ბოდვად გვექცა. ლიტერატურული ჩანახატი, რომელიც მინდა, ამ სტატიაში შემოგთავაზოთ, ოცდაორი წლის წინათ დაიწერა. იგი ევროპის მიმართ ჩვენს ავადმყოფურ დამოკიდებულებაზე ჩემი სუბიექტური რეპლიკა იყო, რომელიც საკმარისზე მეტად მწვავეა, თუმცა მე (ამ ჩანახატის ავტორი) იმხანად მაინც ვერ წარმოვიდგენდი, ასე მძიმე ფორმას თუ მიიღებდა ჩვენი ეს უცნაური გატაცება, ჩვენი ეს კონტინენტური აბსურდი. გონებით სადღაც სხვაგან ქრის, ჯადო ადევს, მონუსხულია. ვიღაცას სადღაც თითქოს პულტი უჭირავს და ღილაკებზე დაჭერით ისე ათამაშებს ამ ჩვენს ქართველებს, გეგონება, ძაფზე გამობმული თოჯინები არიან. ვიღაც ყოველდღიურად, როგორც ქვევრს, პირდაპირ ყურში ჩასძახის ამ საცოდავ ხალხს რაღაცას და ეს, მოჯადოებული და თოკზე გამობმული, მუდამ ფეხის ხმას აყოლილი და მუდამ მიმბაძველი, მუდამ მოდურად შეშლილი ქართველი ზუსტად და უშეცდომოდ იმეორებს იმას, რაც ჩასძახეს, რაც ჩააგონეს.
– მე ქართველი ვარ! – იტყოდა ქართველი და შეფარული სიამაყე ჟღერდა მის ამ სიტყვებში.
შემდეგ მოვიდა ვიღაც და…
– მე ევროპელი ვარ! – შეურყია ქართველს სიამაყის საფუძველი.
საქართველო კონტინენტზე შეიშალა, საქართველო მხარეზე (დასავლეთზე) გაგიჟდა. ამ დროს ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთისგანაც არ ვართ შორს, აღმოსავლეთი ვართ ფსიქიკური წყობით, ისტორიით, კულტურით, ხასიათით, ადათით, ზნე-ჩვეულებებით.
– მე ევროპელი ვარ! – ამ სიტყვებით თითქოს საფეთქელი გაუხვრიტეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე უნიკალური კულტურის ჩამომყალიბებელ ქართველს და იგი იძულებულია, თავისი ქვეცნობიერი აღმოსავლურ-აზიური იმპულსი თვითონვე ჩაწიხლოს საკუთარ არსებაში, რადგან არ სურს, რომ არაევროპელად გამოიყურებოდეს, რომ არაევროპელობა დასწამონ. უფრო სწორად, ძალიან სურს ევროპელობა, ვინაიდან მოდად უქციეს და გაუფეტიშეს ეს კონტინენტური აბსურდი. Geworld.ge.