როგორ, რა გზებით აპირებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას – ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებით და გეიაღლუმების და ლგბტ… პროპაგანდის აკრძალვით? ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას – ამერიკის ელჩს ან ევროპარლამენტარებს აუკრძალავს ყველაფერში ცხვირის ჩაყოფას? ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ისევ ევროპა–ამერიკის გააქტიურების იმედი აქვს (რომლებისგანაც მესამედი საუკუნეა „შეშფოთებების“ მეტი არაფერი გვსმენია!), თუ რუსეთისკენაც აპირებს ნაბიჯის გადადგმას (რომელსაც საერთოდ არ დავლაპარაკებივართ ამ ხნის მანძილზე) ან ფარულ მოლაპარაკებებს? ეს თუ არ ითქვა, მაშინ ხომ ლოზუნგებივით გამოდის ყველაფერი და, თან, გინდა–არ გინდა, საფუძვლიან ეჭვებსაც აღძრავს. რა, ეს მიზანი აქამდე არ ჰქონია და მხოლოდ ახლა, ნაცებზე გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ დადგა ამ მიმართულებით რაღაც კონკრეტული ქმედებების დრო?! მანამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დღის წესრიგში არ იდგა?! დღეს რომ 2012 წელი იდგეს და ბატონი ბიძინას ეს დამაიმედებელი სიტყვები პირველად გვესმოდეს, ვინ მამაძაღლი, აბსოლუტურად ყველა მის ნათქვამს დავიჯერებდი, იმედით და უდიდესი მადლიერების გრძნობით აღვივსებოდი. არა, მადლიერების გრძნობით დღესაც ვარ მის მიმართ გამსჭვალული და დიდი უმადურობა იქნება გაკეთებულზე თვალის დახუჭვა – პატარა საქმეა, ნაცმოძრაობა და მიშა უსისხლოდ მოგვაშორა (მართალია, არა სამუდამოდ, მაგრამ მაინც), უთოფო ყაჩაღობას (კერძო საკუთრების და ბიზნესების „ახევას“) წერტილი დაუსვა და ქვეყანაშიც უდიდესი ქველმოქმედება გასწია (ისეთი უნიკალური პროექტიც კი განახორციელა, როგორიცაა დენდროლოგიური პარკი, რომელსაც ვერცერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა და, არც თავში მოუვიდოდა).