ევროპა და ამერიკა სანქციების მხარდაჭერის შემოთავაზებით საშიმშილოდ გვწირავს.

ევროპა და ამერიკა სანქციების მხარდაჭერის შემოთავაზებით საშიმშილოდ გვწირავს
სანქციების მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ (თავად უკრაინასაც კი არ აქვს ბოლომდე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეჩერებული), უარი ვთქვათ იქიდან შემოტანილ ნებისმიერ პროდუქტზე და ჩვენც არაფერი გავიტანოთ.

ბოლოდროინდელი განცხადებებიდან ისე ჩანს, რომ დასავლეთმა გამორიცხა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მიხვდნენ, რომ ხელისუფლება არაფრის ფასად არ აპირებს საბრძოლო მოქმედებების დაწყებას და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ საქართველომ ომი კი არ უნდა დაიწყოს, არამედ სანქციებს უნდა შეუერთდეს. ეს ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ოლექსანდრ მერეჟკოს, პირით გვამცნეს.

„უკრაინის მოქალაქეებს საქართველოს რეფორმები მიხეილ სააკაშვილის პერიოდში გვახსოვს – ჩვენთვის რეფორმები, ძირითადად, მასთან და კახა ბენდუქიძესთან ასოცირდება. ვისურვებთ, საქართველო უკრაინის მხარეს იყოს, ახლა განსაკუთრებით. როგორც იცით, ევროკავშირი ახლა სანქციების მეთორმეტე პაკეტს გამოაქვეყნებს და ვისურვებდით, რომ საქართველო შეუერთდეს ამ სანქციებს, რაც ძალიან დაგვეხმარება. ძალიან ვაფასებთ ქართველი ხალხის მეგობრობას – ვიცით, რომ ქართველი ხალხი ჩვენ გვერდით დგას, თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან უფრო მეტი ნაბიჯების გადადგმას ვისურვებდით“, – განაცხადა მერეჟკომ.

დავიწყოთ იმით, რომ უკრაინის პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირი ისევ სააკაშვილს მისტირის. მერე რა, რომ ექსპრეზიდენტი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის არის გასამართლებული და ციხეშია. ამას მერეჟკო ყურადღებას არ აქცევს და იქვე მიანიშნებს, რომ რეფორმები თურმე ჩვენთან სწორედ სააკაშვილის დროს გატარდა და ახლა არაფერი კეთდება. მეტიც, როცა ამბობს: „ჩვენ ვისურვებდით, საქართველო შეუერთდეს ამ სანქციებს, რაც ძალიან დაგვეხმარება“, პირდაპირ გულისხმობს, სანქციებთან შეერთება მათ, ანუ უკრაინელებს დაეხმარება და არა საქართველოს. ასე რომ, მისთვის სულერთია, ამ სანქციებთან შეერთების შემდეგ ქართველები რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. სანქციების მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ (თავად უკრაინასაც კი არ აქვს ბოლომდე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეჩერებული), უარი ვთქვათ იქიდან შემოტანილ ნებისმიერ პროდუქტზე და ჩვენც არაფერი გავიტანოთ.

რას ნიშნავს ეს?

უწინარესად, იმას, რომ საქართველო დარჩება პურის ფქვილის გარეშე, რადგან ფქვილისთვის საჭირო ხორბალი და უკვე მზა ფქვილიც მხოლოდ რუსეთიდან შემოგვაქვს; ვიმეორებთ, მხოლოდ რუსეთიდან, რადგან სხვა ქვეყნების წილი 1%-საც კი არ აჭარბებს. იგივე შეიძლება ითქვას ნავთობპროდუქტებზეც, რომელიც მაშინვე გაძვირდა, როგორც კი რუსეთმა ექსპორტი აკრძალა და ახლა, როცა 13 ნოემბრიდან ეს აკრძალვა მოიხსნა, წესით, ისევ უნდა გაიაფდეს. წესით იმიტომ, რომ ქართველ ბიზნესმენებს ვერაფერს გაუგებს კაცი – შესაძლოა, რუსული იაფი საწვავის გაყიდვა უკვე 14-15 ნოემბრიდან დაიწყონ და ჩვენ გვითხრან: ჯერ ძველ ევროპულ მარაგებს ვხარჯავთ, რომელიც ძვირად შევიძინეთო. ჰო, ჩვენი მხრიდან სანქციების მხარდაჭერა ავნებს ერთადერთ ქვეყანას და ეს ქვეყანა საქართველოა. რუსეთის ეკონომიკას კი ნამდვილად არაფერი დაეტყობა, თუ 3 მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანისთვის სამყოფ ხორბალს არ გაყიდის. აგერ, აფრიკული ქვეყნები იხვეწებიან, თურქეთი საქართველოსთვის წლიურად საჭირო ხორბალს ორ თვეში გადაყლაპავს და ისევ გავიმეორებ, რომ მხოლოდ ჩვენ დავზარალდებით.

და ეს ყველაფერი მხოლოდ შემოტანილ პროდუქციას არ ეხება. რუსეთში ვეღარ გავიტანთ ხილს, ღვინოებს, სპირტიან სასმელებსა და მინერალურ წყალს, ანუ იმას, რაც დიდი ოდენობით გაგვაქვს და რაც ევროპას არ სჭირდება. უფრო ზუსტად, შეიძლება სჭირდება, მაგრამ ჩვენგან არ ყიდულობს და იქაურ ბაზარზე არ გვიშვებს. ჰოდა, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დასავლეთი უკრაინის პირით გვეუბნება, სანქციებს მხარი დაუჭირეთო, რადგან დასავლელმა პარტნიორებმა უკვე ჭკუა ისწავლეს და არ გამორიცხავენ, რომ მათი მხრიდან ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა, მთავრობის რომელიმე წევრმა პირდაპირ თქვას: დასავლეთი ეკონომიკური კატასტროფისთვის გვამზადებსო. აი, უკრაინაზე თუ იტყვიან ამას, არა უშავს, ისინი ისედაც ჩაძირულ-განწირული ჰყავთ და დიდად არ იდარდებენ. Geworld.ge.