ზარ-ზეიმს მართავენ იმისთვის, რომ ევროპის მონები ხდებიან.

თემურ მაისურაძე: საქართველო მონობის ახალ სტადიაზე გადავიდა, ჩვენ ევროკავშირში კი არ შევდივართ, ევროპის კოლონია ვხდებით
“ევროკავშირის სახელმწიფოები ცალ-ცალკე ყველა პატივსაცემია, მაგრამ ევროკავშირს მართავენ ნეოლიბერალი მმართველები, რომელთათვისაც სამშობლო, ეროვნება, კულტურა არაფერს ნიშნავს. ეს კი ჩემთვის მიუღებელია, მიუღებელია ევროკავშირი, ამიტომ არ მიხარია”

დეკემბერი 16, 2023 11

14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ეს ამბავი მთავრობამ 15 დეკემბერს ზარ–ზეიმით აღნიშნა. დიდი და პატარა ერთმანეთს ულოცავდა “დიდ გამარჯვებას”, მადლობელნი იყვნენ მთავრობის და ქვეყნის წინსვლის შესახებ აღტაცებით საუბრობდნენ…

რას მოგვიტანს ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, შემდეგ _ ევროკავშირის წევრობა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ მაისურაძე გვესაუბრება:

_ არ ვიცი, რა სასიხარულო ამბებს ელოდება ქართველი ხალხი ევროკავშირისგან, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსი კარგი არ არის. ჩვენ დაგვიწესებენ კვოტას ლტოლვილების მიღებაზე, რაც ძალიან სერიოზული დარტყმაა პატარა საქართველოსთვის, საიდანაც ადგილობრივი მოსახლეობა გარბის. ეკონომიკურ საკითხს რაც შეეხება, გეტყვით, რომ არავინ იზრუნებს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაზე, საქართველოს შესაძლებლობებს კი კარგად გამოიყენებენ სათავისოდ. თურქეთს ევროკავშირის წევრობაზე უარს ეუბნებიან და ამის მიზეზი არის ის, რომ ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში თურქეთი ბევრ ქვეყანას თავზე დააჯდება, ჩვენ შემთხვევაში კი სხვაგვარად იქნება _ ევროპის ყველა სახელმწიფო დაგვაჯდება თავზე. ძლიერისა და სუსტის პრინციპი არ მოშლილა, დათვი და კურდღელი ერთი ძალისანი ვერ იქნებიან, მე და ბილ გეითსი ერთნაირად ვერ ვიცხოვრებთ, თანაბარი უფლებები ვერ გვექნება.ევროკავშირის სახელმწიფოები ცალ-ცალკე ყველა პატივსაცემია, მაგრამ ევროკავშირს მართავენ ნეოლიბერალი მმართველები, რომელთათვისაც სამშობლო, ეროვნება, კულტურა არაფერს ნიშნავს. ეს ჩემთვის მიუღებელია, მიუღებელია ევროკავშირი, ამიტომ სიხარულს არ განვიცდი. საქართველო მონობის ახალ სტადიაში შევიდა, ჩვენ ევროკავშირში კი არ შევდივართ, ევროპის კოლონია ვხდებით.

_ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრებლად მოგვანიჭეს, მაგრამ იქვე გვითხრეს, რომ ძალიან ბევრი რამ გვექნება შესასრულებელი, რათა ევროპის დიდი ოჯახის ღირსეული წევრები გავხდეთ. შეიძლება საქართველოს მართლაც ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ აქ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ, ეს ევროპამ რომ არ გვითხრას, თვითონ არ შეგვიძლია გამოვასწოროთ ხარვეზები და სხვისი მითითებების გარეშე ვიცხოვროთ კარგად? კარგად ცხოვრების შესაძლებლობა საქართველოს ნამდვილად აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ხელს უშლის ჩვენი ხელისუფლებების უთავმოყვარეობა. სასამართლოსა და სამართლიანობას გვიწუნებენ ევროპელები, არადა, როცა საქართველოში სამართალი იყო, ევროპაში მისი მისხალიც არ არსებობდა. საქართველოში მონათმფლობელური წყობილება არ გვქონია, ისინი კი ადამიანებს ექსპლუატაციას უწევდნენ, ქვეყნებს იპყრობდნენ, ძარცვადნენ, ყვლეფდნენ და ასე მდიდრდებოდნენ. ევროპა სხვა ქვეყნების ძარცვის ხარჯზე აშენდა… გონზე თუ მოვალთ, მივხვდებით, რომ სხვისგან სასწავლი არაფერი გვჭირს. შეგვიძლია ჩვენი ქვეყანა კარგად მოვარგოთ ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და ისეთი სამართალი, ეკონომიკა და პოლიტიკა ვაწარმოოთ, რომ ჰარმონიაში ვიცხოვროთ. “შინ – ევროპაში”-ო, _ გაიძახიან და როგორი მდაბიო ლოზუნგია?! ქართველები ევროპელები არასოდეს ვყოფილვართ. საქართველო აზიაა ტერიტორიულად, რელიგიურად _ ევროპა, მაგრამ ევროპაში ის რელიგიაც აღარ არსებობს. მენტალურად ენდემური ერი ვართ, ჩვენთან შერწყმულია ევროპული და აზიური კულტურა. ევროპასა და აზიაშიც არის ქართული კულტურის ნაწილი. ეს ყველაფერი იციან, მაგრამ მაინც ზარ-ზეიმს მართავენ იმისთვის, რომ ევროპის მონები ხდებიან. ასე მანქურთიზმში გადავდივართ. ეს სიხარულს კი არა, მღელვარებასა და მწუხარებას იწვევს. Geworld.ge.