ჩინეთში საერთაშორისო სამოდელო კონკურსი Miss Model of the World 2025-ის ფინალი 6 დეკემბერს ჩატარდება!

ჩინეთში საერთაშორისო სამოდელო კონკურსი Miss Model of the World 2025 მიმდინარეობს. გახსნის ცერემონია პირველი დეკემბერს გაიმართა, ხოლო დასკვნითი, ფინალური შოუ 6 დეკემბერს არის დაგეგმილი.

კონკურსზე საქართველოს წარმოადგენს სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პროფესიონალი მოდელი, ანი სტეფანიშვილი.
TVM NEWS-ის ჟურნალისტი სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ეკატერინე მგალობლიშვილს ესაუბრა, რომელმაც კონკურსთან დაკავშირებული ექსკლუზიური დეტალები გაგვანდო.

ეკატერინე მგალობლიშვილი:

„კონკურსში მონაწილე 90 ქვეყნიდან ფინალში 30 ქვეყანა გადავიდა და მათ შორის საქართველოცაა. ფინალი 6 დეკემბერს გაიმართება. ჩვენს ქვეყანას ანი სტეფანიშვილი წარმოადგენს — ძალიან ძლიერი კონკურსანტია. რა თქმა უნდა, გვყავს ძლიერი მეტოქეები, თუმცა მჯერა, რომ ერთობლივი მხარდაჭერით, როგორც ყოველთვის, საქართველოში პრიზით დაბრუნებას შევძლებთ. მყავს პირადი ფავორიტებიც. საერთაშორისო სამოდელო და სილამაზის კონკურსებზე, მოდის კვირეულებზე სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად ვაძლევ რეკომენდაციას ქართველ მომღერლებსა და დიზაინერებს. ამ კონკურსზე ჩემს გვერდით იყვნენ ვერიკო ტურაშვილი, ნინი შერმადინი და მარკუს მეტრეველი. ფინალურ ღონისძიებას 6 დეკემბერს მუსიკალურად ქართველი, უნიჭიერესი მომღერალი: მარკუს მეტრეველი გააფორმებს. კონკურსზე მხოლოდ ხუთი ქვეყნის ნაციონალური დირექტორია მიწვეული და მუშაობის პირველი დღიდან კონკურსის პრეზიდენტი, ქალბატონი მისანა, საერთაშორისო ჟიურიში მიწვევს“

მარკუს მეტრეველი:

„ვიმყოფები ჩინეთის ქალაქ შენჟენში, სადაც ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო სამოდელო კონკურსი Miss Model of the World. ჩემთვის დიდი პატივია, ისევე როგორც 2017 წელს, ახლაც გავხსნა ეს გრანდიოზული ღონისძიება ჩემი ორი სიმღერით, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მოდელები ქორეოგრაფიული ნომრით გააფორმებენ“.

ჩვენი მედია ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომ კონკურსანტის ჩაცმულობაზე ქართულმა ბრენდმა „ანასტასიამ“ იზრუნა, რომლის ავტორიც ახალგაზრდა დიზაინერი და მოდელი ანასტასია ბაკურაძეა. ბრენდმა „ანასტასიამ“, დიზაინერ ინგა შარვაძესთან ერთად, ასევე უზრუნველყო სხვა ქართველი წარმომადგენლების ჩაცმულობა.

ცნობისთვის, აღნიშნული კონკურსი 1988 წელს დაფუძნდა და მასში ყოველწლიურად თითქმის ასი ქვეყანა მონაწილეობს. კონკურსის საპრიზო ფონდი კი შეადგენს 30 000 აშშ დოლარს. ჩვენი მედია ჟურნალისტი თვალს ადევნებს კონკურსის მსვლელობის პროცესს და მალე დაგიბრუნდებით ახალი ამბებით.