ორსულა ფონ ლაიენმა რეკომენდაცია გასცა, აქაოდა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეცითო. ყველას უხარია, რომ რეკომენდაცია მოგვცეს, ანუ „დვადცატ შესტ ბე დალი“, მაგრამ რეალურად ბევრმა არ იცის, რა მოგვცეს, რატომ მოგვცეს და, რაც მთავარია, რისთვის გვჭირდება.
პირველ რიგში, იმისთვის გვჭირდება, რომ დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. როგორც გვეუბნებიან, ამის აღსანიშნავად საზეიმო კონცერტი იგეგმება და მეტიც, მომღერლების შერჩევაც კი არის დაწყებული და მთელი საქართველო ევროკავშირის დროშებით უნდა მორთონ. ანუ, დაახლოებით ისეთი ვითარება იქნება, როგორიც 2005 წელს იყო ჩრდილოეთ მაკედონიაში, 2010 წელს – მონტენეგროში, 2012 წელს – სერბეთში, 2014-ში – ალბანეთში, უფრო ადრე კი, 1999 წელს – თურქეთში. სწორედ ამ წლებში მისცეს ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში დღემდე არ გაწევრებულან. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ ალბანეთი და თურქეთი ამ დროს ნატოს წევრებიც არიან და, წესით, ევროკავშირს არანაირი საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს მათი მიღებით, მაგრამ, როგორც ევროპელი მამები (გენდერული ბალანსი დავიცვათ – დედებიც) აცხადებენ, აღნიშნული ქვეყნები გაცემულ რეკომენდაციებს სათანადოდ ვერ ასრულებენ. ახლა ის ვთქვათ, ჩვენ თუ გვაქვს ამ რეკომენდაციების შესრულების შანსი და რამდენ ხანში მოვახერხებთ ამ ყველაფრის გაკეთებას.რამდენიმე თვის წინათ შარლ მიშელმა ხმამაღლა და გამოთქმით თქვა, – ვფიქრობ, ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად 2030 წელს იქნება და სწორედ მაშინ მივიღებთ საქართველოსო. იგივე გაიმეორა რამდენიმე დღის წინათ ჩვენმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და, ჩანს, სწორება 2030 წელზე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ… შარლ მიშელი ამ განცხადებისთვის ლამის ჩაქოლეს, აქაოდა, 2030 წელი ძალიან ადრეაო (ნაწილმა თქვა: ძალიან გვიანია, ეგებ მანამდე მივიღოთო) და საქართველოს გაწევრების სავარაუდო და ყველაზე რეალურ თარიღად 2050 წელი დასახელდა, ანუ სტატუსის მიღებიდან 27-ე წლის თავზე, სავარაუდოდ, ევროკავშირის წევრები გავხდებით… ოღონდ, სავარაუდოდ…