დედაქალაქის მერმა კომპანია „სვეტის“ დაზარალებულთა პრობლემის გადაჭრის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები სხვა სამშენებლო კომპანიების შემთხვევაშიც არსებობს.
„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა ზოგადია. გვყავს სხვა დაზარალებულებიც, მათ შორის, კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ. ამაზეც ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ ოჯახების პრობლემაც მოგვარდება. მძიმე საკითხია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი წელია გასული, 4 000 დაზარალებული ოჯახი არსებობს, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ შემუშავდეს გარკვეული მიდგომა, ავიღოთ განვითარებული ქვეყნებისა და ქალაქების მაგალითები, თუ როგორ არიან იქ დაცული ის ადამიანები, რომლებიც ბინას ყიდულობენ. სამწუხაროდ, საქართველოში არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან და გვყავს დაზარალებული ოჯახები. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, იქნებ შევიმუშაოთ და მოვიფიქროთ მექანიზმები. შეიძლება ბანკიც შემოვიყვანოთ, შეიძლება საგარანტიო თანხების დადება მოვთხოვოთ სამშენებლო კომპანიებს. შემდეგ ისე ხდება, რომ ვიღაც გაიქცევა, ფულს მოიპარავს და ეს ადამიანები რჩებიან მოტყუებული, მერე ზოგი მიდის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ზოგიც მუნიციპალიტეტში დახმარებისთვის. ძალიან რთულია ასეთი პრობლემის მოგვარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2 500-მდე ოჯახს, თბილისის მერის განცხადებით, გაფორმებულია ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია M2-თან, რომლის საფუძველზეც მშენებლობები დაიწყება და მათი დასრულების შემდეგ, თითოეული ოჯახი ბინას მიიღებს.
„ესაა მირცხულავას ქუჩის N9-11-ში, ნუცუბიძის ქუჩის N125 ა-ში და ჭყონდიდელის ქუჩის N22-ში მდებარე პროექტები, რომლებიც ჯამში, 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს. დღეს გავაფორმეთ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია M2-თან. ეს არის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 მლნ ლარია. დღეს, შეიძლება ითქვაs, რომ ამ ადამიანებს არც თანხა აქვთ დაკარგული და საცხოვრებელ ფართებსაც მიიღებენ მას შემდეგ, რაც მშენებლობა დასრულდება.
M2-სა და „სვეტს“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება და როგორც კი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულდება, მაშინვე მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, თუმცა, პარალელურად, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურებმა მოამზადონ სამშენებლო ნებართვები, როგორც კი პროექტი იქნება წარმოდგენილი. დაახლოებით, სამი წელი დასჭირდება ყველა პროექტის განხორციელებას, მას შემდეგ, რაც სამშენებლო ნებართვები გაიცემა და პროექტების განხორციელება დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს, მათ შორის მერის მოადგილე ილია ელოშვილს, საინიციატივო ჯგუფის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.