კოკო გამსახურდიას ფეისბუქ პოსტი კორონაზე!
“არამედიკოსის” დაკვირვებები კორონაზე.
რამდენადაც წავიკითხე და მოვისმინე, აქ გერმანიაში, ჰამბურგში მოხდა რობერტ კოხის ინსტიტუტის ნებართვით ბოლო ხანებში 60-მდე დაღუპულის ადამიანის ობდუქცია. (გაკვეთა სიკვდილის მიზეზების შესწავლის მიზნით) ყველა ამ ადამიანს სჭირდა კორონა ვირუსი. აღმოჩნდა, რომ მათი ძირითადი ნაწილი დაღუპულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებით, ასევე უფრო მცირე ნაწილი დიაბეტის პრობლემებით. დაახლოებით იგივე შედეგი დადგა შვეიცარიაშიც. აქედან რა გამოდის, რომ კორონა არაფერი არ არის?
როგორ არ არის, მაგრამ სრულიად სხვანაირია. ეს არის ვირუსი, რომელიც ეძებს სუსტ ადგილებს, აქილევსის ქუსლს, როგორც ჰომეროსისეული პარისის, ყველაზე მეტად ლიტერატურული არაგმირის და ანტიგმირის ისარი. (ვინც სტუმარ-მასპინძლობის წესი დაარღვია, მასპინძელს ცოლი მოსტაცა და გამოიწვია ტროას ომი. ბოლოს კი აქილევსი დაჭრა სასიკვდილოდ ამ უმაქნისმა) ვფიქრობ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონეებს ზუსტად ფილტვის პარალიზება ემართებათ. მაგრამ ბიბლიური ღმერთისა არ იყოს, აქაც უცნობია “გზანი კორონასანი”: ზოგს შეიძლება საერთოდ არ გამოუვლინდეს, ზოგს საშუალო სიმძიმით, მაგრამ არა უსაშველოდ და ზოგს კი უმძიმესად, რაც, როგორც წესი, ლეტალური შედეგით სრულდება. რაც მეტი ასაკისაა ადამიანი, მით მეტია შანსი დაღუპვის.
კორონა ჰგავს ჯაშუშს, რომელიც დიდი თანხებით შემოიპარება მტრულ სახელმწიფოში, რათა მონახოს სუსტი წერტილები და მოსყიდვის გზით ჩამოშალოს ის სტრუქტურები, რაც სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ ასეთი ვერ იპოვა, საქმე უვარდება, ისევე როგორც ისტორიას არ ახსოვს მხოლოდ ჯაშუშების მონდომებით ჩამოშლილი სახელმწიფოები.
კორონა მოქმედების პრინციპით რაღაციით გავს მიკროტალღების იმპულსს, რომელიც მხოლოდ საგანში არსებულ სითხეს ადუღებს. ანუ მიკროტალღების ღუმელში ქვა რომ ჩადო, რომელშიც არ არის წვეთის მეათასედი წყალი, არც კი შეათბობს.
კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა სამხრეთ კორეაში: კორონათი დაავადებულებს აუღეს გამომუშავებული ანტისხეულები და გაუკეთეს სხვა ავადმყოფებს. ამან საკმაო ეფექტი მოახდინა.

TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი