რაც ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ხდება, ძნელია, კონკრეტული სახელი დაერქვას. ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ „ჰამასს“ ებრძვის, მაგრამ საქმეშია ჩართული პალესტინაც, ლიბიაც, ეგვიპტეც, ირანიც… დღევანდელი მონაცემებით, ისრაელი აპირებს, ღაზას სექტორი მთლიანად დაიქვემდებაროს და გაწმინდოს. ოფიციალური ვერსიით, ისრაელი იქ ტერორისტებს ეძებს, ამიტომ მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდა, სახლები დატოვეთ, დაბომბვას ვიწყებთო. არადა, ღაზის სექტორი სიგრძეში 51 კილომეტრია, სიგანეში – 11 და იქ 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ანუ ძალიან მჭიდრო დასახლებაა. დაბომბვის შემდეგ იქ დაბრუნებული მოსახლეობა როგორ იცხოვრებს, ცალკე საკითხია და ცალკე საკითხია, როგორ გააკონტროლებს ისრაელი იმას, რომ იქ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები აღარ დაბრუნდნენ, ანუ დაახლოებით 3 მლნ ადამიანი უნდა შეამოწმონ, რაც წარმოუდგენელია.
ევროპამ და ამერიკამ შეშფოთება-აღშფოთების შემდეგ „ქმედითი“ ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს და ისრაელს იარაღით ამარაგებენ; ზუსტად ისე, როგორც უკრაინას აძლევენ იარაღს, ოღონდ ომი არ შეწყვიტო და ხალხი რამდენიც გინდა, იმდენი შეაწყვიტე შენიც და მტრისაცო. პარალელურად, ამერიკა და ევროპა იმაზეც ზრუნავენ, რომ ღაზის სექტორიდან წამოსული ლტოლვილები დააბინაონ, ოღონდ არა თავიანთ ტერიტორიებზე, არამედ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის, მაგალითად, საქართველო.
დავიწყოთ იმით, რომ სლოვენიამ ხორვატიასა და უნგრეთთან საზღვარზე პოლიცია ჩააყენა და ქვეყანაში შესვლის მსურველ ყველა პირს გულმოდგინედ ამოწმებს. სლოვენიის ხელისუფლებამ ეს მომეტებული საფრთხით ახსნა, აქაოდა, ამას წინათ ბრიუსელში ტერორისტმა ორი მოქალაქე მოკლაო (შემთხვევა ბელგია-შვედეთის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონის ახლოს მოხდა) სლოვენიის ინიციატივას ტაში დაუკრა იტალიამ და საზღვრებზე კარაბინერები ჩააყენა. ევროპა საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს და არ არის მზად, ღაზის სექტორიდან თუნდაც ერთი დევნილი მიიღოს. ამერიკას საერთოდ არ აინტერესებს, ვინ სად გარბის, რადგან ზუსტად იცის, მის საზღვარს არავინ მიადგება. სამაგიეროდ, ცივილიზებული ევროპა საქართველოს მსგავს ქვეყნებს სთავაზობს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ღაზის სექტორიდან დევნილები მიიღოს და დააბინაოს კიდეც. ჰო, რაც მთავარია, ევროპა არ არის წინააღმდეგი, ისრაელის მოქალაქეები შეიფაროს.
იცით, სად არის ძაღლის თავი დამარხული? ევროპამ ძალიან კარგად იცის, რომ ებრაელები დიდი ხნის განმავლობაში არსად დარჩებიან და, როგორც კი სამშობლოში დაბრუნების შანსი გაუჩნდებათ, მაშინვე წავლენ. აი, ღაზის სექტორიდან გამოქცეულებს კი უკან დაბრუნების დიდი სურვილი მაინცდამაინც არ ექნებათ. ჰოდა, ევროპისგან თუ გრანტი გვექნება მიღებული მათ შენახვა-რჩენაზე, მერე ვერც იმას ვეტყვით, წადით ჩვენი ქვეყნიდანო. რაც მთავარია, ვინ არის იმის გარანტი, რომ აქ ჩამოსულ ლტოლვილებს შორის არ იქნება ისეთი, ვინც, საჭიროების თუ არასაჭიროების შემთხვევაში ტერორისტული აქტების მოწყობაზე უკან არ დაიხევს? შეძლებენ ჩვენი სპეცსამსახურები ყველას შემოწმებას და „დედალ-მამლის“ გარჩევას? ამ ყველაფერს კი იმიტომ გეუბნებით, რომ დასავლეთი ყველანაირად ცდილობს, სხვადასხვა ქვეყანას ღაზის სექტორიდან დევნილი დაახლოებით 50 ათასი ადამიანი „შეტენოს“, სწორედ რომ „შეტენოს“, რადგან ჭკუათმყოფელი მთავრობა ამას ცოცხალი თავით არ დაუშვებს. ესეც არ იყოს, ამ ხალხის დაბინავება კარგი და უსაფრთხო რომ იყოს, თვითონ დაიტოვებდნენ და ჩვენთვის მოსაცემ ფულს მარტივად დახარჯავდნენ.
ღაზის სექტორიდან გამოქცეული ადამიანების პრობლემა, დიდი ხანია, დგას. ისინი მუდმივად ეძებენ თავშესაფარს და მუდმივად ცდილობენ, ევროპის რომელიმე ქვეყანაში ჩაუშვან ღუზა, მაგრამ ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა მათ ინიციატივას არ მიესალმება. ამ მიდგომას ისინი უსაფრთხოების საკითხებით ხსნიან და ცდილობენ, საქართველოს მსგავს ქვეყნებს, 1 და 2 დევნილი კი არა, 50 ათასი „შეტენონ“. შეიძლება, ისიც არ იცის ბევრმა, რომ ლტოლვილების მიღების თხოვნთ ევროკავშირმა საქართველოს რამდენიმეჯერ მიმართა. საქართველოში არსებობს თავშესაფარი, რომელშიც 20-მდე პალესტინელი ცხოვრობს (მხოლოდ ქალები და ბავშვები), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, სადაც 20-მდე ადამიანი დავაბინავეთ, იქ 50 ათასისთვისაც უნდა გამოინახოს ადგილი. ეს 50 ათასი 3-4 წელიწადში გაცილებით მეტად რომ იქცევა, ადვილი მისახვედრია. მათ თავდაპირველად გამოყოფილ ტერიტორიაზე მეტი არც დასჭირდებათ, რადგან ძალიან მჭიდროდ ცხოვრებას არიან მიჩვეული. აგერ, თბილისზე ნაკლებ ტერიტორიაზე ლამის 3 მილიონი ცხოვრობს… რიგით ადამიანებს რომ მოვუსმინოთ, პრაქტიკულად, ყველა დარწმუნებულია, რომ, თუ ტერორისტები საქართველოს სამიზნეში ამოიღებენ, ძალიან მარტივად მოახერხებენ ქვეყნის პარალიზებას. თუნდაც მეტროპოლიტენის 2-3 დიდი სადგურის მწყობრიდან გამოყვანა სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს დედაქალაქში და, საქართველო თბილისიდან რომ იწყება, არც ეს არის ახალი ამბავი. თუ ვინმეს რამის გაფუჭება სურს, სწორედ თბილისიდან დაიწყებს. ჩვენ არც შეთქმულების თეორიებს ვაწყობთ და არც სხვა რამეს, მაგრამ ხომ ყველამ ნახა, რა მოხდა ბრიუსელში და რას ემსხვერპლა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც სტადიონის მიმდებარედ დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე საფეხბურთო მატჩს უყურებდნენ?! სხვათა შორის, ბელგიის პოლიციას მკვლელი ჯერ არ დაუკავებია… ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველო არ უნდა დახარბდეს არც ევროპა-ამერიკელების მიერ შემოთავაზებულ გრანტებს და არც სხვა პირობებს, თუნდაც დევნილების შეფარების სანაცვლოდ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. არ გვინდა ასეთი სტატუსი! ყველაფერთან ერთად ხომ არსებობს იმის საფრთხეც, რომ დასავლეთის მიერ გადმოცემულ დევნილებზე იმავე დასავლეთმა თქვას, – ტერორისტები გაგვეპარნენო, და სამხედრო დაპირისპირების დაწყება მოგვთხოვონ?! ეს იქნება ჩვენი ომში ჩათრევის ყველაზე მარტივი გზა და თანაც ჩვენსავე ტერიტორიაზე. ვისაც ჰგონია, რომ დასავლეთი ამას არ იკადრებს, ძალიან გულუბრყვილოა, რადგან მას, რაც საკადრებელი ჰქონდა, თავის დროზე ყველაფერი იკადრა და ახლაც კადრულობს. სასაცილო იყო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება, როცა ღაზის სექტორში საავადმყოფო დაიბომბა და შთაგონებული სახით თქვა: მჯერა, ამას ისრაელი არ იზამდაო. მისტერ ჯო, არც ის გჯერათ, ბელგრადში ამერიკის ჯარებმა სამშობიარო სახლები და საბავშვო ბაღები რომ დაბომბეს და ამ დაბომბვის შედეგად 3 ათასზე მეტი ბავშვი დაიღუპა? სხვათა შორის, აშშ-ს ამისთვის პასუხი დღემდე არ უგია. ჰო, კი ამბობენ ამერიკელები, – ეგ ჩვენი კი არა, ნატოს ბომბდამშენები იყოო, მაგრამ ამერიკის გარეშე ნატოს რომელიმე თვითმფრინავი ოდესმე თუნდაც მხოლოდ წვრთნებისთვის სადმე აფრენილა? ზუსტად ასე დაიბანს ხელებს ამერიკა ჩვენზეც და მას არავინ უსაყვედურებს, არც ერთი დასავლელი პარტნიორი არ გაიფუჭებს შტატებთან ურთიერთობას საქართველოს გამო.
დღევანდელი მწარე რეალობა ასეთია – ამერიკას ევრაზიის კონტინენტზე ორი ცხელი წერტილი აქვს და ორივეგან წარმატებით ასაღებს იარაღს. თანაც შტატებში დარწმუნებულნი არიან, რომ, რაც უნდა მოხდეს, ომი მათ საზღვრებამდე ვერ მიაღწევს და მთავარ მოკავშირედ ბრიტანეთი ჰყავს, რომელიც ასევე დარწმუნებულია, რომ ომის ქარტეხილი ყველა ვარიანტში ასცდება. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ პერიოდს, როდესაც აშშ შორიდან მაყურებლის როლში იყო და მხოლოდ მაშინ ჩაერთო საქმეში, როცა სასწორი საბჭოთა კავშირის მხარეს გადაიხარა. მაშინაც ამერიკელების მთავარი მოკავშირე ბრიტანეთი გახლდათ და, საბოლოოდ, მათ საბჭოთა კავშირის, უფრო ზუსტად, ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირის გადაყლაპვა სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ახლაც ასეა – ამერიკისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს კონკრეტულ ომში. მთავარია, ის უდიდეს ფინანსურ სარგებელს ნახავს, გავლენის სფეროებს გაიფართოებს და ისევ შეეცდება, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი გადაყლაპოს.
აი, ამ დიდ და გლობალურ ომში უნდა გადავრჩეთ, არ უნდა ავყვეთ არავის პროვოკაციას, არ უნდა გავებათ დასავლეთის მიერ დაგებულ მახეში, თორემ საქართველო დღევანდელი საზომებით ისეთი პატარაა, ერთი რყევაც კი საბოლოოდ დაასამარებს. სამაგიეროდ, დასავლეთს დარჩება ტერიტორია, რომლიდანაც ყველაზე კარგად შეუტევს რუსეთს და ქართველი ხალხის სახელით ამას გააკეთებს კიდეც. უბრალოდ, იმ დროისთვის ქართველი ხალხი ფიზიკურად აღარ იარსებებს.
ბესო ბარბაქაძე. Geworld.ge.