პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ოპოზიციური არხები ჩასაფრებულნი იყვნენ და სრული სერიოზულობით ვარაუდობდნენ, რომ ღარიბაშვილს ჩინეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები არ შეხვდებოდნენ, არც პომპეზურ დახვედრას მოუწყობდნენ და… არც ერთმა ოპოზიციურმა არხმა დახვედრის ცერემონიას საეთერო დრო არ დაუთმო, მხოლოდ სამი წამით აჩვენეს კადრი, როგორ ჩადის პრემიერი ტრაპზე და არ აჩვენეს ის მოცეკვავეები თუ საპატიო ყარაული, რომელიც საქართველოს პირველი პირისთვის მოამზადა ჩინურმა მხარემ. შემდეგ იყო ოფიციალური შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს პირებთან და, რაც მთავარია, ჩინეთის პირველი პირის განცხადება, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან…

აი, ამ განცხადების შემდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა თავი ვალდებულად ჩათვალა, ბრიფინგი მოეწყო და განეცხადებინა, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის გაფორმება საგარეო კურსის ცვლილებას ნიშნავს და, თუ ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ, როგორც მომავალ სტრატეგიულ პარტნიორს, პარტნიორად ვერ განვიხილავთ ამერიკასა და ევროპას. მათი ლოგიკით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება არ უნდა გაგვეფორმებინა. ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით არის ამერიკის ყველაზე დიდი მტერი. ჩინეთს აქვს სიდიდით მეორე ეკონომიკა მსოფლიოში და მისი ეკონომიკა მზარდია. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყანასთან, რომელსაც ამერიკა ეკონომიკურ საფრთხედ აღიქვამს, არასწორია“. ხომ არის „რკინის“ ლოგიკა? რეალურად სწორედ ამის გამო აყიყინდნენ დასავლელი ვითომ პარტნიორებიცა და ოპოზიციაც. ჩინეთის ეკონომიკა მზარდია და, ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში სოლიდური ინვესტიციები რომ ჩადონ (რისი შესაძლებლობაც ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ძალიან დიდია), ჩვენი ეკონომიკა წელში გაიმართება. ეს კი დასავლეთის კლანჭებისგან თავის დაღწევას ნიშნავს.

სხვათა შორის, უკრაინის „აგდებისა“ და ომში ჩართვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი აღმასვლა იყო. მეტიც, ისტორიაში პირველად, ჩინეთის ეკონომიკამ ამერიკისას გაუსწრო, მაგრამ ომის დაწყებიდან ერთ თვეში პირველ ადგილზე კვლავ შტატებმა გადაინაცვლა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ომში ჩინეთის მეზობელი ქვეყანა რუსეთია ჩართული. ამასთანავე, დასავლეთი დღემდე ვერ მალავს უკმაყოფილებას იმით, რომ ჩინეთის ხელისუფლება არ განუდგა რუსეთს, არ დაიწყო იარაღით უკრაინის მომარაგება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ომი კი არ გაგრძელდეს, არამედ დასრულდეს. ჩინეთის ხელისუფლება ხედავს, რომ ეს სამხედრო დაპირისპირება მის ეკონომიკას ძალიან მწარედ ურტყამს და ეს ყველაფერი ხელს აძლევს ერთადერთ ქვეყანას – ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც შტატებზე დამოკიდებულად აქცია ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა, რადგან პროდუქციას, რომელსაც ისინი რუსეთისგან იღებდნენ, ახლა ამერიკისგან ყიდულობენ და თანაც გაცილებით ძვირად, ვიდრე რუსეთისგან. მითი იმის შესახებ, რომ დასავლეთი რუსეთის ეკონომიკას ექვს თვეში ჩამოშლიდა და სანქციების ფონზე რუსეთში შიმშილი დაიწყებოდა, საბოლოოდ დაიმსხვრა. ახლა ყველამ იცის, რომ არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ამას ამერიკელი ექსპერტები ამტკიცებდნენ, ხოლო მსოფლიოს ახალი წესრიგის დამყარება, რომლის სათავეშიც თავად უნდა ყოფილიყვნენ, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ჩინური პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იყიდება და, თუ ღარიბაშვილის ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოს მეტი შეღავათი ექნება, თუ გაფორმებული ხელშეკრულება კონკრეტულ პროდუქტებს გააიაფებს, ჩინური ინვესტიციებით ქვეყანა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ისარგებლებს და ბიუჯეტშიც მეტი ფული შევა, რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი?! ქართული ბიზნესისთვის ჩინური ბაზარი რომ გაიხსნას, რა მოხდება. ყველაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში, სადაც მოთხოვნა ლამის ვერასდროს აკმაყოფილებს მიწოდებას, ქართული პროდუქციისთვის, შესაძლოა, მაშველ რგოლად იქცეს და აღარასოდეს დადგეს დღის წესრიგში, სად გავყიდოთ ესა თუ ის ჭარბი პროდუქცია. სრულიად საქართველო რომ გადავხნათ და დავთესოთ, ხეები დავრგოთ, რუსულ და ჩინურ ბაზარს ვერ დავაკმაყოფილებთ და ეს არის ძალიან კარგი. რაკი რუსული ბაზარი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ, როცა მოცვის წარმოების ბუმი იწყებოდა საქართველოში, რამდენიმე ბიზნესმენმა ტელევიზიებთან წაიკეკლუცა: მოცვი ისეთი პროდუქტია, რუსეთის ბაზარზე ინტერესი რომ არ ექნება, და ჩვენი მიზანიც ევროპული ბაზრის დაპყრობააო. ჰოდა, გასულ კვირას გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წელს მიღებული მოცვის მოსავლის 90% რუსულ ბაზარზე გაიყიდა, 10% კი – ევროპის 30-მდე ქვეყანაში. Geworld.ge.