ოსური დე ფაქტო პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე დაჰპირდა რუს კოლეგებს, რომ ოსი დეპუტატები ამ საკითხით აქტიურად დაკავდებიან.

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის დელეგაცია ესტუმრა სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვიქტორ ვოდოლაცკის ხელმძღვანელობით. რუსმა დეპუტატებმა ოს კოლეგებთან“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანების” თემაზე ისაუბრეს.

“ჩემთვის, როგორც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატისთვის და ეროვნებით ოსისთვის, მთავარი ამოცანაა სამხრეთ ოსეთის თანასწორუფლებიან სუბიექტად გაწევრიანება დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში. რესპუბლიკამ ამ ორგანიზაციებში დამკვირვებლის სტატუსი უნდა მიიღოს და ამისათვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ» -განაცხადა მოსკოვიდან ჩასულმა დეპუტატმა კაზბეკ ტასოევმა.

თავის მხრივ, ოსური დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ პეტრე გასიევმა აღნიშნა, რომ “პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სთხოვა, გაეხმოვანებინა მისი პოზიცია იმის შესახებ, რომ რესპუბლიკა არა ქვესტრუქტურებში, არამედ თავად დსთ-ში უნდა გაწევრიანდეს”.

«ვთვლი, რომ ამის სრული უფლება გვაქვს», – დასძინა მან.

დსთ-ში გაწევრიანების იდეის განხილვა ცხინვალის ოკუპირებულრეგიონში ჯერ კიდევ ათი წლის წინ დაიწყო, რუსეთის მიერ მისი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთანავე. თუმცა 2009 წელს ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა სერგეი ლებედევმა განაცხადა, რომ «აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დსთ-ში გაწევრიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდნენ, თუ ორგანიზაციის ყველა წევრი თანახმა იქნებოდა».

სადღეისოდ დსთ 10 სახელმწიფოს აერთიანებს: სომხეთს, აზერბაიჯანს,რუსეთს, ბელარუსიას, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს,თურქმენეთსა და მოლდოვას.რუსეთის გარდა, ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა ამ დრომდე არც ერთ მათგანს არ უღიარებია.

წელს, რუსეთის მიერ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის აღიარების მე-10 წლისთავზე ამ თემაზე განცხადება გააკეთა რუსეთისსახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა, თუმცა ოსებს ამ მხრივ დამაიმედებელი მანაც ვერაფერი უთხრა:

«სადღეისოდ დსთ-ში ვერც სამხრეთ ოსეთის, ვერც აფხაზეთის შესვლის პერსპექტივას ვხედავ. დსთ, ჩემი აზრით, ისტორიული-გეოგრაფიული ცნებაა. მის მიმართ ორგვარი დამოკიდებულება შეიძლება, გაგვაჩნდეს: როგორც ორგანიზაციის და როგორც სივრცის მიმართ. და მაინც, მთელს მსოფლიოში დსთ-ის არსებობა რუსეთის გავლენის ერთგვარ აჩრდილად აღიქმება. თუნდაც ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის დსთ-ის მესაფლავეობა არახელსაყრელია. მეორეს მხრივ კი, ვერ გვექნება დსთ-ის, როგორც ოპერატიული, ქმედითუნარიანი ორგანიზაციის იმედი, რადგან მასში უკვე დიდი ხანია, არსებობენ ინტერესთა ჯგუფები».

ბევრს გაწევრიანების პერსპექტივა საეჭვოდ მიაჩნია თავად ცხინვალშიც. სკეპტიკოსებს შორისაა პოლიტოლოგი როლანდ ქელეხსაევიც:

«არა მგონია, ამ ეტაპზე დსთ-ში ან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გავწევრიანდეთ, თუმცა როგორც დამკვირვებლებმა, პირველი ნაბიჯი შეგვიძლია, გადავდგათ. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ არსებობს გარკვეული ასოციაციები ამ სტრუქტურების ირგვლივ, რომელშიც სამხრეთ ოსეთს შეუძლია გაწევრიანება, თუ, რა თქმა უნდა, მას მიიწვევენ. ამისათვის თუნდაც ერთი წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო, ანუ რუსეთის. ეს ჩვენს რესპუბლიკას ბონუსებს მოუტანს ეკონომიკური ზრდისა და თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისითაც”.

რუსი დეპუტატების წინადადება, ამ საკითხით ისევ დაკავდნენ, ქელეხსაევმა “ეხო კავკაზასთან” საუბრისას იმით ახსნა, რომ “დადგა დრო, დაიწყოს ამ იდეის ლობირება»:

«ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ რუსეთს ამ სტრუქტურებში სამხრეთ ოსეთის ხილვა სურს და საუბარია ჩვენი რესპუბლიკის შემდგომ აღიარებაზე. ანუ, ფაქტობრივად, რუსეთი მხარს უჭერს იმას, რომ სამხრეთ ოსეთი ყალიბდებოდეს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ ქვეყნად. ჩვენს დეპუტატებს კი შეუძლიათ, რუს კოლეგებს დახმარება სთხოვონ ჩვენი რესპუბლიკის ამ სტრუქტრებში გაწევრიანებაში. ეს თანადგომა შეიძლება, გამოიხატოს, მაგალითად, დახმარებაში დსთ-ის ქვეყნების პარლამენტარების საერთაშორისო ასოციაციაში მიღებაში».

ოსური დე ფაქტო პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე დაჰპირდა რუს კოლეგებს, რომ ოსი დეპუტატები ამ საკითხით აქტიურად დაკავდებიან.

 

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

accent.com