რა შეტყობინება ჩამოაქვს საქართველოსთვის სტოლტენბერგს

ისტორიაში პირველად – ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს

„სტოლტენბერგის საქართველოში ჩამოსვლა, თანაც შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო წვრთნებზე დასასწრებად, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენაა. რა შეტყობინებას ჩამოიტანს ნატო-ს გენერალური მდივანი მარტის თვეში, ეს ცალკე ვარაუდის საკითხია.

„მოლოდინი როგორი შეიძლება იყოს, თავად ნატო-ს ხელმძღვანელობის, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, ამას დრო გვიჩვენებს. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისათვის, ეს ორი ქვეყანა, (საქართველო და უკრაინა) რა თქმა უნდა, ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ,” – აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” საუბრისას.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტს მიმდინარე წლის მარტში განახორციელებს. სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების დროს ჩამოვა და ისტორიაში პირველად, ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს, საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს.

ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ფართომასშტაბიან სწავლებაში 22 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„წელს ნატოსთან თანამშრომლობა იღებს კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს. კიდევ უფრო მეტი ნატო იქნება საქართველოში, ვინაიდან ერთად ამბიციურ სწავლებებს ვგეგმავთ, რომელიც მარტში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მსგავსი ტიპის სწავლებებს სრულად უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი რგოლი.

„შესაბამისად, როგორც ამ სწავლების დაგეგმარება, ისე აღსრულების პროცესი მთლიანად ქართული თავდაცვითი ძალების პრეროგატივა და პასუხისმგებლობა იქნება, რაც კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ ჩვენ ნატოსთვის სანდო პარტნიორი ვართ. 22-მა ნატოს წევრმა და პარტნიორმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ სწავლებაში.

„ამ აღიარების დასტურია სტრატეგიულ დონეზე დაგეგმილი ვიზიტებიც, რომელიც 2019 წელს შედგება. უკვე დაანონსდა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი მარტის თვეში, როდესაც ეს სწავლებები ჩატარდება. ასევე, ველოდებით სამხედრო კომიტეტის ვიზიტს საქართველოში. ეს დინამიკა მართლაც შეუქცევადი და უპრეცედენტოა,” – განაცხადა ლევან იზორიამ.

ვახტანგ მაისაიას აზრით, ნატო-ს გენერალური მდივანი რეგიონალურ ვიზიტს განახორციელებს, – იგი ეწვევა, როგორც საქართველოს, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს.

„ნატო-ს გენერალური მდივანი რეგიონალური ვიზიტს მოაწყობს, – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. რა თქმა უნდა, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანის ჩამოსვლის განსაკუთრებული საფუძველი და მიზეზი არსებობს. საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას აპირებს და ეს არის ჩვენ საგარეო პოლიტიკის მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა,” – აღნიშნა მან.

აღნიშნული სწავლება რითი არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი? ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს წვრთნები კიდევ ერთხელ იქნება სიგნალი იმისა, რომ საქართველოს ნატო-სგან ყოველგვარი მხარდაჭერა აქვს.

„ეს არის სამხედრო-საზღვაო სწავლებები, სადაც წარმოჩინდება ნატო-ს ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილების გამტკიცების საქმეში, რაც მნიშვნელოვანი მომენტია.

“ამასთანავე, ეს წვრთნები ტარდება იმის ფონზე, როდესაც რუსეთი, ფაქტობრივად, ჰეგემონობის განხორციელებას ცდილობს შავი ზღვის აკვატორიაში, – შავი ზღვიდან გავიდეს ხმელთაშუა ზღვისპირეთის მიმართულებით. აგრეთვე, ეს ნატო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობების ფონზე ხორციელდება.

„ამასთანავე, ემატება რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის ფაქტები, ჩვენი მოქალაქეების გატაცება და ა.შ. ამ მოვლენებმა ჩვენი მიმართულებით, საკმაოდ ინტენსიური სახე მიიღო, – ხორციელდება სხვადასხვა სახის პროვოკაციები.

„ბუნებრივია, გენერალური მდივნის ვიზიტი იქნება ნატო-ს მიდრეკილებების გამოხმაურება, – გვერდში დაუდგეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განტკიცების საქმეში,” – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

resonancedaily.com.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.