თაკო ჩარკვიანი: ჩვენ პუტინთან ლაპარაკს არ ვაპირებთ

„კანონი თავის სიმაღლეზე არ არის, არ არის სამართალი. ქვეყანა კარგ მდგომარეობაში არ არის. არ მოგვწონს ეს ყველაფერი. არ მოსწონთ ეს ახალგაზრდებს“, – ამის შესახებ „კანონის და სამართალის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, მის მიერ დაფუძნებულ პარტიაში ქვეყანაში არსებული უსამართლობით შეწუხებული ბევრი ახალგაზრდაა.

„ქვეყანაში დიდი სტაგნაციაა, უძრაობაა, სამართლის პრობლემაა, თორემ ამდენ ხანს შვილმკვდარი მამები ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდნენ”, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი აქვე დასძენს, რომ ისინი არცერთი პარტიის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას არ აპირებენ, ისინი იზრუნებენ ქვეყანაზე.

“მე მწვავე ოპოზიციაში ვიყავი, უკმაყოფილოები ვიყავით და წავიდა ის ხელისუფლება.
მეშვიდე წელი იწყება, ორი წელი დარჩათ ამათ, რომ ზუსტად ის პერიოდი ამოავსონ, რამდენ ხანსაც ის ხელისუფლება იყო. ყველაფერი რაც ყოფილი ხელისუფლების დროს კარგი გაკეთდა, ამათმა არაფერი არ გადმოიღეს, თუ რამე ცუდი იყო – ყველაფერი გადმოიღეს. ეს მოგვართვეს ჯამში. დღეს ვუყურებთ “მალალეტკა” და ძველი პარლამენტარების ომს. გარეთ მოხუცებს უჭირთ, საგანმანათლებლო პროგრამები არ არის, ამ დროს პარლამენტში ვიღაც გამოდის და ამბობს, რომ განათლება უკეთესი იქნება თუ გამოცდებს გავაუქმებთ და გამრავლება იქნება.. სასაცილო მდგომარეობაშია ქვეყანა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 876 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, თუმცა აქედან ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ იყო. მათი ნაწილი წინა ხელისუფლებაზე ნაწყენიც კი იყო, თუმცა არ სურდათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამხდარიყო. სწორედ ამ ადამიანების შეთავაზება იყო, რომ ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბებულიყო.

„დიახ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ახალი პარტია უნდა შექმნილიყო. უნდა გაგვეწია ანგარიში ამ ტიპის ამომრჩევლისთვის. ჩვენ ფინალში სალაპარაკოდ დავსხდებით, კოალიციური მთავრობის დროს , სადაც ერთად ისდებიან ყველა ის ერთეული, ვინც გაერთიანებულ ოპოზიციასთან გაერთიანდა. რა დროს დაყოფაა და რა დროს მაიმუნობაა. მომდგარია ოკუპანტი და ჩვენი ხელისუფლება სამარცხვინოდ დუმს, და ხელისუფლებამ დადო რუსული ვექტორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

აქვე, თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს.

„ჩვენ რისთვის ვიბრძვით? – ის 4-5 კანონი, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს დამუშავებული, როგორმე გავიტანოთ. ძალიან საინტერესო რეგიონული განვითარების პროგრამა გვაქვს. არც ერთ პოლიტიკოსს არ დაუჯეროთ, რომელიც გეტყვით „მე ამას გავაკეთებ“, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, თუ საქართველოში ანტიკორუფციულმა კანონმა არ იმუშავა. ეს კანონი პრაქტიკულად დასაჭურისებულია, გაანადგურა ქვეყანა, უძრაობის მდგომარეობაში მოიყვანა. ნაცნობობით არის ტენდერები, ახალგაზრდებს აუცრუვდათ გული. გარბიან, გადინება ხდება ქვეყნიდან.

მიწები არის გასხვისებული. ჩვენ ევროპული ვექტორის პარტია ვართ და რა თქმა უნდა უცხოელს ყიდვის უფლება აქვს, მიწის რეგულაციით, მარგამ რა არის გაკეთებული?! თითქოს ჩემი ქვეყნის მიმართ საბოტაჟი ხორციელდება. გასხვისებულია მიწები და ინვესტიციები განხორციელებული არ არის“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

მისი განცხადებით, ახალი პარტია საქართველოსთვის შეიქმნა.

„გვყავს ახალგაზრდა ბიჭები ეკონომისტები, იურისტები, მხეცები, გოგოები, ახალგაზრდები, განათლებულები, რამდენიმეს ბელგიაში აქვს განათლება მიღებული… ვისაც რუსეთთან გაცხადებული აქვთ თანამშრომლობა, მათთან სალაპარაკოდაც არ დავჯდებით, იმიტომ რომ პუტინთან ლაპარაკს არ ვაპირებთ…. უნდა მოვიდეთ და შევცვალოთ რაღაც ამ ქვეყანში, უარი ვუთხრათ კორუფციას, გავაუმჯობესოთ ადამიანების მდგომარეობა” -განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.