რა არის სექსუალური ორიენტაცია და საიდან მოდის.

სექსუალური ორიენტაცია არის ადამიანის ოთხი სქესობრივი მახასიათებლიდან ერთ-ერთი და იგი განირჩევა კონკრეტული გენდერის მიმართ მდგრადი ემოციური, რომანტიკული, სქესობრივი და სასიყვარულო ლტოლვის მიხედვით. დანარჩენი სქესობრივი მახასიათებლებია: ბიოლოგიური სქესი, გენდერული ორიენტაცია და სოციალური სქესობრივი როლი (მიდრეკილება კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული მამაკაცური ან ქალური ქცევის კულტურული ნორმებისაკენ). ამჟამად ანსხვავებენ სამი სახის სექსუალურ ორიენტაციას: ჰომოსექსუალი, რომელიც გულისხმობს ლტოლვას თავისივე სქესის წარმომადგენლებისაკენ, ჰეტეროსექსული – ლტოლვა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისაკენ და ბისექსული – ლტოლვა ორივე სქესის წარმომადგენლებისაკენ. ჰომოსექსუალი ორიენტაციის პირებს ზოგჯერ გეებს (მამაკაცებსაც და ქალებსაც) ან ლესბოსელებს (მხოლოდ ქალებს) უწოდებენ.

სექსუალური ორიენტაცია განსხვავდება სექსუალური ქცევისაგან, რადგან იგი აღწერს გრძნობების თვითგაცნობიერებას. ინდივიდებმა შეიძლება გამოხატონ ან არ გამოხატონ ქცევაში თავიანთი სექსუალური ორიენტაცია.

რა აყალიბებს პიროვნებაში გარკვეულ სექსუალურ ორიენტაციას?

მეცნიერებმა ზუსტად არ იციან როგორ ვითარდება ინდივიდში კონკრეტული სექსუალური ორიენტაცია. სხვადასხვა თეორიები სხვადასხვა წყაროებით ხსნიან სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებას. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს გენეტიკური, შინაგანი ჰორმონალური ფაქტორები ან ადრეულ ბავშვობაში მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება. ბევრი მეცნიერი თანხმდება, რომ ადამიანში სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბება ხდება ადრეულ ასაკში ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად.

არის თუ არა სექსუალური ორიენტაცია არჩევნის შედეგი?

ადამიანთა უმრავლესობას მოზარდობის პერიოდში, სანამ არ მიიღებს სექსუალურ გამოცდილებას არ უყალიბდება სექსუალური ორიენტაცია. ზოგიერთის მტკიცებით, ისინი წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ შეეცვალათ თავისი ჰომოსექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსულისაკენ. ამ მიზეზით, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანთა უმრავლესობისათვის სექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს შეგნებული არჩევანის შედეგს, რომელიც შეიძლება ნებაყოფლობით შეიცვალოს.

არის თუა არა ჰომოსექსულობა ფსიქიკური დაავადება ან ემოციური პრობლემა?

არა. ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ერთხმად აცხადებენ, რომ ჰომოსექსულობა არ წარმოადგენს დაავადებას, ფსიქიკურ აშლილობას ან ემოციურ პრობლემას. უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები გვიჩვენებენ, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია თავისთავად არაა დაკავშირებული ემოციურ ან სოციალურ პრობლემებთან.

წარსულში, ჰომოსექსულობა ფსიქიკურ დაავადებად ითვლებოდა. პროფესიონალებსაც და საზოგადოებასაც გააჩნდათ არაობიექტური ინფორმაცია, რადგან ისინი ძირითადად შეისწავლიდნენ და მსჯელობდნენ მხოლოდ იმ ლესბოსელებისა და გეების მაგალითებზე, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიოდნენ. როდესაც მკვლევარებმა შეისწავლეს მონაცემები სხვა გეების შესახებ, რომლებიც არ გადიოდნენ მკურნალობას, ცხადი გახდა, რომ ჰომოსექსულობა არ წარმოადგენს ფსიქიკურ დაავადებას.

1973 წელს, ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ დაადასტურა ახალი გამოკვლევების მნიშვნელოვნება იმითი, რომ ამოიღო სიტყვა “ჰომოსექსულობა” ფსიქიკური და ემოციური დაავადებების ოფიციალური სიიდან. 1975 წელს, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამაც მიიღო ამ აქციის მხარდამჭერი გადაწყვეტილება. ორივე ასოციაცია მოუწოდებს ყველა პროფესიონალს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, გაუწიონ მათ დახმარება და გაუქარწყლონ ხალხს ილუზია, თითქოს ჰომოსექსუალური ორიენტაცია დაკავშირებულია ფსიქიკურ დაავადებასთან. მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჰომოსექსულობის ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან ამოღების შესახებ, მისი სისწორე მრავალმა გამოკვლევამ დაადასტურა.

შეიძლება თუ არა ლესბოსელები და გეები იყვნენ კარგი მშობლები?

დიახ. შედარებითმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ჰომოსექსულ და ჰეტეროსექსულ ოჯახებში გაზრდილი ბავშვების განვითარებაში არ არსებობს არავითარი სხვაობა არც ინტელექტუალური, არც ფსიქოლოგიური თუ სოციალური შეგუებულობის, კონტაქტურობის, გენდერული როლისა თუ სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

კიდევ ერთი სტერეოტიპი ჰომოსექსუალების შესახებ – არსებობს მცდარი აზრი, თითქოს გეი მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება მიდრეკილება ბავშვებზე სექსუალური ძალადობისაკენ, ვიდრე ჰეტეროსექსუალებში. ამის დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ არსებობს.

რატომ აცხადებენ ზოგიერთი გეები და ლესბოსელები თავიანთი სქესობრივი ორიენტაციის შესახებ?

იმიტომ, რომ მათი პიროვნების ამ ასპექტის სხვებისათვის გაზიარება აუცილებელია მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. აღმოჩნდა, რომ ლესბოსელების და გეი მამაკაცების თვითშეგნების განვითარების პროცესი, რომელსაც ხშირად “იატაკქვეშეთიდან გამოსვლასაც” ეძახიან, მჭიდრო კავშირში იმყოფება ფსიქოლოგიურ შეგუებულობასთან – რაც უფრო კარგად აქვს გათვითცნობიერებული ლესბოსელს ან გეი მამაკაცს თავისი რაობა, მით ჯანმრთელია იგი ფსიქიკურად და უფრო განვითარებული აქვს ღირსების გრძნობა.

რატომ არის “იატაკქვეშეთიდან გამოსვლის” პროცესი ძნელი ზოგიერთი გეებისა და ლესბოსელებისათვის?

ეს გამოწვეულია მცდარი სტერეოტიპების და მათ მიმართ დაუსაბუთებელი უარყოფითი დამოკიდებულების არსებობით. ლესბოსელებისა და გეი მამაკაცებისათვის “იატაკქვეშეთიდან გამოსვლის” პროცესი შეიძლება ძალიან რთული და ემოციურად მძიმე აღმოჩნდეს. როცა ეს ადამიანები პირველად აცნობიერებენ ლტოლვას თავიანთივე სქესის მიმართ, მათ შეიძლება დაეუფლოთ “განსაკუთრებულობისა” და მარტოობის შეგრძნება. “იატაკქვეშეთიდან გამოსვლის” შემთხვევაში ისინი შეიძლება ასევე გარიყული იქნან ოჯახებიდან, მეგობრების, თანამშრომლების და რელიგიური საზოგადოებების წრიდან.

ამას გარდა, ჰომოსექსუალი ხშირად ხდება დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი. ასეთი დისკრიმინაციისა და ძალადობის შიში ხშირად ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ლესბოსელებისა და გეების განვითარებისათვის. 1989 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ, ბოლო წლის განმავლობაში, გეი მამაკაცების 5%-მა და ლესბოსელების 10%-მა განიცადეს ფიზიკური ძალადობა ან შეურაცხყოფა მხოლოდ მათი სექსუალური ორიენტაციის გამო; ხოლო მთელი ცხოვრების განმავლობაში, 47%-ს მიმართ განხორციელებული იქნა სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაცია. სხვა გამოკვლევამაც დისკრიმინაციისა და ძალადობის ასეთივე მაღალი დონე უჩვენა.

შეიძლება თუ არა სექსუალური ორიენტაცია შეიცვალოს თერაპიის მეშვეობით?

არა. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს ფსიქიკურ დაავადებას და არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მიზეზი იმისათვის, რომ ვეცადოთ შევუცვალოთ გეებს ან ლესბოსელებს ორიენტაცია, ზოგიერთი ინდივიდი შეიძლება შეეცადოს საკუთარი ან სხვა პირის (მაგალითად მშობლებმა მათი შვილის) ორიენტაციის შეცვლას. ზოგიერთი თერაპევტი, რომელიც მუშაობს ამ პაციენტებთან, აცხადებენ, რომ მკურნალობის შედეგად მათმა კლიენტებმა ორიენტაცია შეიცვალეს (ჰომოსექსულობიდან ჰეტეროსექსულობისაკენ). თუმცა, მათი ანგარიშების უფრო დაკვირვებით შესწავლისას ვლინდება რამოდენიმე ფაქტორი, რომლებიც ეჭვს აღძრავენ: ასეთი განცხადებების უმრავლესობა კეთდება სექსუალური ორიენტაციის იდეოლოგიურ პერსპექტივაზე მომუშავე ორგანიზაციების, და არა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მკვლევარების მიერ; არ არსებობს მკურნალობისა და შედეგების აღმწერი საბუთები საკმარისი რაოდენობით; და ბოლოს, დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კლიენტები იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის შემდეგ, ძალზედ მცირეა.

1990 წელს, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ გააკეთა განცხადება, რომ არ არსებობს შემობრუნების თერაპიის ქმედითობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი და მას ზიანის მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე სარგებელის. ინდივიდის სექსუალური ორიენტაციის შეცვლა არ ნიშნავს მხოლოდ მისი სქესობრივი ქცევის შეცვლას. ამას სჭირდება პიროვნების ემოციური, რომანტიკული და სქესობრივი გრძნობების შეცვლა და მისი თვითაღქმის, სოციალური თვითშეგნების რესტრუქტურიზაცია. თუმცა, არსებობენ ფსიქოლოგები, რომლებიც ცდილობენ სექსუალური ორიენტაციის შეცვლას. შეიძლება დაიბადოს კითხვა: ეთიკურია თუ არა ეცადო თერაპიის მეშვეობით შეცვალო ადამიანის თვისება, რომელიც არ წარმოადგენს არანორმალურს და, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია პიროვნების თვითაღქმისათვის. გეები და ლესბოსელები, რომლებიც მიმართავენ თერაპევტის დახმარებას, ძალზედ ხშირად საჭიროებენ არა სექსუალური ორიენტაციის შეცვლას, არამედ ისეთივე პრობლემების მოგვარებას, როგორიც შეიძლება წარმოექმნას ნებისმიერ ჩვენთაგანს. გარდა ამისა, მათ შეიძლება ესაჭიროებოდეთ დახმარება “იატაკქვეშეთიდან გამოსვლაში” ან მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების, დისკრიმინაციის და ძალადობის დაძლევაში.

რა არის ჰომოფობია?

ევროპარლამენტის 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია ასეა განმარტებული: “ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერები ადამიანების მიმართ, რომელიც ეფუძნება წინასწარგანწყობას და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმსა და სექსიზმისა.”

ეს არის უსაფუძვლო შიში, განდგომა ან დისკრიმინაცია ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ. პირველად ტერმინი „ჰომოფობია“ ჯორჯ ვინბერგმა 1971 წელს გამოიყენა წიგნში „საზოგადოება და ჯანმრთელი ჰომოსექსუალი“. ვინაიდან სიტყვა „ფობია“ არარაციონალურ შიშს ნიშნავს, ტერმინი „ჰომოფობია“ მოიაზრებს იმასაც, რომ ჰომოსექსუალთა სიძულვილი არარაციონალური და არაჯანსაღი მოვლენაა. ჰომოფობია ხშირად გამოიხატება ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციასა და მათ მიმართ განსაკუთრებულად სასტიკ მოპყრობაში (ცემა, წამება, მკვლელობა).

მეცნიერებმა მხოლოდ 70 ათიან წლებში დაიწყეს ჰომოფობიის შესწავლა. მას შემდეგ, რაც 1973 წელს, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან ამოიღო, მეცნიერები სერიოზულად დაინტერესდნენ მიზეზებით, რომელიც განაპირობებს ძლიერ ნეგატიურ განწყობას ჰომოსექსუალთა/ ჰომოსექსუალობის მიმართ.

თანამედროვეობაში ტერმინის „ჰომოფობია“ მნიშვნელობა გაფართოვდა და ის ხშირად უფრო ზოგადი მნიშვნელობით გამოიყენება – ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, ტანსგენდერი თუ ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულებების აღსაწერად. თუმცა, ჰომოფობიის ასეთ გამოყენებას ხშირად აკრიტიკებენ, რადგან ის ადეკვატურად ვერ აღწერს ჩაგვრის სპეციფიკურ მექანიზმებს, რომლებსაც სხვადასხვა იდენტობის მქონე ადამიანები განიცდიან.

რატომაა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ჰომოსექსულობის შესახებ მეტი ცოდნა?

საზოგადოების განათლება სექსუალური ორიენტაციისა და ჰომოსექსულობის საკითხებთან დაკავშირებით დაგვეხმარება დავძლიოთ უსაფუძვლო უარყოფითი დამოკიდებულება გეების მიმართ. ზუსტი ინფორმაცია ჰომოსექსულობის შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ცდილობენ სქესობრივად გააცნობიერონ თავიანთი თავი. შიში, რომ ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იმოქმედებს ვინმეს სქესობრივ ორიენტაციაზე, უსაფუძვლოა.

რა არის გეი აღლუმი იგივე გეი პრაიდი და რა საჭიროა მისი ჩატარება?

გეი პრაიდი – პოზიტიური გამოვლინება დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების მიმართ. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მათ თვითდამკვიდრებას, ღირსებას , თანასწორუფლებებს , გაზარდონმაათიხილვადობა, როგორ ცსოციალური ჯგუფისა. პარადი უპირისპირდება გავრცელებულ სტიგმას და მხარს უჭერს ლგბტ ადამიანების უფლებებს მთელი მსოფლიოს ირგვლივ. საზეიმო ღონისძიებები ან კარნავალები როგორც წესი იმართება ლგბტ პარადის თვეში, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში ის შეიძლება აღინიშნოს, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ლგბტ ფაქტები მოხდა. მაგალითად, რუსეთში ლგბტ პარადი აღინიშნება მაისში, რადგან 1993 წლის მაისში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოხდა. ლგბტ პარადის ღონისძიებები მოიცავს, პარადებსა და მარშებს, საცეკვაო ფესტივლებს, სიმბოლურ გარბენებს და დიდ ფესიტივალებს, ისეთი როგორიცაა “Sidney Mardi Gras”, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდება პარადის სიმბოლოებია ცისარტყელა, ლგბტ-ის ექვსფერი დროშა, ბერძნული ასო ლამბდა (λ), ვარდისფერი და შავი სამკუთხედი.

პირველი გეი აღლუმი ჩატარდა 1970 წლის 28 ივნისს ნიუ-იორკში სტოუნვოლის აჯანყების (ამბოხება გეი ბარებზე პოლიციელების რეიდების წინააღმდეგ, რომელიც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა) წლისთავზე. მას შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, ბევრ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა დეკრიმინალიზებულია, თუმცა ლგბტ ადამიანები კვლავ დისკრიმინაციაზე ჩივიან და თავს თავისუფლად ვერ გრძნობენ. ამიტომ გეი აღლუმების მიზანი დღესაც იგივეა – თანასწორუფლებიანობა და არა პროპაგანდა.

მომზადებულია Minority.ge-ს მიხედვით.