ფაშინიანი რევოლუციის მეორე ეტაპი დააანონსა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებს მოუწოდებს, 20 მაისს, დილის 8:30 საათიდან ქვეყნის ყველა სასამართლოს შენობის შესასვლელი გადაკეტონ.

“ეს იქნება „ხავერდოვანი რევოლუციის“ მეორე, „ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი“, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას შეცვლის”,– აცხადებს ფაშინიანი და დასძენს, რომ ქვეყნის მასშტაბით მხარდაჭერის იმედი აქვს. 

პრემიერ-მინისტრი 12:00 საათზე საჯარო მიმართვას გეგმავს. 

ცნობისთვის: სომხეთში სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი. როგორც ერევნის სასამართლომ 18 მაისს განაცხადა, 64 წლის ქოჩარიანი, რომელიც დეკემბრის შემდეგ იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, გათავისუფლდება, რადგან მთიანი ყარაბაღის ლიდერები მას თავდებში ჩაუდგნენ და გარანტია გასცეს, რომ ის სხდომაზე გამოცხადდება.

ქოჩარიანს ბრალი ედება უშიშროების ძალებისთვის უკანონო ბრძანების გაცემაში, რათა მათ ძალა გამოეყენებინათ ოპოზიციის მომხრეების მიმართ – რომლებიც აპროტესტებდნენ გაყალბების შესახებ ცნობებს 2008 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში. რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი შეეწირა 2008 წლის 1 მარტს დაწყებული საპროტესტო აქციების ჩახშობის პროცესს უშიშროების ძალების მხრიდან. ძალის გამოყენებამდე ქოჩარიანმა სამკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქოჩარიანი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

1998-2008 წლებში სომხეთის პრეზიდენტის პოსტზე მსახურებამდე, ქოჩარიანი მთიანი ყარაბაღის ლიდერი იყო. 
accent.com.