უკვე 28 წელი გავიდა, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს ოფიციალურად, თორემ სინამდვილეში… სიტყვა“დამოუკიდებელი” არასწორად მიმაჩნია და, თუ ფხიზელი თვალით შევხედავთ რეალობას, აუცილებლად დავინახავთ, რომ რუსეთი გავცვალეთ ამერიკა–ევროპაზე და სწორედ მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური “რეცეპტებით” გვიწევს ცხოვრება. მაშასადამე, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვერ ჩაითვლება.
როდესაც ვსაუბრობთ ნამდვილ დამოუკიდებლობაზე, რიგი გარემოებების გათვალისწინებაა საჭირო, მაგალითად, გვაქვს კი რესურსი ქვეყნის ღირსეული არსებობისთვის? ვაღიაროთ, რომ არა. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ქვეყანას უნდა ჰქონდეს განვითარებული და, შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დარგები: სოფლის მეურნეობა საირიგაციო სისტემებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, საკონსერვო და მეორადი პროდუქციის გადამამუშავებელი ქარხნებით და სხვ. ინდუსტრიულადაც განვითარებული უნდა ვიყოთ. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელია მძიმე და მსუბუქი მრეწველობა და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არც საკუთარი სოფლის მეურნეობა სურს და არც ფაბრიკა-ქარხნები ეხატება გულზე _ აბა, ეს რა მათი საკადრისია. ხალხის ეს კატეგორია სულდგმულობს ამერიკა–ევროპის დახმარების იმედით. მათი ცხოვრების საზრისია ცეკვა–თამაში, სატელევიზიო სერიალები, პოლიტიკური “თოქ შოუები” (უმეტეს შემთხვევაში, უაზრო და ზოგჯერ ამაზრზენიც კი), ტელეთამაშები და უამრავი სხვა, თავისი არსით, “საღეჭი რეზინი” ტვინისთვის. ქვეყნის“შოუმენიზაცია” _ აი, რა არის ჩვენი უბედურება. თუ სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი რესურსი _ ეს, ბუნებრივია, მას კარგ მომავალს არ უქადის. სწორედ ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილია უცხოეთში, სადაც მონური შრომა უწევს. სამწუხაროდ, ბედნიერი ცხოვრება, რომელიც 1990 წლამდე გვქონდა, უბედურებაში გავცვალეთ.
“დამოუკიდებელი” საქართველოს ყველა ხელისუფლებას ევროპისკენ ჰქონდა აღებული გეზი. უკვე მრავალი წელია “გვაბოლებენ” “ევროკავშირის” სავარაუდო წევრობით, ევროპული ინვესტიციებით, ვითომდა, მერე ავღორძინდებითო. ასეთი “აღორძინების” აბსურდულობაზე, ფაქტიურად, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაზე ორი წლის წინ ჩვენს გაზეთში პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია წერდა:
“თუ საუბარია ინვესტიციებზე მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში, მაშინ უნდა ითქვას,რომ საქართველოს შიგა ბაზარი ძალიან მცირეა იმისთვის, რათა მსხვილი ინვესტორები დააინტერესოს. მსხვილი ინვესტიციებისთვის საჭიროა გასაღების მასშტაბური ბაზარი, ქართული პროდუქციისთვის კი ასეთი ბაზარი მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს. უფრო მეტიც, მსხვილი ინვესტიციების განხორციელება მხოლოდ რუსულ კაპიტალს შეუძლია, რომელიც თვითონვე უზრუნველყოფს პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გასაღებას. ქართულ წარმოებაში ფულს სხვა არავინ ჩადებს. რუსული კაპიტალის მოსაზიდად კი საჭიროა რუსეთთან სრულფასოვანი სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების აღდგენა, რაც, ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კურსის გათვალისწინებით, უბრალოდ, გამორიცხულია.
გგონიათ, სააკაშვილს არ უნდოდა მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა? უნდოდა, მაგრამ არავინ დებდა. დასავლეთს არ სჭირდება საქართველოს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ამდენად, ამ სფეროებში დასავლური კაპიტალი ინვესტიციას არ ჩადებს. სწორედ ამიტომ შევარდნაძეც და სააკაშვილიც დასავლეთისგან მხოლოდ კრედიტებს იღებდნენ, ანუ ფულს სესხულობდნენ. დღეს საქართველოს საგარეო ვალი, თუ არ ვცდები, 13 თუ 14 მილიარდი დოლარია. საკუთარი ეკონომიკის არარსებობის პირობებში, ამ ვალის მხოლოდ პროცენტების გადასახდელად ახალ-ახალი კრედიტები უნდა ავიღოთ. ეს კაბალაა.
შევარდნაძე გვპირდებოდა, რომ“პატარა შვეიცარიად” ვიქცეოდით,სააკაშვილი დაგვპირდა, რომ “მეორე სინგაპური” გავხდებოდით, ივანიშვილი კი “მეორე დუბაიდ” გადაქცევას გვპირდება. მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ არც ერთი ამ ორიენტირთაგანი ჩვენთვის პრინციპულად ვერ იქნება რეალური მიზანი. და, მადლობა ღმერთს, რომ ვერ იქნება. ამ ადამიანებმა ვერა და ვერ გაიგეს, რომ ჩვენ გვსურს, ვიყოთ საქართველო და მხოლოდ საქართველო. მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენს მმართველებს არ გააჩნიათ არც ქვეყნის აღორძინების რეალური პროგრამა, არც მკაფიო წარმოდგენა საქართველოს მომავალზე, ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ ფანტასტიკური მიზნები და იმედოვნებენ, ამით ადამიანებს გონება დაუბინდონ. გულწრფელად გითხრათ, არ მოველოდი, რომ ივანიშვილის “ქართული ოცნება” ასე სწრაფად გადაიქცეოდა მორიგ ფუყე“ ქართულ ფანტაზიად”.
მართლაც, დავფიქრდეთ, რისთვის სჭირდება “ევროკავშირს” და, საერთოდ, დასავლეთს მის მიერვე მოშლილი და გაღატაკებული საქართველო, ან, თუნდაც, ფეთქებადი კავკასიის რეგიონი?
ევროკავშირს მომავალი რომ არ უწერია, კარგად ჩანს, თუნდაც საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და, წარმოიდგინეთ, განვითარებული იტალიის მაგალითებზე. ამ ქვეყნებმა ნათლად წარმოიდგინეს საკუთარი არასახარბიელო მომავალი და უკმაყოფილების განწყობაც ჩამოუყალიბდათ. ზოგიერთი სახელმწიფო ევროკავშირის დატოვებაზე სერიოზულად ამიტომაც დაფიქრდა და ამის თაობაზე საჯაროდ განაცხადა, მაგალითად, ინგლისმა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ბოლო ორი–სამი თვის განმავლობაში დატრიალებულმა მოვლენებმა, ვგულისხმობ არაბთა ახალ შემოსევას ევროპაზე, დაგვიდასტურა, რომ გამამათმავლებულ და გადედათმავლებულ ევროპას აღარ ჰყავს კარლ მარტელი, მაშასადამე, ახალი “პუატიე” (ევროპული“დიდგორი”) არ შედგება.
ერთ დროს უმდიდრესი რესპუბლიკა, რომელშიც განვითარებული იყო ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა, სპორტი, დღეს სულს ღაფავს. ვითარების გამოსწორება კი უნდა დაიწყოს საორგანიზაციო ჯგუფის შექმნით, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებადა დამსახურება ქვეყნის მშენებლობაში. შეიძლება რეფერენდუმის გამართვაც, მაგრამ, რეალობიდან გამომდინარე, რეფერენდუმი ჩვენთვის მიუღებელია, ამისთვის შესაბამისი ცოდნა-გამოცდილებაა საჭირო. წარსულის, აწმყოსა და მომავლის განსაზღვრა მხოლოდ და მხოლოდ იმ პიროვნებებს შეუძლიათ, რომლებიც თავის დროზე ქვეყნის აღმშენებლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და გამსჭვალულნი არიან ეროვნული ინტერესებით. რისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რისთვის იღვრებოდა სისხლი? თუ ქართველმა ხალხმა დაკარგა უძველესი ტრადიციები და ეროვნული ღირებულებები, მაშინ წყალსაც წაუღია ის კავშირი, რომელშიც ჩვენი ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული! სიდუხჭირეში 28-წლიანმა ყოფნამ ჩამოაყალიბა მოსახლეობის გარკვეული ფენა, რომელიც ვერ ათვითცნობიერებს წარსულის ფასეულობებს და, აწმყოს მძიმე პირობებით შეშფოთებული, ეფემერული “ნათელი მომავლით” ცხოვრობს. ასეთი ადამიანები, დარწმუნებული ვარ, არასწორ არჩევანს გააკეთებენ. მეფე ერეკლემ მრავალჯერ სცადა დამოუკიდებლობის შენარჩუნება,მაგრამ ვერ შეძლო. ბოლოს, დიდი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელმაც ქართველობა გადაარჩინა ფიზიკურ განადგურებას. თუ ვინმეს ეს საეჭვოდ ან არასწორად მიაჩნია, ვთხოვ, გადაიკითხოს საქართველოს ისტორია და გადახედოს დოკუმენტურ მასალებს. ბოლოს და ბოლოს, ურწმუნოებს მივუთითებ ილია ჭავჭავაძის ნაშრომზე“ასის წლის წინათ”.
გიორგი კორძაძე
Geworld.ge.