სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით გირგვლიანი მალხაზ კობაურს შეხვდა.
გირგვლიანი, რომელიც საქმეში დღეს ჩაერთო აცხადებს, რომ მალხაზ კობაური არა დამნაშავე, არამედ არის ამდანაშაულის პირდაპირი მოწმე.
„მალხაზ კობაური მოყვა, რა მოხდა სინამდვილეში, რისიც მე მჯერა და თუ ჩვენ ამ საქმის ვერსიას გავიზიარებთ, ამ შემთხვევაში მალხაზ კობაური არა დამნაშავე, არამედ არის ამ დანაშაულის პირდაპირი მოწმე. კობაური ახსენებს ორ უცნობ ადამიანს, საქმეში ჩნდება შავი ფერის ავტომობილი, რომლითაც ორი უცნობი პიროვნება მივიდა ხადას ხეობაში, რომლებმაც მოკლეს სმიტების ოჯახი. მან განაცხადა, რომ ესენი არიან უცხოელები, ქართველებს არ გავდნენ, მეტყველებდნენ ქართულად, თუმცა საუბრობდნენ ისე, თითქოს ჯერ აზრებს ალაგებდნენ და მერე საუბრობდნენ. როგორც კობაური აცხადებს, ისინი დაახლოებით ორ მეტრამდე სიმაღლის იყვნენ, ჩრდილო კავკასიელებს გავდნენ და აქცენტიც უფრო ლეკური ჰქონდათ…
კობაური აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ სმიტების ოჯახის წევრები ამ მამაკაცებს იცნობდნენ. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ მისი ჩვენება იყო თანმიმდევრული და ლოგიკური. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტებით, ერთ-ერთმა მათგანმა მას თოფი წაართვა, მეორე პიროვნებას კი პისტოლეტი ჰქონდა შავი ფერის და შავი ფერის ხელთათმანი ეკეთა ხელზე. ვისი იარაღიდან მოხდა გასროლა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ…
როდესაც კობაური მოუყვა გამომძიებელს ყველაფერს, არავინ დაუჯერა, სთხოვდნენ, რომ ეღიარებინა დანაშული, იმყოფებოდა ფსიქიკური ზეწოლის ქვეშ და მოუწია ამ წნეხის პირობებში აღიარებითი ჩვენების მიცემა. მალხაზ კობაური ამ ორი ადამიანის ტყვე იყო. ეს ორი პიროვნება მას ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ. ამიტომ სდუმდა ის დღეები, ეშინოდა. მას აღენიშნება მცირედი დაზიანება, ამ მცირედ დაზიანებაზეც ექსკლუზიურად თქვენ გეტყვით, რომ ეს არის ნიკაპზე. პოლიციელებს მისთვის არ მიუყენებიათ დაზიანება, ეს დაზიანება მიაყენა ერთ-ერთმა პიროვნებამ იმ ორიდან, რომელიც მას ცალკე აკავებდა და არ მისცა საშუალება, რომ კობაური დახმარებოდა სმიტების ოჯახს, როდესაც მეორე პირი მაიკლ სმიტს სასიკვდილოდ იმეტებდა”, – განაცხადა ადვოკატმა.
NEWPOSTS.GE