პროექტების შესრულებაზე ვადების დარღვევის გამო კონტრაქტორ კომპანიებზე 400 ათას ლარზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ ,,საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, პროექტების დიდი ნაწილი, სადაც დარღვევებს აწყდებიან, ადრე არის მომზადებული.
,,ფაქტიურად ხშირად საქმე გვაქვს გაუმართავ საპროექტო გადაწყვეტებთან, რეალურად ეს პროექტები არის ადრე მომზადებული და დღევანდელ რეალობაში, როდესაც ხდება კონტრაქტორების მიერ ამ პროექტებზე მუშაობა, ძალიან ბევრი ხარვეზი და ნაკლოვანება იქნა აღმოჩენილი, რომლის გამოსწორებასაც დრო სჭირდება. თუმცა, არის ისეთი პრობლემებიც, რომელიც გამოწვეულია უკვე კონკრეტულად კონტრაქტორების მხრიდან ჯეროვან შესრულებასთან და ვადებათან დაკავშირებით, ეს პრობლემა არის როგორც გზების, ასევე წყალმომარაგების სისტემების მშენებლობაში“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე განმარტებით, ამის აღმოფხვრის მიზნით კომპანიების მიმართ გამკაცრებულია სანქციები, რამაც გარკვეულწილად შედეგი უკვე გამოიღო.
,,ჩვენ ამის აღმოფხვრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დავიწყეთ, ძალიან გამკაცრებულია ვადებთან მიმართებაში მოთხოვნები. თუ ბოლო სამთვიან პერიოდს ავიღებთ, დაახლოებით 400 ათას ლარზე მეტია ჯარიმების სახით ვადაგადაცილებულ პროექტებზე გამოწერილი და ამ თანხის 85% უკვე ბიუჯეტშია აკუმლირებული. ნამდვილად არ გვახარებს ეს სიტუაცია, მაგრამ ეს არის ერთადერთი ზომა, რაც შეგვიძლია მივიღოთ“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
commersant.ge