სოხუმმა სალომე ზურაბიშვილს უპასუხა

სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება დღეს ოკუპირებულ რეგიონში  გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ “აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის ნების დემოკრატიული და  თავისუფალი გამოხატვის ყველა ნორმისა და სტანდარტის დაცვით წარიმართა”. 

დე ფაქტო ხელისუფლების სახელით ეს განცხადება ე.წ. “პრეზიდენტის” პრეს-სპიკერმა ნაალა ავიძბამ გააკეთა.

«საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში ახალი არაფერი იყო, მანამდე იგივე მოვისმინეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის ნების დემოკრატიული და  თავისუფალი გამოხატვის ყველა ნორმისა და სტანდარტის დაცვით წარიმართა. ჩვენთან იმყოფება ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელმაც საარჩევნო პროცესის გამჭვირვალეობა და დემოკრატიულობა აღნიშნა. აფხაზეთის რესპუბლიკა თავდაჯერებულად აგრძელებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით განვითარებას», – განაცხადა, «Нужная газета»-ს ინფორმაციით, ავიძბამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნები დაგმო, შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერით“ გაავრცელა.

„დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“. საქართველო გმობს ამ ფიქტიურ პროცესს, როგორც ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის კიდევ ერთ შელახვას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართა. როგორც საოკუპაციო რეჟიმი იუწყება, „პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის და მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა“. 
accent.com.