ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ტექნიკური შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედრას წინ უძღოდა დე ფაქტო ცხინვალის მიერ სოფელ წნელისთან ე.წ. სასაზღვრო ბანერის დამონტაჟება.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
„უწყების“ ინფორმაციით, ბლოკპოსტის მშენებლობა ე.წ. ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაა.
მანამდე საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანასთან ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა, რის მიზეზადაც „ქართული მხარის მხრიდან პროვოკაციების აღკვეთა“ დაასახელა.
ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.
imedi