პაკისტანმა ინდოეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი საკუთარ საჰაერო სივრცეში არ შეუშვა

ინდოეთის პრეზიდენტის რამ ნათხ კოვინდის თვითმფრინავის პაკისტანის საჰაერო სივრცეში შეშვებაზე ნიუ-დელის თხოვნას ისლამაბადმა უარით უპასუხა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

„ეს გადაწყვეტილება ინდოეთის ქცევიდან გამომდინარე მივიღეთ“, – განაცხადა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მეჰმუდ კურეშიმ.

მიმდინარე წლის აგვისტოში პაკისტანის პრემიერმა იმრან ხანმა არ გამორიცხა, რომ ისლამაბადი ინდოეთისთვის საკუთარ საჰაერო სივრცეს მთლიანად დახურავს, რაზეც ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში ნიუ-დელი შესაბამის ზომებს მიიღებს.

დაძაბულობამ რეგიონში 2 აგვისტოს იმატა, როდესაც ინდოეთის მთავრობამ ქაშმირში ტერორისტული აქტის საფრთხის შესახებ განაცხადა და შტატში დამატებითი ძალები შეიყვანა.

ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც 6 აგვისტოს ინდოეთმა ჯამუს და ქაშმირის შტატებს განსაკუთრებული სტატუსი გაუუქმა: მათ ადგილზე შეიქმნება ორი ტერიტორია შტატზე ნაკლები თვითმმართველობის უფლებით. ქაშმირის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მუსლიმია; პაკისტანი მათ ტრადიციულად მხარს უჭერს.

ინდოეთმა და პაკისტანმა ქაშმირი 1947 წელს გაიყვეს, როცა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქაშმირისთვის მხარეებმა ორჯერ იომეს.

imedi