„უკიდურესი შეშფოთების საგანია ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს ქმნის“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომას.
„საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა გაურკვეველი ვადით კრიტიკულ ჰუმანიტარულ პირობებს ქმნის ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის და აბრკოლებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ვითარების დეესკალაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
აღნიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილს, სხვადასხვა აგრესიული ქმედებებითა და პროვოკაციებით ადგილზე ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
მსგავს დესტრუქციულ ამოცანებს ემსახურება აგრეთვე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავება, იქ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნის განთავსება და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყება“, – აღნიშნავს კონსტანტინიდი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას და მის საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროვოკაციული მოქმედებები და საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყონ.
ასევე, უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს დაუკავშირდა. ასევე, ქართულმა მხარემ საკითხი დასვა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ეუთოს მუდმივ საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში და აქტიური ჩართვის თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.
„საკითხი კიდევ ერთხელ განიხილება მომავალ ორშაბათს თანათავმჯდომარეებთან საგარეო უწყებაში დაგეგმილ შეხვედრაზე. ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ვიყენებთ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა შესაძლებელი გახდეს უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცხინვალის დეფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი ორ გამშვებ პუნქტზე „მოსაბრუნსა“ და „სინაგურში“ ჩაკეტა. როგორც დეფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. საზღვარი ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით ჩაიკეტა, რომელიც ვითარების ნორმალიზების შემდეგ გაიხსნება.