პარლამენტის გადაწყვეტილება 2 სამსახურში მუშაობა კანონმდებობით იკრძალება

ორ ან მეტ სამსახურში ერთდროულად მუშაობა შესაძლოა აიკრძალოს. ამას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.
„აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება თუ დასაქმებულის მიერ მეორე და/ან შემდეგი სრული და/ან არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა V თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი”, – ნათქვამია კოდექსის პროექტში.

შრომის კოდექსის მეხუთე თავში ნათქვამია, რომ „დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს“, ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

იმისთვის, რათა მოქალაქემ ერთზე მეტ სამსახურში შეძლოს მუშაობა, მისი პირველი სამუშაოს შესრულებამ დადგენილი მაქსიმალური ლიმიტები არ უნდა შეავსოს.
კანონპროექტის ინიციატორის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, რომ მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებით 2 სამსახურში დასაქმება აიკრძალება. მისი თქმით, ინიციატივის მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა არ აიძულოს იმაზე მეტი მუშაობა, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა მისაღები.
ცქიტიშვილის თქმით, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს, რომ მოქალაქეებს ვინმემ ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს.
„ადამიანი თუ მუშაობს 2 ან მეტ სამსახურში, ეს მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ თუ თვითონ ჩათვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა და აიძულებენ იმაზე მეტ მუშაობას, ვიდრე ეკუთვნის, ამისთვის სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ზემოქმედების მექანიზმები. ეს არ გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას, მით უმეტეს თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, შეზღუდვების დაწესება არ შეიძლება მომსახურების სფეროში. აქ საუბარია უფრო ეფექტურ მექანიზმებზე, რომ ვინმემ კანონი მოქალაქეების შრომის ექსპლუატაციისთვის არ გამოიყენოს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა. 
შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშიც გააკეთეს და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება.
მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, როგორიც არის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, უფრო მეტად უნდა იყოს განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან. „მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის, ანუ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის უფლებები,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია წარმოდგენილ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასება, რათა განისაზღვროს, რა გავლენას იქონიებს აღნიშნული პროექტი ბიზნესგარემოზე და ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობაზე ქვეყანაში.
timenevsi