სიმონ კილაძის ბლოგი: „საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელსაც ძალიან ელოდნენ“
თურქეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ორგანიზაციამ „კვლევა, შეფასება, ანალიზი“ გამოკითხვა ჩაატარა ქვეყნის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემებისა და მიღწევების შესახებ, რომლის შედეგები ამ დღეებში თურქულ მასმედიაში გამოქვეყნდა. როგორც ადგილობრივი პრესა და რადიო-ტელევიზია იუწყება, კვლევა თურქეთის რესპუბლიკის 26 პროვინციაში 19-30 აგვისტოს ჩატარდა, გამოიკითხა 1721 ადამიანი, რომელთა ასაკი 18 წელზე მეტია. გთავაზობთ გამოკითხვის ზოგიერთ შედეგს:
„მხარდაჭერა ისევ მმართველ პარტიას და ისევ რეჯეფ ერდოღანს“
ბუნებრივია, ყველაზე მთავარი საშინაოპოლიტიკური კითხვა ასეთი იყო: „უახლოეს კვირაში რომ არჩევნები ჩატარდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხულებმა ასე უპასუხეს: სამართლიანობისა და განვითარების პარტიას – 37,5% (ეს თურქეთის მმართველი ზომიერი ისლამისტური პარტია გახლავთ), სახალხო-რესპუბლიკურ პარტიას (ოპოზიციურ-ქემალისტური) – 22,8%.
რაც შეეხება კითხვას – „ვის აირჩევდით პრეზიდენტად“, პასუხები ასე განაწილდა: რეჯეფ ტაიპ ერდოღანს – 39,1%, ეკრემ იმამუღლუს – 28,6% (სტამბოლის მერს, ოპოზიციონერს).
თურქებს ყველაზე მეტად ეკონომიკური სიტუაცია აწუხებთ
კითხვაზე, „რომელი პრობლემაა ამჟამად თურქეთისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი“, გამოკითხულთა 44,9%-მა უპასუხა, რომ ეკონომიკა, 17%-მა დაასახელა უმუშევრობა, 6%-მა – სირიელი ლტოლვილები, 5,2%-მა – ტერორიზმი, ხოლო 2,9%-მა ყურადღება გაამახვილა დემოკრატიის პრობლემებზე, ადამიანის უფლებებზე, სამართალზე და სამართლიანობის დაცვაზე.
„მხარს ვუჭერთ რუსული რაკეტების ყიდვას!“
ერთ-ერთი კითხვა კონკრეტულ საკითხს ეხებოდა: „როგორ აფასებთ თურქეთის მიერ რუსეთისაგან С-400 რაკეტების ყიდვას, აშშ-ისა და ნატოს საწინააღმდეგო პოზიციის მიუხედავად?“. პასუხები ასე განაწილდა: „მხარს ვუჭერ“ – 74,9%, „არ ვუჭერ“ – 14,9%. თავი შეიკავა გამოკითხულთა 7,3%-მა.
ვინაა თურქეთის უპირველესი მეგობარი ქვეყანა?
რასაკვირველია, კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გვერდი არ აუარეს თურქეთის საგარეოპოლიტიკურ კურსს და შესაბამისი კითხვაც დასვეს: „რომელია თურქეთის მტრულად და მეგობრულად განწყობილი ქვეყნები“ (“დოსტები” და “დუშმანები”). გამოკითხვისას საინტერესო შედეგები გამოვლინდა: თურქების 94,5% მტრად ნატოელ მოკავშირეს – ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს. მეგობრულად განწყობილი ქვეყნებიდან პირველი ადგილი დაიკავა აზერბაიჯანმა (83%), მეორე ადგილი – რუსეთმა (16,3%) და მესამე… ჩინეთმა (10,2%). ყველაზე ბოლო ადგილები, რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ისრაელს და სომხეთს ერგო – შესაბამისად, მათ მეგობრად თვლის თურქების მხოლოდ 0,3 და 0,2%.
თურქეთის მიმართ მეგობრულად განწყობილ ქვეყნებს შორის საქართველო რატომღაც არ ფიგურირებს – ალბათ, ორი მიზეზით: პირველი – ჩვენი ქვეყნის დასახელება თავიდანვე არ იყო ნაჩვენები ჩამონათვალში და მეორე – მეგობრად იმდენად მცირე რაოდენობის თურქმა ჩაგვთვალა, რომ გამოკითხვის ორგანიზატორებმა მისი საჯაროდ ჩვენება საჭიროდ არ მიიჩნიეს.
Geotimes.ge