პოეტ ვაჟა ოთარაშვილის ერთ-ერთი ლექსის ამ სტრიქონის რუბრიკით ამჟამად მოგაწვდით ჩვენს სტატიას:
ბატონო პრემიერ-მინისტრო, სასწრაფოდ გააუქმეთ ქართული ეკონომიკის
მაოხარი კვირიკაშვილისეული ვითომ ესტონური მოდელი!
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ წამოწყებული ვითომ ესტონური მოდელი ქვეყნის სასარგებლო რაიმე ეკონომიკური რეფორმა კი არა, კიდევ უფრო გამდიდრებისათვის მდიდარ მსხვილ მეწარმეთა კასტაზე მორგებული ეკონომიკური პროვოკაცია რომ იყო, ამას ამაოდ თავიდანვე ვაცხადებდით პრესაში და შემდეგშიც გავიმეორეთ რამდენჯერმე. სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდით. 3 წელიწადია მიმდინარეობს ვითომ ესტონური მოდელის რეფორმა, რომელიც ბიუჯეტს ყოველწლიურად 800 მილიონი ლარი უჯდება და რა შედეგები გვაქვს? დადებითი არაფერი და უარყოფითი კი მრავალი. მაგალითად, ბიუჯეტიდან ამოღებული 800 მილიონი ლარის შესავსებად საწვავზე და სიგარეტებზე აქციზებისა და, შესაბამისად, სამომხმარებლო ფასების 20%-იანი გაზრდით ისედაც დამშეულ-გაღატაკებული მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად დამშევა-გაღატაკება, გაძვირებული საწვავისა და, განსაკუთრებით, სიგარეტის ბიზნესების კიდევ უფრო ღრმა ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლა, როცა თბილისის ჩათვლით მთელ საქართველოში უსაშველოდ გაძვირებული სიგარეტები მალულად პირდაპირ ჩანთებიდან იყიდება. ამის გამო 2012 წელს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში ოფიციალურად დაფიქსირებული 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა კიდევ უფრო გაზრდილია და უფრო ასუსტებს ისედაც გაუბედურებულ ჩვენს ეკონომიკას.
ბუნებრივია კითხვა, რომელზედაც წლებია პასუხს ვერ ვიღებთ: ვის და რას ხმარდება ბიუჯეტიდან ამოღებული ეს 800 მილიონი ლარი? ცხადია, არა საკანონმდებლო ვაკუუმში მოქცეულ, სტატუსგაურკვეველ და პრაქტიკულად განადგურებულ, მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელ მცირე მეწარმეებს, რომლებსაც მიზანმიმართულად 13 წლის წინ გაუუქმეს და დღემდე არ აღუდგინეს ერთადერთი ჩარჩო-კანონი, ერთადერთი მართვის ცენტრი და ერთადერთი საინვესტიციო ფონდი!
მაშ, ვის ხმარდება? მხოლოდ მსხვილ მეწარმეებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესის გაფართოებისათვის მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებით სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარ 800 მილიონ ლარს ნამდვილად რომ არ იყენებს მიზანმიმართულად ბიზნესის გასაფართოებლად, ამას ცხადად ადასტურებს ბოლო სტატისტიკური მონაცემები: 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ამ ვითომ ესტონური მოდელით, 2017 წლის ბოლოს ბიუჯეტიდან ამოღებული 800 მილიონი ლარის მოგების გადასახადიდან ბიზნესებში რეინვესტირებული იქნა მხოლოდ 100 მილიონ ლარამდე, შემდეგ 2 წელიწადში გაზრდის ნაცვლად რეინვესტიცია თანდათან კიდევ უფრო შემცირდა და ამჟამად შეადგენს დაახლოებით 20-მილიონ ლარს!
აქედან გამომდინარე, კორუფციის შემცველი კვირიკაშვილისეული ვითომ ეს ესტონური მოდელი უნდა გაუქმდეს და მოგების გადასახადი სრულად დაუბრუნდეს ბიუჯეტს. გამონაკლისის სახით კი ამ რეინვესტირებული მოგების გადასახადით თუ ვინმე მართლა რეალურად აფართოებს ბიზნესს მთავრობაში წარდგენილი ბიზნეს-გეგმის გრაფიკის მიხედვით, მკაცრი კონტროლის ქვეშ მხოლდ მათ უნდა მიეცეთ დამთავრების საშუალება. ისიც საკითხავია, თუ რამდენად შეესაბამება კვირიკაშვილის მიერ წამოწყებული ვითომ ესტონური მოდელი მსოფლიოში აღიარებულ იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც ესტონეთში დიდი წარმატებით განახორციელა პრემიერ-მინისტრმა მარტ ლაარმა. ამ რეფორმებმა კი ყველაზე უფრო შეუწყო ხელი ესტონეთში მცირე მეწარმეობის არნახულ აღორძინებას!
ეს ხაზგასმით აღნიშნა შარშან თავის ერთ-ერთ ქართულ სატელევიზიო არხზე გამოსვლის დროს საქართველოში ესტონეთის ქალბატონმა ელჩმა. გარდა მცირე მეწარმეობისა, ესტონური რეფორმები ითვალისწინებდა აგრეთვე საგადასახადო კოდექსის რეფორმირებას და გადასახადების რეგულირებას ოპტიმალური საგადასახადო ტვირთებიდან გამომდინარე, ანუ ზუსტად იმას, რასაც 2000 წელს გვთავაზობდა და არ გავაკეთეთ მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი სტენლი ფიშერი: 2-ჯერ შეამცირეთ გადასახადები და 3-ჯერ გაგეზრდებათ საგადასახადო შემოსავლებიო. რის ხარჯზე? საქართველოში მძვინვარე 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკის 50%-იანი გათეთრებითა და ჩრდილში ეკონომიკის მხოლოდ 22%-ის დატოვებით!
2006 წელს სწორედ ამის გაკეთებას აპირებდა საქართველოში სააკაშვილის ეკონომიკურ მრჩევლად მოწვეული, ესტონური რადიკალური ეკონომიკური რეფორმების მამამთავარი მარტ ლაარი და ეს იქნებოდა ნამდვილი ესტონური მოდელი და არა ის, რაც შემოგვთავაზა კვირიკაშვილმა და 3 წელიწადია აოხრებს ქართულ ეკონომიკას. მე დღემდე შემონახული მაქვს პრესა, სადაც აღტაცებაა გამოხატული თითქმის უკვე გადაწყვეტილი მარტ ლაარისებური გადასახადების 2-ჯერ შემცირებით. სამწუხაროდ, საერთაშორისო სავალურო ფონდის დავალებით მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მარტ ლაარი დაბლოკა და გააქცია საქართველოდან, ხოლო მარტ ლაარისებური მცირე მეწარმეობის პროგრამა კი არ გააგრძელა, პირიქით, ჩაიდინა რა უდიდესი ეროვნული დანაშაული, 2006 წელს საერთოდ გააუქმა მცირე მეწარმეობის ერთადერთი ჩარჩო-კანონი და გაწირა ქართველი ხალხი უმუშევრობა-სიღატაკისათვის!
სამწუხაროდ, კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის მაფიოზურმა დუეტმა ააოხრა ქართული ეკონომიკა კორუფციული სქემებით ჩახლართული ვითომ ესტონური მოდელით და ნოღაიდელისეული მცირე მეწარმეობის აღგვით პირისაგან მიწისა. სწორედ ამ დუეტმა დაბლოკა მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარებაზე, ანუ მოსახლეობის დასაქმებაზე და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა (რომელთა შორის 2 მილიონზე მეტი მეანაბრეა!) ზარალის ანაზღაურებაზე, ანუ სამართლიანობის აღდგენაზე დაფუძნებული, 57-გვერდიანი, ჩვენს მიერ სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა N6333) „საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა“, რომელიც 2015 წელს პარლამენტიდან წინასწარი განხილვებისთვის გადაეგზავნა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს.
2016 წლის 25 თებერვალს ფინანსთა სამინისტროში ჩატარდა „კონცეფცია-პროგრამის“ დადებითი განხილვა, ეკონომიკის სამინისტროში კი დღემდე არ იხილება და დაბლოკილია. სამაგიეროდ, ფინანსთა სამინისტროში დადებითი განხილვის მეორე დღესვე, 2016 წლის 26 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის N100 დადგენილებას საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარების 2-წლიანი და 5-წლიანი პროგრამების ამოქმედება-დაფინანსებაზე. არადა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მთელი 2015 წელი იმ მოტივით აყოვნებდა ჩვენი „ კონცეფცია-პროგრამის“ საკომიტეტო მოსმენას, რომ შემოვა მცირე მეწარმეობის სამთავრობო პროგრამები და ყველას ერთად განვიხილავთო. კვირიკაშვილმა კი თავის აბდაუბდა პროგრამებს ყოველგვარი საპარლამენტო მოსმენა-განხილვის გარეშე მოაწერა ხელი.
2-წლიანი პროგრამა 4 წელია უკვე ამოქმედებულია, მაგრამ პრაქტიკული ეკონომიკური შედეგები ნულია. გარანტირებული ნულოვანი შედეგებით დასრულდება 2020 წელს 5-წლიანი პროგრამაც და ათეული მილიონობით ლარის საბიუჯეტო თანხები აღმოჩნდება წყალში გადაყრილი, რადგან დიდი ეჭვებით საქმე გვაქვს ფულის გათეთრებასთან. ამას ადასტურებს 2016 წლის გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული აუდიტის მონაცემები, რომ ეკონომიკის სამინისტროში ეკონომიკურ პროგრამებზე მუშაობს 275 კაცი 16 მილიონი ლარის წლიური ბიუჯეტით!
ამრიგად, ქართული ეკონომიკის მაოხარი კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის მაფიოზური დუეტის მიერ წყალშია გადაყრილი ვითომ მცირე მეწარმეობის პროგრამებზე დახარჯული ათეული მილიონობით ლარი და ვითომ ესტონურ მოდელზე დახარჯული ასეული მილიონობით ლარი. სოციალურ-ეკონომიკური შედეგები კი ნულია. ამ დროს ქართული ოცნება 5 წელიწადზე მეტია ვერ იმეტებს 0,5 მილიონ ლარს ჩვენი უნიკალური „კონცეფცია-პროგრამის“ ერთჯერადი დაფინანსებისათვის. დაფინანსების შემთხვევაში საქართველოში დაიწყება მილიონობით სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის უწყვეტი ტრანსფორმაცია-კაპიტალიზაცია ჯერ ჩვენს მიერ მიგნებულ-დაპატენტებულ საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებად და შემდეგ ახლად გახსნილ, ევროპული სტატუსის, გარანტირებულ მაღალ მოგებებზე მომუშავე მცირე სამრეწველო საწარმოების (სადაც 1 დასაქმებული არასამრეწველო ბიზნესებში ავტომატურად, ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, დამატებით ასაქმებს 5 კაცს!) უფასო ადგილობრივ ინვესტიციებად მანამდე, სანამ სრულად არ ამოიწურება სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალი.
იმედია, ქართული ოცნება ქართველი ხალხის მართლაც საოცნებო ამ ეკონომიკური „კონცეფცია-პროგრამის“ დასაწყებად 5 წლის შემდეგ მაინც გაიმეტებს 0,5 მილიონ ლარს და ამით გამოასწორებს კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის მაფიოზური დუეტის მიერ ქართული ეკონომიკის აოხრებით დაცემულ ქართული ოცნების პოლიტიკურ რეიტინგს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ.
ანზორ საკანდელიძე
რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე
QartuliIdea