რომელი პროდუქტები ძვირდება და რა დამატებით გადასახადს დაგვაკისრებენ მოსახლეობას? – ივანიშვილის ხალხის ძარცვის მორიგი ტალღა?

რა ცუდ სიურპრიზს უმზადებს ხელისუფლება ხალხს? – რომელი პროდუქტები ძვირდება და რა დამატებით გადასახადს დაგვაკისრებენ  მოსახლეობას?

ორიოდე დღის წინ, სარეიტინგო სააგენტო სტანდარტ ენდ ფურმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით გაზარდა და ატყდა ერთი ამბავი, ეს წინსვლა ინვესტორების ნდობის შედეგი და სწორი მენეჯმენტის ბრალიაო. რა თქმა უნდა, წინსვლა კარგია, მით უმეტეს, როცა ამას წამყვანი სააგენტო ამბობს, მაგრამ მოდით ისიც ვთქვათ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდან დაწყებული, მმართველი გუნდის კარის ექსპერტებით დამთავრებული, ყველა იტყუება. იტყუებიან თუნდაც იმას, რომ ეს დაწინაურება იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ეკონომიკა რეგიონში თურმე ყველაზე მყარად და სტაბილურად ვითარდება და წინ მიიწევს.

პირველ რიგში, იმით დავიწყოთ, რომ ეს წინსვლა (თუნდაც ერთი საფეხურით), პირველია 2011 წლის შემდეგ, ანუ ბოლო 8 წელია, წინსვლა არ გვქონია. თანაც, ჩვენი რეიტინგის სტატუსი გახდა ბი-ბი, ანუ სტაბილური. მე თუ მკითხავთ, 8 წელი ერთსა და იმავე ადგილს რომ ტკეპნი, სტაბილურობაში გეთვლება და ლოგიკურიცაა, რომ სტაბილური სტატუსი გვაქვს. წინ რომ მივდიოდეთ, სხვა სტატუსი გვექნება და ნურც იმას ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ინვესტორთა ნდობის შედეგია. ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად ის სახელდება, რომ ინვესტორები არ არიან და ბოლოს მსხვილი ინვესტორი როდის დაინტერესდა საქართველოთი, ბევრს აღარც ახსოვს. ანუ, ეს არ არის მიზეზი და სავარაუდოდ, მიზეზი სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ვასახელებთ – ერთი ადგილის ტკეპნა რვა წლის განმავლობაში.

ესეც არ იყოს, რეგიონში თუ ყველაზე სტაბილური და მზარდი ეკონომიკა გვაქვს (როგორც ამას მინისტრი ამბობს), რატომ არის, რომ ყველაზე მეტჯერ ხელისუფლებამ სწორედ ეკონომიკის მინისტრები შეცვალა? ანუ, წინსვლა და სტაბილურობა არ მოსწონდა და ცვლიდა? ესეც არ იყოს, რატომ არის, რომ ყოველ გაუფასურებაზე მეზობლების არასტაბილურ ეკონომიკას ვასახელებთ მიზეზად, ანუ შოკებსა თუ შოკუნიებს? თუ სტაბილური და ყველაზე მდგრადი ეკონომიკა გვაქვს, რატომ გვარყევს მეზობლების არამდგრადობა?! მოკლედ, წინსვლას გილოცავთ ბატონებო, მაგრამ კარგი იქნება, თუ ეს წინსვლა მოსახლეობაზე აისახება და რაც მთავარია, რვა წელიწადში ერთხელ არ მოხდება.

ახლა რაც შეეხება სხვა „წინსვლებს“. როგორც ვივარაუდეთ, ტაქსების რეფორმა სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევდა და ასეც მოხდა. მეტროში იმდენი მგზავრია, ბევრს 90-იანი წლები ახსენდება, თუმცა რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ჩადიხარ მეტროში, 90-იანებია, ამოდიხარ და… ისევ 90-ანებში ხვდები. შესაძლოა, ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაგვეთანხმონ, მაგრამ…

აბა, თუ მიხვდებით, რა გახდა დეფიციტური ბოლო დროს ქართულ ბაზარზე? ე.წ. „პაჩკის“ მარილი ბატონებო და იცით, რატომ? იმიტომ, რომ თურმე კონსერვების სეზონი იყო და მოსახლეობამ ზამთრისთვის ბევრი კონსერვი გააკეთა, მარილი დიდი რაოდენობით მოიხმარა და დეფიციტიც შეიქმნა. ეს ოფიციალური ვერსიაა, თუმცა რეალობა ცოტა სხვაგვარი გახლავთ. კონსერვები შარშან და შარშანწინაც გააკეთეს, მაგრამ მაშინ დეფიციტი არ შექმნილა. „პაჩკის“ მარილის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან შემოდიოდა და საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, მარილის შემოტანა არავის გახსენებია, რადგან უფრო მოთხოვნადი პროდუქტებია თავში საცემი. უფრო მოთხოვნადი კი იმიტომ, რომ მარილი სხვა დაფასოებითაც იყიდება, თუმცა პურის ქარხნები და საკონდიტრო საცხობები სწორედ „პაჩკის“ მარილს იყენებენ და დეფიციტიც ამან შექმნა. ჩვენი ინფორმაციით (და ეს ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზიების ქსელის მეპატრონემ მოგვაწოდა), ორშაბათიდან, ანუ 14 ოქტომბრიდან მარილის პრობლემა მოგვარდება და ის ქსელში გამოჩნდება, რადგან სახმელეთო გზით შემოვიდა საქართველოში, მაგრამ ფასი მინიმუმ 20%-ით იქნება გაზრდილი. პური ცოტა ხნის წინ გაძვირდა, ახლა მარილი და ლოგიკურად, პურ-მარილი გაგვიძვირდა ქართველებს.

ბარემ კიდევ „გაგახარებთ“ და გეტყვით, რომ ზამთარში გაზის გამოყენებას შემოწმების გარეშე ვერ მოახერხებთ და ამ შემოწმების თანხას თავად გადაიხდით. ეს კანონპროექტი უკვე მომზადებულია, ძალიან მშვიდადაც შეიტანეს პარლამენტში და დაჩქარებული წესითაც მალე მიიღებენ, ოღონდ ხმამაღლა ამაზე ჯერ არავინ საუბრობს. ჩვენ კი მტკიცებით ფორმაში გეტყვით, რომ ბუნებრივი გაზის შიდა გაყვანილობის შემოწმება სავალდებულო მალე გახდება და მოსახლეობას შესაბამისი საფასურის გადახდა აუცილებლად მოუწევს. ცვლილებებს რაც შეეხება, ის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შევა და მიზანი მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რა თანხის გადახდა მოუწევს თითოეულ ოჯახს, მაგრამ იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ თანხის გადაუხდელობისა და შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თქვენი გაზის მრიცხველს ლუქი დაედება და ვეღარ იხმართ. ისე, კარგი იქნება, თუ მოსახლეობა ამ დეტალებს კანონპროექტის მიღების დღეს თუ არ გაიგებს და ეცოდინება, რას და როგორ უპირებენ და რაც მთავარია, რა ეღირება ეს ყველაფერი.

პატარ-პატარა კანონპროექტები, აი ისეთები, მოსახლეობას წვრილ-წვრილი თანხა რომ წაგლიჯონ, კიდევ ბევრია პარლამენტში, მაგრამ ზოგი თაროზეა შემოდებული (აბსურდულობის გამო), ზოგს კი გუგულის კვერცხივით გვაპარებენ ხოლმე. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ თუთუნზე გადასულ მოსახლეობას მოსაწევი გაუძვირდება და თან ისე გაუძვირდება, თქვენი მოწონებული. კანონის თანახმად, თუთუნი დაიბეგრება და ერთი კილოგრამის ბეგარა 60 ლარი იქნება. ანუ, გრამი 6 თეთრით მოიმატებს, ათი გრამი – 60 თეთრით და 100 გრამი… 6 ლარით. ჰოდა, ყველაზე იაფი თუთუნი 100 გრამი 5 ლარი ღირს და მისი ფასი 11 ლარამდე გაიზრდება, საუკეთესო შემთხვევაში. მაგრამ ვინც ძვირიან თუთუნს ეწევა, იმას ნაკლებად შეეხება ეს ყველაფერი, რადგან, თუ 100 გრამ თუთუნში მაგალითად 20 ლარს იხდით, ის 26 ლარი გახდება, ანუ დაახლოებით 25%-ით მოიმატებს, რაც ბევრი არაა, მაგრამ ასეთი ადამიანები საქართველოში უბრალოდ არ არიან, ან მათი რიცხვი თითებზე ჩამოსათვლელია. რატომ? იმიტომ, რომ 100 გრამ თუთუნში ეკონომიის მიზნით 20 ლარს არავინ გადაიხდის და პირდაპირ სიგარეტს შეიძენს. მოკლედ, თუთუნის მწეველების სიხარული ცოტა ხანს გაგრძელდა, ფასი ძალიან მალე ასი პროცენტით მოიმატებს, თუმცა სახელმწიფოსაც გავუგოთ, თქვენზე ზრუნავს ბატონებო, მოწევა მავნებელია.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კომუნალური გადასახადები რომ გაიზრდება და მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას, კარგად მოგეხსენებათ. უფრო მეტად გაძვირდება ის პროდუქტები, რომლებიც ისედაც გაძვირებულები არიან და რაც მთავარია, მოსახლეობა იძულებული გახდება ზამთარში როგორმე მოახერხოს და კარტოფილის გარდა, სხვა რამითაც, ანუ ხორცეულითაც იკვებოს. ხორცზე კიდევ ცალკე გეტყვით. ხელისუფლებამ ეკონომიკის წინ წაწევის მიზნით, კვლავ მოხსნა აკრძალვა და აზიის ქვეყნებისკენ კვლავ დაიძრა ქართული მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის ქარავნები. ამან ხორცზე ფასი გაზარდა. ბარემ იმასაც გაგახსენებთ, რომ პირველებმა სწორედ ჩვენ ვივარაუდეთ ეს ყველაფერი და აღვნიშნეთ, რომ ხორცის ფასი 20 ლარს გადააჭარბებდა, რაზეც რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ დაგვეთანხმა და ახლა ისე იქცევა, ვითომც არაფერი მომხდარა, ანუ ტრადიციისამებრ.

სხვა აბა, რა გითხრათ? სატრანსპორტო კოლაფსის მოგვარების გზებს მალე მოიფიქრებს თბილისის მერია და დამატებითი ტაქსები აუცილებლად შემოვა, რომელსაც შემთხვევით გამოჩენილი და ასევე შემთხვევით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შემოიყვანს. ასე ვცხოვრობთ ჩვენ შემთხვევიდან შემთხვევამდე და ზოგადად, შემთხვევითობაა ჩვენი ყოველდღიურობა.

ანი დვალიშვილი
ალია