“საპროტესტო მუხტი კი არა, მთელი არმიაა უკმაყოფილო ხალხის, მაგრამ…”
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება კახა მიქაია.
– ბატონო კახა, რაც ხდება ქვეყანაში, აქეთ საპროტესტო აქციები , იქით გაჯიქებული ხელისუფლება, რომელიც არ თმობს არსებულ საარჩევნო სისტემას, „ქართული ოცნების“ მომხრეების მივარდნა „ნაცმოძრაობის“ ოფისებთან, რასაც ხალხის ცემა–ტყეპაც მოჰყვა… ეს ყველაფერი მორიგი პოლიტიკური სპექტაკლია თუ რეალურად რევოლუციური სიტუაცია?
– არა, რევოლუციურ სიტუაციას გამოვრიცხავ, რევოლუციას ბოკერია და სააკაშვილი ახლა ვერ მოახდენენ, ეს გამორიცხულია. ეს არის ოპოზიციის მცდელობა ხელისუფლებაში მოსვლისა. ოპოზიციას ძალა არ ჰყოფნის, რომ შექმნას რევოლუციური მუხტი ხელისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება ხელისუფლებას, მოვუწოდებ, ფრთხილად იყვნენ, ჭკუას მოუხმონ, ამ ბრიყვული მოქმედებებით, ამ უგემოვნო პერფორნმანსებით, რაც ქუთაისში, ზუგდიდში, თბილისში და მცხეთაში დადგეს, იქეთ თვითონ არ შექმნან რევოლუციური მუხტი, თავად არ მოახდინოს პროვოცირება და არ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში. ბოკერიას, ნათელაშვილის, ბურჯანაძის და ამ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვა.
– გასაგებია, მაგრამ მაინც მოხერხება უნდა, ბესელია და უგულავა, ბურჯანაძე და ბოკერია, ერთ მაგიდასთან დასვა და ერთად დაიპირისპირო.
– არა, მაგას არაფერი მოხერხება არ უნდა, ვერ დაგეთანხმები. ისინი ხელისუფლებაში მოსვლის გამო უარესებსაც გააკეთებენ. ყველაფერზე წავლენ, ყველაფერზე. ხელისუფლებაში მოსვლის გამო ბოკერია და ბურჯანაძე ერთად დაჯდებიან კი არა, ეშმაკს შეეკვრებიან. სააკაშვილი კარგა ხანია ეშმაკთან შეკრულია და ესენიც მის გზას გაყვნენ. ამ ლიდერებს შორის ძლიერი მაინც სააკაშვილია. შენ წარმოიდგინე, აქ რაიმე რომ მოხდეს და სააკაშვილი დაბრუნდეს, ესენი სად აღმოჩნდებიან. ისევ სააკაშვილი მოექცევა ამ პროცესების სათავეში. თუ ხელისუფლებამ არ დაუშვა კატასტროფული შეცდომები, არა მგონია, რომ ამ ოპოზიციამ შეძლოს რევოლუციური მუხტის შექმნა და ხელისუფლების დამხობა. თუმცა, საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს ნიკა გვარამია, მაგრამ სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს. სასაცილოდ ჩანს ოპოზიცია და სამწუხაროდ, ხელისუფლებაც.
– დავუშვათ და აგორდა რევოლუციური პროცესი, უმეტესობას სჯერა, რომ „ნაცები“ გვერდზე გასწევენ ბურჯანაძესაც, ბესელიასაც და სხვებსაც, ვისთანაც იდეოლოგიური შეუთავსებლობა და ძველი მტრობა აქვთ, ჩაიგდებენ ხელში ხელისუფლებას და ესენი, ბოლოს ისევ ოპოზიციაში აღმოჩნდებიან.
– რა თქმა უნდა. ხელისუფლებაში მოსასვლელად სააკაშვილი გამოიყენებს ყველას და ყველაფერს. ცოტა გულუბრყვილობაა იმაზე საუბარი, რომ სააკაშვილმა მეტამორფოზა განიცადა, გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეა, კოალიციური მთავრობის მომხრეა და დიდი დემოკრატი გახდა. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო – ოპოზიცია არის უსუსტესი, მაგრამ არ შეიძლება ამ უსუსტეს ოპოზიციასთან ისე მოიქცე, რომ შენი სიბრიყვის გამო, ეს ოპოზიცია გააძლიერო. თავის მხრივ ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მე ყოველთვის მომხრე ვიყავი პროპორციული საარჩევნო სისტემისა. პროპორციული სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოების ყველა ფენა წარმოდგენილ იქნას პარლამენტში. მავანთაგან იმის მტკიცება, რომ კოალიციური მთავრობა იქნება არეულობის საფუძველი, ეს არის დაჩი ბერაიას ზღაპრები. დიდებულმა მწერალმა ოტია იოსელიანმა დაწერა „დაჩის ზღაპრები“ და დღეს უკვე „დაჩი ბერაიას ზღაპრებს“ ვუსმენთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომ პროპორციული არჩევნები არ ვარგა და შერეული არჩევნებით აპირებს ქვეყნის აშენებას. დაჩი ამ ზღაპრებს ზეპირად გვიყვება, რადგან წერა არ იცის. რასაკვირველია, არ მჯერა იმ სისულელის, რომ დაჩი ბერაიები, მერაბ ქვარაიები და სხვა მაჟორიტარი დეპუტატები აუჯანყდნენ ბიძინა ივანიშვილს და არ დაემორჩილნენ მას. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი მონოლითური პარტია, როგორიც იყო „ნაცმოძრაობა“, „ქართული ოცნება“ არ არის და არც არის ეს საჭირო. ამიტომ, ცოტა ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ბერაიები და ვიღაცები ვერ დაარწმუნა ბიძინა ივანიშვილმა, 2020 წლისთვის გადავსულიყავით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. თუმცა, ეს ერთი საკითხია. ხელისუფლებას უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მთელ ჩვენს საზოგადოებას, მთელ საქართველოს შეპირდა და ეს შეპირება უნდა შეესრულებინა. ის კონკრეტულად ბოკერიას და სააკაშვილს არ შეპირებია ამას. შესაბამისად, ახლა მთელი საზოგადოებაა მოტყუებული და შეურაცხყოფილი. თორემ იმ პარტიებში არ არის საქმე, 7 000 კაცზე მეტს რომ ვერ კრეფენ და უჯარო გენერლებივით მცირერიცხოვან აქციებს აწყობენ. ხალხის შეურაცხყოფაა აქ პრობლემა.
– „ქართულ ოცნებასაც“ აღარ ჰყავს მხარდამჭერები და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ აქციებიდან, „ნაციონალების“ ოფისებთან რომ მოაწყეს ამ დღეებში. „ნაციონალებივით“ მათაც საკრებულოების, გამგეობებისა და ბაგა–ბაღების თანამშრომლები გამოჰყავთ აქციებზე. ეს ხალხი იმიტომ დადის აქციებზე, რომ სამსახურების დაკარგვისა ეშინიათ. არ გამოვლენ, გაუშვებენ სამსახურებიდან, „ქართული ოცნება“ ჩაიძირება და სხვა პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში, ისინიც უმუშევრად დატოვებენ. ის ხალხი არ ჩანს, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოაგებინა სალომე ზურაბიშვილს, ვინც მართლა წლები ებრძოდა „ნაცებს“ და მათგან მართლა ათასი საშინელება გადაიტანა, ისინი „ქართულ ოცნებას“ „ნაცების“ წინააღმდეგ ბრძოლაში არ მიჰყვებიან, გარეთ საერთოდ არ გამოსულან აი, მაგ ხალხს ნაღდად შეუძლია „ნაცების“ გაცამტვერება და შავ დღეში ჩადება.
–„ქართული ოცნების“ მომხრეებს რაც შეეხებათ, 2016 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნები მოიგო ხალხმა და არა „ქართულმა ოცნებამ“. ხალხი იძულებით აკეთებს არჩევანს „ნაცებსა“ და „ოცნებას“ შორის და სააკაშვილის დაბრუნების შიშით მხარს „ოცნებას“ უჭერს. ასე იყო სალომე ზურაბიშვილის არჩევნების მეორე ტურში. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს გამოჩნდა ზუგდიდის მერის არჩევნების დროს, როდესაც მთელმა ზუგდიდმა დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს და მათი უმეტესობა ამ პარტიის მომხრე არ იყო და არც დღეს არის. თავად პარტიას უმცირესი წვლილი მიუძღოდა საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში. ძალიან კარგი შეკითხვა დასვი. „ქართული ოცნების“ მომხრეებს არ მოუგიათ არც ერთი არჩევნები 2016 წლიდან მოყოლებული. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, მათი სახე კარგად გამოჩნდა ამ დღეებში. მე ვიტყოდი, ამაზრზენი სახე. კი, მათ საკუთარი ბედი აღელვებთ, იმიტომ უდგანან გვერდით „ქართულ ოცნებას“. ბევრი მათგანი ასეთივე „ერთგულებით“ „ნაცმოძრაობას“ ედგა გვერდით, შეიცვალა ხელისუფლება, წითელი მაისურები გაიხადეს, ლურჯი მაისურები გადაიცვეს და „ოცნების“ მხარდამჭერები გახდნენ. ხელისუფლება ოპოზიციას საპროტესტო აქციებს უწყობს და ეს უკვე სასაცილოა. ამ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობის“ დასრულება რომ სდომოდა, საამისოდ ყველა ბერკეტი, მორალური და იურიდიული საფუძველი ჰქონდა, ხალხის უპრეცენდენტო მხარდაჭერა ჰქონდა და გააკეთებდა ამას, მაგრამ არ გააკეთა. კოაბიტაცია და მუდმივად „მიშა მოდის“ და „ნაცები ბრუნდებიან“ რეჟიმში ხალხის ყოფნა არჩია. „ქართული ოცნება“ ვერ აკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნას, ვერ შექმნა მმართველობის ეფექტური სისტემა და არ შეასრულა დანაპირები, მაგრამ აქ არის მთავარი საკითხი. საზოგადოება მაინც შიშით უყურებს „ნაცების“ დაბრუნებას. თუმცა, სულ იმაზე თამაში, რომ სააკაშვილი და „ნაცების“ დაბრუნების შიშით საზოგადოება მხარს დამიჭერსო, ეს პოლიტიკური თამაშები, შესაძლოა, ძალიან ცუდად დაუმთავრდეს „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერშიფს.
– ერთხელაც, შესაძლოა, ეს ბუა რეალობად იქცეს და რევოლუცია აგორდეს.
– მე ვფიქრობ, ხელისუფლება გონივრულად უნდა მიუდგეს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და ყველაზე მთავარი: პრობლემა არ არის ოპოზიციაში, პრობლემა არის დაუსაქმებელ მოქალაქეებში, გაძვირებულ ცხოვრებაში, უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებში, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებში, რომლებიც იმდენია, მათ ჩამოთვლას დიდი დრო დასჭირდება. აი, აქ არის პრობლემა და ხელისუფლება სხვაგან ეძებს პრობლემებს მთავარი პრობლემის გადასაფარავად, მასზე ხალხის ყურადღების გადასატანად. მთავარ პრობლემებს მიხედოს ხელისუფლებამ და მერე ოპოზიცია პრობლემა აღარ იქნება. ხელისუფლებას, რომელიც ხალხს აძლევს იმას, რაც მას სჭირდება, ოპოზიციისა დიდად არ ეშინია, ოპოზიცია ბევრს ვერაფერს დააკლებს მას პოლიტიკური ბრძოლის პატიოსანი მეთოდებით. ისე, ხაზგასმით მინდა ესეც ვთქვა, რომ ხელისუფლება, რომელსაც არ ჰყავს ოპოზიცია, ის ხელისუფლება არ არის. თუმცა, არა ისეთი ოპოზიცია, როგორსაც დღეს ვხედავთ.
– თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოებაში არ არის საპროტესტო მუხტი, ამავდროულად აცხადებთ, რომ ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემაა და მოსახლეობის უმეტესობა გაუსაძლის ყოფაშია. არა მგონია, ამ ადამიანებში, რომელთაც ელემენტარულად პურისა და წამლის ფული არ აქვთ, საპროტესტო მუხტი არ იყოს. ჩემი აზრით, ეს მუხტი არსებობს და მისი გარეთ გამოტანა ვერ ხერხდება. სოციალურ თემებზე პოლიტიკური პარტიები, ფაქტიურად, არ ლაპარაკობენ.
– საპროტესტო მუხტი კი არა, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო ადამიანების მთელი არმია არსებობს. თუმცა, ეს ადამიანები როდესაც ხედავენ, რომ საპროტესტო მოძრაობის სათავეში ბოკერიაა ბურჯანაძესთან და ნათელაშვილთან ერთად, საზოგადოება თავს იკავებს გარეთ გამოსვლისგან და ამიტომ არ იქმნება რევოლუციური მუხტი ამ უკმაყოფილო ადამიანებისგან. რამდენიც არ უნდა იძახოს ნიკა გვარამიამ, დავამხოთ უზურპატორიო, სასაცილოა ეს ყველაფერი, ვერავის დაამხობს. ნიკა გვარამიას და ბოკერიას დასამხობი ხელისუფლება ვერც კი წარმომიდგენია.
– გამოდის, საზოგადოებას ურჩევნია, მშიერი იჯდეს სახლში, ვიდრე „ნაცებს“ გაჰყვეს?
– ძალიან უტრირებ შენ, მაგრამ ფაქტიურად, ასე გამოდის, საზოგადოება თავს იკავებს ამ საპროტესტო პროცესში მონაწილეობისგან, რადგან პროცესის სათავეში ის ხალხია, რომელთა მმართველობის სიმწარე იგემა და აღარ უნდა იმ წარსულის დაბრუნება. წარსულისა, რომელსაც მომავალი არ გააჩნია.
– გამოსავალსაც მივადექით – მესამე პოლიტიკური ძალა უნდა გამოჩნდეს და დაასრულოს ეს მარაზმი. მამუკა ხაზარაძეს და მის გუნდს თუ განიხილავთ მესამე ძალად?
– არა, მამუკა ხაზარაძე მესამე ძალად, ესეც სასაცილოა. კი, პრობლემა ის არის,რომ მესამე პოლიტიკური ძალა არა თუ არ არსებობს, მისი კონტურებიც არ ჩანს, ჯერ ჩანასახშიც კი არ არის. ასეა, სამწუხაროდ. გრძელდება ეს „ნაც–ქოცური“ დაპირისპირება. „ნაცებმა“, უბრალოდ, შეიტყაპუნეს მთელი ოპოზიცია და ზოგჯერ მეღიმება ბურჯანაძეს, ნათელაშვილს და ბოკერიას ერთად რომ ვხედავ.
– ამ მოჯადოებულ წრეზე როდემდე უნდა ვიაროთ?
– ჯერჯერობით არ ჩანს მესამე ძალა, ილუზიებით არ უნდა ვიკვებოთ. 2020 წლის არჩევნებიც ისე წარიმართება, როგორც 2016 წელს წარიმართა, მსგავსი შედეგები დაიდება არჩევნების შემდეგ. შეიძლება ვცდები, ღმერთმა ქნას, მაგრამ მე ვერ ვხედავ მესამე ძალის გამოჩენის შანსს მოკლე ხანში.
– ვერც ეროვნული თუ ე.წ ეროვნული ძალები გაერთიანდნენ, რომ ეს ნიშა მათ დაიკავონ.
– არა, არა, არ მინდა მათზე საუბარი. ვისაც შენ გულისხმობ იმ ეროვნულებში, ისინი სასაუბროდაც არ ღირან. ეწყინოთ, ვისაც უნდა.
ლევან ჯავახიშვილი
ალია