თუ ჩვენ გვექნება დიპლომატიური პრობლემები, საქართველოს უარესი ექნება

“თუ ჩვენ გვექნება დიპლომატიური პრობლემები, საქართველოს უფრო სერიოზული პრობლემები ექნება”, — ასე პასუხობს უკრაინის რადას დეპუტატი დავიდ არახამია საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომელიც სააკაშვილის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას მოყვა. არახამია ზელენსკის პარტიის, ხალხის მსახურის წევრია.

“ეს ხომ აშშ არ არის, რომელიც ამბობს, რომ დიპლომატიური პრობლემები გვექნება, ეს საქართველოა და ამას ნუ დაივიწყებენ. მე თვითონაც ქართველი ვარ და გადასარევად მესმის, როგორ განიხილავს მოქმედი მთავრობა სააკაშვილს. ეს, უბრალოდ, ზეწოლის მოხდენის მცდელობაა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და მსოფლიოში ვერცერთი ქვეყანა ვერ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა”, — განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა მოძმე ერია და ისინი საერთო ენას ყოველთვის გამონახავენ. მისივე თქმით, ხელისუფლების რიტორიკა არასწორია და ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა განიხილებოდეს.

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი გახდეს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ზელენსკის გადაწყვეტილებას კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ.