როგორ მოატყუეს თბილისელები – გაზის ტარიფის ელვისებური გაზრდის მაქინაციები. სემეკი და “თბილისი ენერჯი” შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ისედაც გაჭირვებულ მოქალაქეებს წიხლი ბოლომდე დააჭირეს.

პანდემიისას, როცა ქვეყნის მოსახლეობა ყოველდღიურ კვების ხარჯს ვერ უმკლავდება, ხალხს ბუნებრივი აირი კატასტროფულად გაუძვირეს. როდესაც ჯერ კიდევ თვეების წინ საუბარი მიმდინარეობდა ქვეყამაში სოციალურ გაზის წილის ზრდაზე  და დღის წესრიგში, წესით, ტარიფის გაიაფების საკითხი უნდა დამდგარიყო, სემეკმა მოულოდნელი გადაწყვეტილებით მოსახლეობისთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. 

გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 27 მაისს მიიღო. განახლებული ტარიფით საფასურის გადახდა მოქალაქეებს 1 ივნისიდან მოუწევთ.ამ დრომდე 1 კუბურ მეტრი გაზის ფასი 46,13 თეთრი იყო, 1 ივნისიდან კი ფასი 7,8 თეთრით 53,9 თეთრამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კუბურ მეტრ აირზე 8 ლარით გაიზარდა ფასი.

,,კომპანიან ვალუტის კურსის გამო მოითხოვა მარეგულირებლისგან ტარიფის კორექტირება… მათი მოთხოვნა იყო ლეგიტიმური” – ასე ახსნა კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ფასის ზრდა. მან ასევე განაცხადა, რომ უცხოურ ვალუტასთან მიმართებით ლარის კურსის ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული ბუნებრივი აირის ტარიფის სამომავლოდ გადახედვის საკითხი.

ტარიფი, რომელიც 3 წლით იყო დადგენილი, წელიწად-ნახევარში შეიცვალა. სემეკს არგუმენტად მოჰყავს ის, რომ რომ ტარიფი  2.97-იან კურსზე იყო გაანგარიშებული. “თბილისი ენერჯი” კი გაძვირებას ხსნის იმ არგუმენტით, რომ კურსის სხვაობის გამო გაეზარდა გაზის შესყიდვის ღირებულება – 26 თეთრიდან 34 თეთრამდე, ანუ 30%-ით.  ამ დროს სემეკის მიერ დასახელებული ნიშნულიდან კურსი დაეცა მხოლოდ 10%-ით. ლარი შარშანაც და წელსაც ძირითადად 3.30-ის ფარგლებში ტრიალებდა. ახლა კი საერთოდაც გამყარების გზას ადგას. თუკი მთავარი პრობლემა გაცვლითი კურსია, მაშინ რატომ მოითხოვა კომპანიამ ტარიფის გაზრდა 30%-ით? ლოგიკურად მას მხოლოდ 10%-იანი გაუფასურების დაბალანსება უნდა ეთხოვა. ასეთ შემთხვევაში ტარიფი მაქსიმუმ 3 თეთრით მოიმატებდა.

გამოდის, რომ ,,თბილისი ენერჯი” მოატყუა ყველა და სპეციალურად მოითხოვა ტარიფის ზედმეტად გაზრდა, თანაც მოსწრებაზე იყო, რადგან ყველამ იცის, რომ ზაფხულში ლარი გამყარებას გააგრძელებს და შეიძლება იმ ნიშნულამდეც კი დავიდეს, როცა გაუფასურება ტარიფის გაზრდის არგუმენტად ვეღარ გამოდგებოდა. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ მთელ ამ მაქინაციებში სემეკმა ერთმნიშვნელოვნად კომპანიის მხარე დაიჭირა და მოსახლეობას თვალში ნაცარი შეაყარა.

ბუნებრივი აირის საცალო ფასი დროთა განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა. 20 წლის წინ ის 27 თეთრი ღირდა, შემდეგ 32 თეთრი გახდა. ახლა თბილისში 46 თეთრია, რეგიონებში – 57. ტარიფის პერიოდული ზრდა უკავშირდებოდა როგორც იმპორტის გაძვირებას, ასევე კურსის ცვლილებას. 2006 წლამდე ქვეყანა მთლიანად რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული და 1000 კუბური მეტრი 60 დოლარი ღირდა, რომელიც ჯერ 110 დოლარი, შემდეგ კი 235 დოლარი გახდა. საქართველომ მომწოდებელი შეიცვალა და რუსეთი აზერბაიჯანმა ჩაანაცვლა.

აზერბაიჯანიდან საქართველო გაზს 3 განსხვავებული ტარიფით იღებს. სამივე შემთხვევაში ზუსტი ფასი გასაიდუმლოებულია, თუმცა როგორც ,,კომერსანტმა“ მოიკვლია,  ყველაზე იაფი „შაჰ-დენიზიდან“ მიღებული გაზია, რომელსაც ქვეყანა ტრანზიტის საფასურად ღებულობს, ფასი ამ შემთხვევაში 1000 კუბურ მეტრზე 60 დოლარის ფარგლებში მერყეობს. “შაჰ-დენიზი 2”-ის დასრულების შემდეგ მილსადენის გამტარუნარიანობა წლიურად 9 მლრდ-დან 16 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, 2030 წლისთვის დაგეგმილია შაჰ-დენიზი 3-ის დასრულება რის შემდეგაც ტრანზიტული გაზის მოცულობა 28 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. საქართველოს სპეცფასად 5%, ანუ 1.4 მლრდ კუბური მეტრი ერგება, რაც ამჟამინდელი ჯამური მოხმარების ნახევარზე ოდნავ მეტია.

ასეა თუ ისე, ხალხს გადასახადი უსაფუძვლოდ გაუძვირდა. სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა და სემეკი არის კომპანიის სიცრუის მხარდამჭერი ორგანიზაცია. როგორც ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ ,,რეზონანსს“ განუცხადა, ნარმანიას უწყებამ ნაცვლად მოსახლეობის ინტერესების დაცვისა, მხარი დაუჭირა საშუამავლო კომპანიების მოთხოვნას და დააზარალა საკუთარი მოქალაქეები.

,,გაზის გაძვირება ბევრ პრობლემას შეგვიქმნის.  საქართველოში სულ 2 საშუამავლო კომპანია, რომელიც თვითნებურად ზრდის გატარების საფასურს. ეტყობა, ეცოტავათ, რასაც იღებდნენ.  ბევრი შეცდომაა დაშვებული, მათ შორის 2017 წელს, როცა სატრანზიტო გაზზე, რომელიც გვეკუთვნოდა,  უარი ვთქვით. ალტერნატივა არ გვაქვს, აზერბაიჯანზე ვართ ჩამოკიდებული და რა ხდება, ვხედავთ. 

სოციალური მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ამ პროცესს სერიოზული უკმაყოფილება შეიძლება მოჰყვეს. თუმცა ვხედავთ იმასაც, რომ ხალხს რცხვენია ხმა ამოიღოს, რომ გაძვირდა დენი და გაზი. ქართველებს რატომღაც სირცხვილის მომენტი აქვთ, თორემ სომხეთში, ორიოდე წლის წინ 2 თეთრით გააძვირეს გაზი და ლამის დაინგრა იქაურობა, იმხელა სოციალური უკმაყოფილება მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ აქ რეაქცია არ აქვს ხალხს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ. 

მისი თქმით, ზაფხულში მოხმარება არ არის და იმდენად ვერ იგრძნობენ გადასახადის სიმძიმეს,  სამაგიერიოდ, ზამთარში დააწვება ხალხს, თანაც, გაძვირდება ყველა პროდუქტი, რომლის წარმოებაშიც გაზის კომპონენტი მონაწილეობს.

,,სამწუხაროდ, სემეკის პოზიცია არის გაურკვეველი. არ მახსენედება თითქმის არც ერთი შემთხვევა, რომ კომპანიებისთვის უარი ეთქვა ამ ორგანიზაციას. რატომ არ ასრულებს ვალდებულებას, არ მესმის. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ სემეკი, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა, რეალურად არ არსებობს. დამოკიდებულია ისეთ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, როგორიცაა ,,თელასი“, ,,ენერგო პრო“ და ,,სოკარი“. ისინი არიან მონოპოლისტები და სემეკი მათი მითითებების უბადლო შემსრულებელია. 

შესაძლებელი იყო გადასახადის დაბალანსება, მაგრამ რატომღაც ეს არ გაკეთდა, გაუძვირეს ხალხს ტარიფი ისე, რომ მათი მდგომარეობა ოდნავადაც არ გაითვალისწინეს, ეს არის მოღალატეობრივი ქმედება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. კიდევ უფრო გაღატაკდებიან მოქალაქეები“, – განუცხადა ,,რეზონანსს“ ჭიჭინაძემ.

გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილებე მორალურად გაუმართლებელი და უსამართლოა, არც კანონით არის გამართლებული. როგორც სათბობ-ენერგეტიკული დარგის სპეციალისტი სოსო სიმონიშვილი აღნიშნავს სემეკს 3 წლით ჰქონდა ტარიფი დადგენილი, მაგრამ დაარღვია პირობა და წელიწად-ნახევარში  გადასახადი გააძვირა.

,,გავიძახით, რომ გვსურს  ენერგოდამოუკიდებლობა, ამ დროს მთელი რესურსი უცხოელების ხელში გადადის, თვითონვე მიდის ქვეყანა ამ მიზნის საპირისპიროდ.  უცხოელი ინვესტორის მიერ მიღებული მილიონობით მოგება კი, უცხოურ ვალუტის სახით გადის ქვეყნიდან და აისახება დენის, წყლის, გაზის და სხვა მომსახურების ფასებზე. მერე უფასურდება ეროვნული ვალუტა და ძირს უთხრის ეკონომიკას. 

ხალხს რა ეშველება, ამაზე არავის აქვს პასუხი.  წინა ხელისუფლების დროს, სოციალური საკითხები სხვანაირად გადაწყდა, ჩაიდო ფასში,  გარკვეული სოციალური ჯგუფი შეღავათებით  სარგებლობდა,  მერე უკვე მონეტარიზაცია გაუკეთეს და შეღავათები მოხსნეს, მაგრამ არც მაშინ ყოფილა რეაქცია!  თუ არ მოითხოვ და არ მოგეცემა, ასე წავა ჩვენი საქმე, თუ ხალხი ხმას არ ამოიღებს ამ უსამართლობის წინააღმდეგ. 

მორალური მხარე ერთია, მაგრამ მეორეა კანონიც, როცა 3 წლით დაანგარიშებულია ტარიფი და წელიწად-ნახევარში ასე ნახტომისებურად აძვირებ, აშკარად კანონდარღვევაა. ხალხი ამ გადასახადს ვერ გაწვდება. ამიტომ  თუ არავინ გამოიღვიძა, მდგომარეობა კიდევ უფრო სწრაფად გაუარესდება“, – აღნიშნა სიმონიშვილმა და დასძინა, რომ არჩევნების წინ მთავრობამ წინდაუხედაობა გამოიჩინა და გადადგა ისეთი ნაბიჯი, რაც შეიძლება სამომავლოდ ბუმერანგივით დაუბრუნდეს.

,,ხდება ხოლმე, ხელისუფლება, როდესაც მეორე ან მესამე ვადით არის დანიშნული,  ბევრად უფრო მოუზომავ ნაბიჯებს დგამს, უფრო მეტად ცდილობს ხალხის გაყვლეფას და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.  ესენი  არჩეული თანამდებობის პირებად კი არა,  ხელმწიფეებდად გრძნობენ თავს და ყველაფერზე მიდიან.  სემეკი საერთოდ რა საჭიროა, მაგრამ არსებობს იმისთვის, არ მისცეს კომპანიებს ზედმეტად გაძვირების საშუალება. როგორც ყოველთვის ამ კონკრეტულ სიტუაციაშიც მან  მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ იმოქმედა“, – განაცხადა ,,რეზონანსთან“ სიმონიშვილმა. 

მთლიანობაში 2013 წლიდან დღემდე დედაქალაქში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 18.7%-ით გაიზარდა. იქამდე, ანუ 2013 წლის მარტში ქართულმა ოცნებამ დაპირება ნაწილობრივ შეასრულა და გაზი 10%-ით, ანუ 5 თეთრით გააიაფა.
rezonansi.