პანდემიამ საქართველო სიღარიბის ჭაობში კიდევ უფრო ღრმად ჩაფლა. ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ხოლო ყოველი მეხუთე ზრდასრული ოფიციალურად ღარიბ-ღატაკია.

გასული წლის მეორე ნახევარში და წლის პირველ კვარტალში, რაც პანდემია არსებობს და ქვეყანაში შეზღუდვები გვაქვს, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა და საქართველო იმ 10 ქვეყანას შორისაა, სადაც უმუშევრობა ყველაზე მაღალია. ეს არის შედეგი იმისა, რომ ქვეყანაში ვერაფრით მოხერხდა სასურსათო უსაფრთხოების სახემწიფო პროგრამის განხორციელება.

“საქსტატის” ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით 18.5%-მდე გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალში საერთოდაც 21.9%-ს მიაღწია. უმუშევრობის ზრდასთან ერთად, შემცირდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობაც. 

“2020 წელს სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წელთან შედარებით, შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.6 პროცენტული პუნქტით. ასევე, დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.8 პროცენტული პუნქტით,”- ნათქვამია დოკუმენტში. 

,,ბიზნეს-რეზონანსმა“ სპეციალისტებს ჰკითხა, რეალურად როგორია არსებული ფონი და რა შეიძლება იყოს გამოსავალი. აკადემიკოსი, პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ სიღარიბე სასურსათო უსაფრთხოების განუხორციელებლობის ძირითადი მიზეზია.

,,ქვეყანაში სოციალური მდგომაროება ძალიან მძიმე რომ არ იყოს, “საქსტატი” ამ მონაცემს არც კი გაასაჯაროებდა. ყველამ იცის, რომ გაიზარდა ქვეყანაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ისედაც ვიცოდით, რომ ყოველი მეხუთე ჩვენი თანამოქალაქე აღებული ვალით იკვებებოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი ბევრად გაუარესებულია. 

უმძიმესია სიღარიბის მაჩვენებელიც და მიუხედავად ამისა, სტატისტიკის სამსახური ჯიუტად არ ცვლის საარსებო მინიმუმს და აგრძელებს გაუგებარი მეთოდიკით თვლას. არადას რეალურად მინიმუმი უკვე 560 ლარია. უნდა გავიგოთ რომ სიღარიბე სასურსათო უსაფრთხოების განუხორციელებლობის ძირითადი მიზეზია. სამწუხაროდ, ეს არ ესმის ხელისუფლებას“, – განაცხადა კოღუაშვილმა.

აკადემიკოსი, გამოეხმაურა ნამოხვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტსაც. მთავრობის ხისტი პოზიცია, კოღუაშვილის აზრით, დაუსჯელი არ დარჩება და ყველას თავის დროზე პასუხი მოეთხოვება.

,,ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ მიწას გაყიდის და იქედან  აღებული ფულით გააუმჯობესებს მდგომარეობას, რაც ძალიან მძიმედ დამთავრდება. ეს პროცესი უნდა შეაჩერონ. ამით სასიცოცხლო არეალს ამცირებენ. სწორედ ეს მოხდა ნამოხვანის შემთხვევაში. მთავრობის წევრებს არ ესმით, ამ პროტესტის მნიშვნელობა. 

სოფლის მოსახლეობა არ იღებს მონაწილეობას არც ერთ მნიშვნელოვან საკითხში და ტერიტორიულ ერთეულადაც კი არაა გამოცხადებული. ამის გამოა, რომ ჩინოვნიკს, რომელიც ზის ეკონომიკის სამინისტროში, როცა მოუნდება, მაშინ ასხვისებს ამა თუ იმ ტერიტორიას. ეს ყოვლად დაუშვებელია და დიდ დაპირისპირებამდე მიგვიყვანს.  

ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ნამოხვანში პრობლემა ჰესია? პრობლემა არის მიწა და ის რესურსები, რომელიც იმ გეოგრაფიულ არეალზეა. მეცოდებიან ეს მემარჯვენე ანარქისტები, რომლების ახლა ერთ ხმაში ლაპარაკობენ, რომ მიწის გაყიდვა ნორმალურია.  

ხაზგასმით მინდა ვთქვა, ნამოხვანი მეგრული, კოლხური ტერმინია და დალოცვილს ნიშნავს. ეს ტერიტორია დაცული იქნება აუცილებლად ეზოთერული ძალების მიერ, თუმცა  ამის გაგება ჩვენს პოლიტიკურ სპეტრს უჭირს. რასაც ისინი ახლა აკეთებენ, დაუსჯელი არ დარჩება. ეს ვანდალიზმია და მეტი არაფერი“, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” აკადემიკოსმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნებისა და ტერიტორიების უმუშევრობის დონეა აღწერილი. საქართველო სავალალო მაჩვენებლით მსოფლიოში მეათე ადგილზეა. სწორედ ესაა სიღარიბის სათავე.

„საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი მაინც არის სიღარიბის ზღვარს მიღმა“ – ასე შეაფასა კავკასიის უნივერსიტეტის დეკანმა სტატისტიკური მაჩვენებლები.

„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები განსაკუთრებით არიან 0 დან 17 წლამდე ასაკის ჭრილში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მე-4 ბავშვი მაინც არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, რაც კატასტროფულია ჩვენთვის. ცხადია, ამ პრობლემიდან მარტივი გამოსავალი არ არსებობს. ქვეყანა უნდა ხემძღვანელობდეს გაწერილი სტრატეგიითა და პოლიტიკით, თუ როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე. 

ჩვენი ქვეყანა ზოგადად, ღარიბია, ამას სხვა მაჩვენებლებიც მოწმობს, მაგალითად, ის, რომ საშუალო შემოსავალი ერთ მოსახლეზე 321 ლარია“, – განაცხადა  სოსო ბერიკაშვილმა.

სიღარიბესთან ბრძოლის ორი ძირითადი გზა არსებობს, პირველი არის ეკონომიკის სწრაფი განვითარება და სამუშაო ადგილების ზრდა, რასაც თავის მხრივ, მოჰყვება მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. რა თქმა უნდა, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ბევრად ეფექტურიც. გარდა ამისა, სიღარიბის შემცირება შესაძლებელია სოციალური ტრანსფერების (ფულადი დახმარებების) ზრდითაც, რომელსაც უფრო სწრაფი ეფექტი აქვს. თუმცა, ამ შემთხვევაში მოსახლეობის ის ნაწილი ვინც სიღარიბეს ამ გზით (სოციალური დახმარებით) აღწევს თავს, რჩება მოწყვლად ჯგუფად და მაინც გაღარიბების რისკის ქვეშაა.
rezonansi.

კომენტარები ფეისბუქიდან