სკანდალური ისტორია – რატომ გააფორმეს ინსულტით გარდაცვლილი ქალი კოვიდპაციენტად?!

ირინე გოგოსაშვილი

არავინ დაობს იმაზე, რომ კოვიდ 19 მართლაც ვერაგი ვირუსია, მაგრამ როგორც უცხოეთში მოღვაწე ჩვენი ექიმები სოციალურ ქსელ ფბ -ში წერენ, ამხელა სიკვდილიანობა არა კოვიდის, არამედ არასწორი პროტოკოლის, დაგვიანებული მკურნალობისა ბრალია!
თუკი მთელ მსოფლიოში შემცირდა სიკვდილიანობა, მაშ, რატომ იმატა საქართველოში?
დღეში 80-მდე ადამიანის გარდაცვალება, ისედაც მცირერიცხოვნი საქართველოსთვის კატასტროფის ტოლფასია და როგორც საქმეში ჩახედული აქაური დამსახურებული ექიმებისგან მსმენია – ეს გამოწვეულია იმ სამსახურების უპასუხისმგებლობით, რომლებიც თავდახრილი იღებენ ნებისმიერ დირექტივას, ოღონდაც უვიცი ხელმძღვანელი პირებისგან!

საზოგადოება პანიკაშია, ყველა საინფორმაციო გადაცემა იწყება სიკვდილის სტატისტიკით, ნეგატივით, ყველა სატელევიზიო არხი განსაკუთრებული მონდომებით გაჰყვირის იმ შემზარავ ციფრებზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროდან მოიპოვებენ, მაგრამ გარკვეულ ჯგუფებში ჩნდება ეჭვი – რამდენადაა ეს ციფრები სანდო?

რასაც ახლა წაიკითხავთ, ეს არ გახლავთ მოგონილი ისტორია, ეს ნამდვილად ხდება რიგ საავადმყოფოებში და ამის შესახებ ,,ალიას“ რუსთაველი ქალბატონი მზია ნარიმანაშვილი ღიად და დაუფარავად უყვება!

-გისამძიმრებთ ქალბატონო მზია დედის გარდაცვალებას! თქვენ სოციალურ ქსელში წერდით, რომ დედაქვენი ინსულტით გარდაიცვალა, მაგრამ საავადმყოფოში ბლანკზე გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება ეწერა, მოგვიყევით, რა მოხდა?

-მადლობა სამძიმრისთვის და მადლობა „ალიას“ იმისთვის, რომ ამ ყოვლად აღმაშფოთებელ ფაქტზე გამომეხმაურეთ!
ჩვენ რუსთავში ვცხოვრობთ, მე 6 მიკრორაიონში, მართალია ჩვენი სახლი არააა ეს ბინა, მაგრამ 22 წელი უკვე ამ მისამართზე ვართ და რეგისტრაციაც ამ მისამართზე გვაქვს! დედაჩემი ნანული ნარიმანაშვილი 81 წლის ჯანმრთელი ქალი იყო, მაგრამ ამდენმა გაჭირვებამ, ამხელა უარყოფითმა გარემომ თავისი გაიტანა და 1-ლ აგვისტოს, სკამზე მჯარმა ხელი უცნაურად გაიქნია, თავი გადააგდო და ახლოს რომ მივედი, თვალები მომაშტერა და მძიმედ სუნთქვა დაიწყო… მე მამაც ინსულტით გარდაცვლილი მყავს და ვიცოდი ვიზუალური გამოხატულება ამ დაავადების….. გამოვიძახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელის ექიმთა შემდგენლობას ახლაც ვეუბნები მადლობას, რადგან დედაჩემის გადაყვანა 112-ის სამსახურმა ბოლნისში უბრძანა და ამ ექიმებს ჩემი გაჭირვება რომ ავუხსენი, რომ არ მქონდა არანაირი მატერიალური რესურსი, ყოველდღე ბოლნისში მევლო მოსანახულებლად, ექიმების დახმარებითა და ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ნება დართეს რუსთავშივე, ცენტრალურ საავადმყოფოში გადაეყვანათ! მართლაც, სახლშივე გარკვეული სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში! ჩემი დედა ისეთი ჯანმრთელი და შემართებით სავსე ქალი იყო, ვიფიქრე გამოძვრება ამ მდგომარეობიდან-თქო, მაგრამ….
საავადმყოფოში მიყვანისთანავე გაუკეთეს სწრაფი ტესტი, პასუხი უარყოფითი კი იყო, მაგრამ პისიარ ტესტიც გაუკეთეს თავის დასაზღვევად, რომლის პასუხიც დილისთვის იქნებოდა მზად! დილას პისიარმაც უარყოფითი აჩვენა, ანუ დედაჩემს კორონა ვირუსი 2 ტესტით არ დაუდგინდა!!!

რადგან სხეულის ტემპერატურა ჰქონდა მომატებული, ეს როდი ნიშნავდა იმას, რომ კოვიდი ჰქონდა დედაჩემს, აქეთ-იქედან რომ მაგონებდნენ ისედაც გაგიჟებულ ქალს?

ჯერ ერთი, 27 ივლისსაც გავიკეთეთ ტესტირება მე და დედაჩემმა, დაზღვევას ვუკეთებდი და ისე ვინ შეგვიშვებდა სადმეე? მეორეც 6 თვეა, ჩემ შვილს არ ვუშვებდი სახლში, მოვიდოდა კარებთან დაგიტოვებდა რაც გვჭირდებოდა და მიდიოდა, მოხუცი ბებოსთვის ქუჩიდან და სამსახურიდან რომ არ მოეტანა ვირუსი….. ნუ, ისეთი დამთრგუნველი მზერით გვიყურებდა პერსონალი, თითქოს რამე დაგვეშავებინოს და ეს იყო ტერორი მზერით, ჩურჩულით….
დილით გაეხსნათ სახეები, პისიარის უარყოფითი პასუხი რომ მოვიდა, მაგრამ ისე ვინერვიულე, მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე და გეკითხებით, ისედაც დათრგუნულ ადამიანს ასე უნდა ექცეოდნენ საავადმყოფოშიი?

ყოველდღე დავდიოდი დედას სანახავად, მაგრამ 7 აგვისტოს დილით დამირეკეს საავადმყოფოდან, დედათქვენი გარდაიცვალა და მობრძანდით გადასასვენებლადო….

წავედით მე და ჩემი შვილი, მისი მეგობრებიც იქ იყვნენ…
ჩამოვიდა ახალგაზრდა თეთრხალათიანი ქალი, იქ სადაც დაცვა დგას, ერთგვარი გადაღობვაა სარკმელთან, დადო ფურცელი, რომლის ზედა მხარე ხელით ჰქონდა დაკავებულ-დაფარებული და მეუბნება, თუ ექსპერტიზას და გაკვეთას არ ითხოვთ, თუ საავადმყოფოსთან პრეტენზია არ გაქვთ, აი, აქ მომიწერეთ ხელი და გადაასვენეთ თქვენი მიცვალებულიო!
უკაცრავად გამოთქმისთვის და, ცოტა მუცლიანი ქალი ვარ, ვერ მივწვდებოდი იმ ადგილს სადაც მიმანიშნა ხელის მოწერა და ფურცელი ჩემსკენ ჩამოვწიე, უკეთ რომ დამენახა რა ეწერა და სად უნდა მომეწერა ხელი…
აი, ახლაც რომ გიყვებით, ნერვიულობისგან ვცახცახებ… ჩამოვწიე ფურცელი, დავიწყე კითხვა და რას ვხედავ?

,,კოვიდ განყოფილებაში გარდაცვლილი პაციენტი ნანული ნარიმანაშვილი და ა.შ. ა.შ…“ ეს რა არის, რაზე მაწრინებთ ხელს, დედაჩემს ინსულტი ჰქონდა, არ გრცხვენიათ ან როგორ ბედავთქოო? ავიღე ეს ქაღალდიანი პაპკა და დავახეთქე… ერთი სიტყვით დაიძაბა ვითარება და უნებურად დაცვის ბიჭისკენ გამეხედა, რომელიც თავს აქეთ-იქით აქნევდა და მწარე ღიმილი ჰქონდა სახეზე…. ეს ღიმილი კი, ალბათ, იმას ნიშნავდა, რომ მე არ ვიყავი პირველი, ვისაც ასე ექცეოდნენ!
ასე იყო თუ ისე, ამ ჩხუბისა და აურზაურის შემდეგ, ეს ექიმი თუ ექთანი, ვინც ხელს მაწერინებდა, ავარდა ზევით ყვირილით – შეგვეშალა ბლანკიო და ცოტა ხანში უკვე სხვა თეთრხალათიანი ჩამობრძანდა ბოდიშებით – ჩვენც ხალხი ვართ, გადავიღალეთ და აგვერია ბლანკები, გვაპატიეთო!!!

არც მათ დავაკელი სათქმელი, როგორ აგერიათ, დედაჩემი მე-2 სართულზე გეწვათ რეანიმაციაში, კოვიდიანები მე 3 სართულზე გყავთ და როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო-მეთქი?

გამოვვარდი გარეთ, ჰაერი აღარ მყოფნიდა ნერვიულობისგან და ამ ნერვიულობაში „კატაფალკაში“ რომ შევასვენეთ მიცვალებული, საავადმყოფოს ზეწრები გამოგვყვა… დავრეკეთ, უკან მოგიტანთ ან ფულს გადაგიხდით-თქო, მაგრამ არ დაიბრუნებს, არ არის საჭიროოო…

უარეს ამბავს გეტყვით… შარშან აგვისტოში, ჩვენი ყოფილი მეზობელი გარდაიცვალა მარის დასახლებაში კოვიდით. 4 დღე სახლში ესვენათ მიცვალებული და 4 დღე სამძიმარს იღებდა ეს ოჯახი იმდენი მომსვლელისგან და ეს არ იყო დანაშაული იმ ორგანოსი, ვინც ამ რეგულაციებს აწესებს და ახორციელებს?!

ანდა, რაც მოგიყევით კიდევ ერთი დასტური არაა იმისა, რომ კოვიდ სტატისტიკა შეგნებულად გაზრდილი იყოს, რათა უარესად დაგვზაფრონ ისედაც დაზაფრული ხალხი და თვითონ ამ გაზრდილი სტატისტიკით, საიდანღაც მილიონები მოიზიდონ?!
მე გავაპროტესტე, მაგრამ ხომ შეიძლება ისე მომეწერა ხელი გამწარებულ ჭირისუფლს, ვერც დამენახა რა ეწერა ბლანკზეე?
რამდენია ისეთი გამწარებული ოჯახი, რომლისთვისაც ბლანკზე რა წერია, იმის წასაკითხად არც ნერვები აქვს და არც დრო იმიტომ, რომ გარდაცვალება ერთია და მიცვალებულისთვის აუცილებელი და სასწრაფოდ გასაკეთებელი უამრავი რამ?!
მათ სინდისზე იყოს, ვინც ასე იქცევა, ღმერთი მაღალია და მჯერა, მოვა იმის დრო, როცა ამ აფიორებისთვის ყველას მწარედ მოჰკითხავს ამოდენა ცოდვას!!!
იმათაც მწარედ მოჰკითხავს, ვინც ჩემს ფეისბუქგვერდზე, ტროლს და მატყუარას მეძახის იმ დროს, როცა სამძიმრის კომენტარებს მწერენ ახლობლები, ნათესავები და ჩემი სახელ-გვარიც გარკვევით წერია პროფილზე!

–ნუ ნერვიულობთ, მეც ვნახე ეგ კომენტარები, ნუ მიაქცევთ ყურადღებას მასეთებს… კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, გაკმაროთ ღმერთმა!

“ალია” დაუკავშირდა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს პაპუნა ბახტაძეს და ვკითხეთ მას, ხშირია, თუ არა შემთხვევა, როცა ექიმს შეიძლება შეეშალოს გარდაცვალების მიზეზის დაწერა. ბატონმა პაპუნამ გვიპასუხა, რომ ბევრი პაციენტი ჰყავთ, რომ გარდაცვალების პროცენტი დაბალი აქვთ და ნანული ნარიმანიშვილის შემთხვევას ასე ვერ გაიხსენებს, თუმცა, იქვე ივარაუდა, რომ იქნებ, მერე დაუდასტურდა პისიარ ტესტით ვირუსი.

ვუთხარით, რომ ოჯახის თქმით, მისი პისიარ ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და ის საერთოდ არ წოლილა კოვიდ განყოფილაში. ბატონ პაპუნას შევთავაზეთ, რაკი არ ახსოვს ეს შემთხვევა, იმასთან გადავემისამართებინეთ, ვისაც ახსოვს, ან გაეკითხა და მოგვიანებით ეთქვა პასუხი. გვიპასუხა, რომ “ასე რა გაიგოს ვინ ვარ საერთოდ” და რომ პირადად უნდა ჩავიდეთ და ადგილზე გვეტყვის პასუხს.

შევახსენეთ, რომ პანდემიაა ქვეყანაში და თუ აუცილებლობა არაა შეხვედრის, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ შეხვედრებს, მით უფრო კლინიკაში, მით უფრო, როცა ამის საჭიროება არ არის.

-სულ არ დაგელაპარაკები ახლა რააა – მოგვაძახა ბატონმა პაპუნამ და გაგვითიშა.