რუსეთი 9 მაისით, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეები 8 მაისით მანიპულირებენ – ეს არის ჩვენი ვეტერანების გამარჯვების დღე და მათი გამარჯვების დღე უნდა აღვნიშნოთ და არა ის დღე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე იყოს ხელსაყრელი.

რუსეთი 9 მაისით, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეები 8 მაისით მანიპულირებენ – ეს არის ჩვენი ვეტერანების გამარჯვების დღე და მათი გამარჯვების დღე უნდა აღვნიშნოთ და არა ის დღე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე იყოს ხელსაყრელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პატივი მივაგოთ როგორც გარდაცვლილებისა და დაღუპულების ხსოვნას, ასევე ცოცხალ ვეტერანებს, რომლებიც გვყავს, გავუფრთხილდეთ.

„რაც შეეხება თარიღებს, სამწუხარო რეალობაა დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიის მიერ მოტანილი. რა თქმა უნდა, რუსეთი 9 მაისით მანიპულირებს და რა თქმა უნდა, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეებიც 8 მაისით მანიპულირებენ, საერთო ჯამში. 9 მაისი არის იმ ხალხის დღე, რომელთან ერთადაც დღეს ვართ, ამ სკვერში. ადამიანების, რომლებმაც ეს გამარჯვება მოიტანეს. ეს არის მათი დღე, ის დღე, როცა ისინი ზეიმობენ. სხვა ყველაფერი ამის გარშემო არის თარიღის ინსტრუმენტალიზირება და დატვირთვის მიცემა თარიღებისთვის. მთავარია ჩვენს ვეტერანებს ვცეთ პატივი და ამ დღის მიმართ მათ დამოკიდებულებას. ეს არის მათი გამარჯვების დღე და მათი გამარჯვების დღე უნდა აღვნიშნოთ და არა ის დღე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ხელსაყრელი.

რაც შეეხება გამოწვევას, რომელიც კაცობრიობას ჰქონდა, მანამდეც არაერთხელ ისტორიულად, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროსაც იყო მომენტი, როცა მთელი კაცობრიობა აღუდგა ფაშიზმს და შესაბამისად, დაამარცხა. რა თქმა უნდა, ეს გამოწვევები რჩება ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა სიმძაფრით ვლინდება. მართალია, ეს ბრძოლა იმ მომენტში იქნა მოგებული, მაგრამ ომი ბოროტისა და კეთილის ყოველთვის გრძელდება. მნიშვნელოვანია ამ კუთხით ყურადღება არავინ მოადუნოს და ყველა იყოს მზად იმისთვის, რომ კეთილსა და ბოროტს შორის იქნება ასეთი ბრძოლა-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ipn.ge.